ახალი მოხალისეები - კვირის პალიტრა

ახალი მოხალისეები

საქართველოში არსებობს იმ ადამიანების მოზრდილი ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას წინაპრებისგან განსხვავებულად აღიქვამს. ეს ჯგუფი თანდათანობით გაჩნდა, მათი მსოფლმხედველობა დახვეწილია და არაა ადვილი გამოსარჩევი, მაგრამ ვეცდები აღვწერო.

როგორც წესი, ისინი არ ცდილობენ ერთ კონკრეტულ ჯგუფთან იყვნენ ასოცირებული და ეჭვის თვალით უყურებენ იარლიყებს. მათ სიახლეების მოსინჯვა იზიდავთ, პატივს სცემენ ახალ იდეებსა და ძველი პრობლემების ახლებურად დანახვას. ზოგადად, წინ უფრო იყურებიან ვიდრე უკან. სწავლაზე მეტად კეთება უნდათ და ქმედებას უფრო აფასებენ ვიდრე სიტყვებს. ისინი მზად არიან სცადონ ისეთი რამის კეთება, საიდანაც კონკრეტულ და ხელმოსაკიდ მოგებას ვერ ნახავენ. მათზე არ ახდენს შთაბეჭდილებას ძველი მაღალი სტატუსის მქონე დაწესებულები, რომლებსაც ისინი არ ენდობიან და მიილტვიან ახალი, უფრო მოქნილი და ნაკლებად იერარქიული ინსტიტუციებისკენ. მათი ორგანიზაციები როგორც წესი ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული რომლებმაც ზუსტად იციან საკუთარი დანიშნულება, მაგრამ არავინ იცის, ვინ მართავს მათ. როგორც ყველას, მათაც უნდათ ფულის გაკეთება, მაგრამ სხვა მიზნებიც ამოძრავებთ და მათ ყურადღებას არ იპყრობს სხვადასხვა სამსახურის საზოგადოების მიერ განსაზღვრული სტატუსი. ისინი ყოველთვის მზად არიან სიახლეებისთვის და მხოლოდ გონებადახშულობასა და ორპირობას განსჯიან მკაცრად.

ამ ადამიანებს უარყოფითი რეაქცია აქვთ მათ მიმართ, ვინც პოლიტიკურ, ან სხვა სახის ჯგუფთან ახდენს იდენტიფიცირებას. გუნდურ და უპირობო ერთგულებას სისუსტედ უფრო თვლიან, ვიდრე სიძლიერედ და ამიტომაც, არ ინტერესდებიან პოლიტიკის იმ წესებით, რომლებიც საქართველოშია დამყარებული, რაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონკურენციასა და შუღლს მოიცავს. ისინი მზად არიან იაქტიურონ, მაგრამ მხოლოდ იმ ძალიან პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებსაც პირადად მათთვის აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკის წინააღმდეგნი სულაც არ არიან, უბრალოდ თვლიან, რომ ის დღესდღეობით უაზრო, სასაცილო და სევდიანია. ერთმანეთის ლანძღვას არად აგდებენ.

ადრე ქართველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დაწესებულებებისა და სამსახურების სტატუსს. ადამიანები მუშაობდნენ კორუმპირებულ, უაზრო დაწესებულებებში მინიმალურ ხელფასზე მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახური ჰქონოდათ, სადაც ყოველდღე ივლიდნენ. მერე თანდათან ხალხმა ხელფასის მოთხოვნა დაიწყო, მაგრამ იშვიათად თუ იმუშავებდა ვინმე მოხალისედ, ან საერთო პროექტზე ანაზღაურების გარეშე. ეს ახალი ჯგუფი კი იმ ორგანიზაციებისკენ მიილტვის, რომლებიც მეტს აკეთებენ და ნაკლებს ლაპარაკობენ და რომლის მიზნებიც უფრო მკაფიოა, ვიდრე მმართველობა. ისინი არ ღელავენ იმის შესახებ, თუ ვინ არის უფროსი, არ აწუხებთ სამსახური რომელიც დაბალ სტატუსად იყო მიჩნეული და არ ექცევიან მაღალ სტატუსად მიჩნეული სამსახურების შთაბეჭდილების ქვეშ.

წინათ ბევრ ადამიანს სამსახურის ქონა, ანაზღაურების გარდა, იმისათვის უნდოდა, რომ სახლიდან გასულიყო და თავი აერიდებინა ერთი და იგივე ადამიანებთან ერთად ერთსა და იმავეზე ლაპარაკისთვის. იმითაც კმაყოფილდებოდნენ, რომ ყოველდღიურად ადგილმდებარეობის შეცვლის საშუალება ჰქონოდათ. ახლა მეტის მოთხოვნილება გაუჩნდათ. მათ უნდათ აკეთონ, ააშენონ და ახალი გამოცდილება მიიღონ და ამის საშუალებებს ეძებენ. მათ ნამდვილი საზოგადოება უნდათ. ისინი ცდიან ბედს რაიმე ახლის კეთებაში მხოლოდ იმისთვის, რომ ნახონ როგორ გამოუვათ, იმუშავებს თუ არა, გამოიწვევს თუ არა ცვლილებებს, როგორც წესი, ცვლილებებს, რომლებიც ძალიან პრაქტიკულია და რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია. საინტერესოა ის, რომ ხშირად ეს ადამიანები არ არიან დაინტერესებულნი არასამთავრობო სექტორით და იმ ახალი ენითა და დაბნეული საერთაშორისო ლექსიკონით, რომელსაც ეს სექტორი იყენებს.

ეს ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ერთმანეთს ჰგვანან, ან ერთნაირად იცმევენ, არამედ იმიტომ, რომ სხვების ამოცნობაა ადვილი, მათი ვინც ზედმეტად ღელავს საკუთარი და სხვისი გარეგნობის შესახებ. მათ შორის ბევრს უმოგზაურია, ან უცხოვრია საზღვარგარეთ, მაგრამ ყველას არა. ისინი ლაპარაკობენ უცხო ენებზე და სიამოვნებით თანამშრომლობენ არა-ქართველებთან. ერთმანეთს ისეთ ადგილებში ხვდებიან ,რომლებიც არც ისე პოპულარული, მაგრამ მშვენიერი და იაფია. დონორებისა და მთავრობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები ძვირიან სასტუმროებში მათ სტილში არ ჯდება.

მათი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან დემოგრაფიას წარმოადგენდეს, მაგრამ ისინი მეტ პოლიტიკურ გავლენას ახდენენ, ვიდრე სხვა მსგავსი ზომის ჯგუფები და თანდათან მათი რაოდენობა იზრდება. მიმდინარე პოლიტიკურ სტრუქტურას არ აქვს ხელმოსაჭიდი გზა, რომლითაც ამ ჯგუფის ყურადღებას კალაპოტს მისცემდა, მაგრამ მომავალში, ეს ჯგუფი თავად გახდება სოციალური და ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური ძალა, რომელიც წინ წაუძღვება ქართული საზოგადოების გარდაქმნას.

საკითხავი მხოლოდ ესაა: როდის?

მარკ მალენი