ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო - კვირის პალიტრა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გრძელი და ყველაზე ძვირი კამპანიაა მსოფლიოში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. ამ სტატიაში მოვყვები კანდიდატების, მათი შანსების და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულის გამარჯვებას საქართველოსთვის.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დიდი ალბათობით ჰილარი კლინტონი იქნება. ის 2008 წელს, შიდა პარტიული არჩევნების დროს, ობამას წინააღმდეგ რთულ კამპანიაში მონაწილეობდა და დამარცხდა. როცა ობამამ უკვე საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, ჰილარი მის ადმინისტრაციას, როგორც სახელმწოფო მდივანი, ისე შეუერთდა.

ის გამოცდილი და მეტად პატივცემული კანდიდატია, ახლა კიდევ უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე 2001 წელს, როდესაც მის მეუღლეს ბილ კლინტონს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა. მედიამ უკვე იმდენი იცის ორივეს შესახებ, რომ რაიმე სკანდალის გამოძებნის უმცირესი შანსიც კი აღარ არის. მის გარდა, კიდევ რამდენიმე შესაძლო დემოკრატი კანდიდატია, უმეტესად მემერცხენე მხარეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ცხადად ჩანს, რომ ქალბატონ კლინტონს ვერ მოუგებენ. უკონკურენტო შიდა არჩევნებს თავისი უპირატესობები აქვს, განსაკუთრებით საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფულის დაზოგვის თვალსაზრისით.

რესპუბლიკურ პარტიას სამი მთავარი არაფორმალური ფრაქცია აქვს. მათ შორის ყველაზე პატარა "ლიბერტარიანელებია". მათ პატარა მთავრობის სჯერათ, ე.წ. დანამატ ჯგუფად მიიჩნევიან და მემარცხენე-მემარჯვენედ დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში არ ჯდებიან. მათმა კანდიდატმა რენდ პოლმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ის კენტუკის შტატის სენატორია. მამამისმა, რომელიც ასევე ლიბერტარიანელია, როგორც რესპუბლიკელების კანდიდატმა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და შიდა არჩევნებში დამარცხდა.

მეორე ჯგუფი "თი ფართია". ეს არაფორმალური ჯგუფი 2007 - 2008 წლის რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიის დროს დაარსდა. ის ძირითადად ქვეყნის შუა შტატებისა და პერიფერიებში მცხოვრები, ნაკლებად განათლებული, თეთრკანიანი კაცებისგან შედგება. ჯგუფის ბირთვი ის ხალხია, რომლებსაც მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჰქონდათ, მაგალითად, ქარხნებში და რომლებიც მას შემდეგ აღარ მუშაობენ, რაც ინდუსტრიულმა წარმოებამ აღმოსავლეთ აზიაში გადაინაცვლა. მათ შორის ბევრი დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ პრეზიდენტი აფრო-ამერიკელია. მათი პოლიტიკა არა თანმიმდევრულია. მათ ძირითადად აერთიანებთ ობამასთან ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ასევე ერთიანდებიან რამდენიმე პროგრესული პოლიტიკური იდეის წინააღმდეგაც, მაგალითად, ეწინააღმდეგებიან ემიგრაციას. მათი დისკურსი იმ იდეის გარშემო ტრიალებს, რომ ამერიკა "დომინერებული" სახელმწიფოა. "ლიბერტარიანელებისგან" განსხვავებით, ეს ის ჯგუფია, რომელიც განზოგადებული მღელვარების საპასუხოდ დაარსდა და არა რაიმე სპეციფიკური რაციონალური პოლიტიკის გატრების მიზნით. პირველი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გამოხატა სწორედ ამ ჯგუფიდანაა. მას ტედ კრუზი ჰქვია და ის ტეხასის სენატორია.

მესამე ჯგუფი იმათგან შედგება, ვისაც მდიდარ, თეთრ კაცებს ვუწოდებთ. ისინი დიდი ბიზნესის მხარდამჭერები არიან. 2010 წელს მიღებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რომელსაც "გაერთიენებული მოქალაქეები" ჰქვია და რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიების დროს განუზომელი რაოდენობის ფულის მიღების საშუალება დაუშვა, გამოჩნდა რამდენიმე უკიდურესად მდიდარი პიროვნება, რომელიც მილიონობით დოლარს აძლევს იმ კანდიდატებს, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებენ. ეს ჯგუფი წლებია მხარს უჭერს იმ სულისკვეთებას, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მმართველ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკოსებს გააჩნიათ. მათ "ლიბერტარიანელებისა" და "თი ფართის" ეშინიათ და ალბათ საკუთარ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ჯებ ბუში - ექსპერზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ძმა იქნება. ვერ იტყვი, რომ მათ რეალური იდეოლოგია აქვთ, მათ უბრალოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ და საკმარისი დაფინანსება აქვთ იმისათვის, რომ პროცესებზე გავლენა მოახდინონ და მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, დანარჩენი ორი ჯგუფიდან ხმები მიიღონ.

ბევრი ეცდება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდემტო კანდიდატობის მოპოვებას, რადგან მოედანი ღიაა და კონკრეტული კანდიდატი ჯერ არ იკვეთება. არ არის ცხადი თუ ვინ მოიგებს რესპუბლიკელების შიდა არჩევნებს... მაგრამ ტრადიციულად ასეთი ხანგძლივი პროცესისა და დისკუსიის შემდეგ, როგორც წესი, მდიდარი თეთრკანიანი კაცები აკეთებენ არჩევანს, რადგან ფული მათ აქვთ. 2012 წელს მათი კანდიდატი იყო მიტ რომნი, რომელიც ხანგძლივი და კონკურენტული შეჯიბრების შედეგად რესპუბლიკელების კანდიდატი გახდა, მაგრამ საერთო არჩევნების დროს ობამასთან მწარედ წააგო.

ესპუბლიკელები, როგორც წესი, ისეთ მესიჯს აგზავნიან, სადაც აზრები იყოფა, ხოლო დემოკრატები გამაერთიანებელ მესიჯს სწევენ წინ. კლინტონის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვიდა ვიდეო, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩენს განსხვავებულ ჯგუფებს: ახალგაზრდებს, მოხუცებს, ჰომოსექსუალებს, ჰეტეროსექსუალებს, კაცებს, ქალებს, სხვადასხვ რასისა და ფერის წარმომადგენლებს... ამავდროულად, ობამა დემოკრატიული პარტიისგან განყენებულად აღიქმება, ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც რესპუბლიკელების მიერ არის წაქეზებული, პირადად მის წინააღმდეგაა და არა დემოკრტიული პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ, სავარაუდოდ, ამას ნაკლებად ნეგატიური შედეგი ექნება კლინტონისთვის. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება!

კლინტონი საქართველოში ნამყოფია და ქვეყანას და მის პრობლემებს კარგად იცნობს. მას ობამასგან განსხვავებით, ე.წ. ქორის რეპუტაცია აქვს, ანუ ის ყოველ სიტუაციაში მშვიდობას არ ამჯობინებს ომს, და როგორც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამერიკაში, ისიც ღრმა ეჭვით უყურებს პუტინს. ის ყოველთვის მხარში ედგა უკრაინას, განსაკუთრებით რუსეთის შეჭრის შემდეგ.

რესპუბლიკირი პარტიის გამარჯვების შედეგი საქართევლოსთვის შეიძლება ნაკლებად შედეგიანი იყოს. მათ სავარაუდო კანდიდატთაგან ცოტა ყოფილა საქართველოში და ისინი როგორც წესი, უფრო ადგილობრივ პრობლემებზე კონცენტრირდებიან და არა საერთაშორისოზე. ტრადიციულად რესპუბლიკელებს უფრო საომარი განწყობა აქვთ, მეტი ალბათობაა, რომ ისინი ომს წამოიწყებენ, დემოკრატებისგან განსხვავებით, რომლებიც ბოლო დროს ომებს ამთავრებენ... ზოგადად დემოკრატებს უფრო გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია აქვთ და მოკავშირეებთან უფრო შეთანხმებულად მოქმედებენ, განსაკუთრებით კი - ევროკავშირთან. ეს საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან მომგებიანი უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კარგი და ურყევი ურთიერთობები თავად ამ ორ მხარეს შორის.

მარკ მალენი

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია