კონფედერაციული დროშები საქართველოში
31-07-2015
კონფედერაციული დროშები საქართველოში
თბილისში არა ერთი კონფედერაციული დროშა მინახავს - ამერიკიდან ჩამოყვანილ ნახმარ მანქანაზე, აქა-იქ მიკრული სტიკერის სახით და მაღაზიაშიც კი, სადაც ის სხვა დროშებთან ერთად იყიდებოდა.

შტატებში დროშების სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ მიუხედავად საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული დიდი მანძილისა და სრულიად განსხვავებული ისტორიისა, ამ დამოკიდებულებაში საერთოს გამონახვაც შესაძლებელია.

რასიზმის პრობლემა, როგორც ყველგან, ასევე ამერიკაშიც მწვავედ დგას, მაგრამ ამერიკულ საზოგადეობაში მას უფრო მკვეთრი აღქმა აქვს, ვიდრე სხვაგან. ისეთ ადამიანთა რიცხვი, ვინც
ღია რასისტული განცხადებებით გამოდის, სულ უფრო მცირეა, მაგრამ ინსტიტუციონალური რასიზმი კვლავაც ძლიერია. არა ერთი კვლევა ჩატარებულა და მათ შორის, სამუშაო ადგილებზე ადამიანთა რეზუმეების მონაცემებზე დაყრდნობითაც. ასეთმა კვლევამ აჩვენა, რომ ევრო-ამერიკული ჟღერადობის სახელთა მატარებლები უფრო ხშირად ეწყობიან სამუშაოზე, ვიდრე აფრო-ამერიკული ჟღერადობის სახელთა მატარებლები.
ეს ისე, მაგალითისთვის.

ეს ყველაფერი მონათმფლობელობის მემკვიდრეობაა. ამერიკის შეერთებული შტატებში მოსახლეობის ამჟამინდელი განსახლება, თავის დროზე არაორგანიზებულად წარმართული პროცესის შედეგია. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ კონტინენტს ხალხის დიდი მასა მოაწყდა - უკეთესი მომავლის იმედით და რამდენიმე წლიან მონობაზე თანხმობით, რაც გულისმობდა იმას, რომ ვიღაც იხდიდა ატლანტიკის ოკეანზე მათი მგზავრობის საფასურს, ხოლო ესენი კი, თანახმა იყვნენ, რამდენიმე წელი უსასყიდროდ ემუშავათ.

როდესაც პლანტაციები გაიზარდა და შემოსავალმაც საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებით კი სამხრეთ შტატებში, აფროამერიკელთა მონობას კანონის სახე მიეცა. და იმ დროისთის, როდესაც ქვეყნიერებას ამერიკის შეერთებული შტატები მოევლინა, ეს იყო ყველაზე ამორალური ასპექტი. ეს სამხრეთული შტატების ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა, რადგან განსხვავებით ჩრდილოეთის შტატებისგან, აქ ინდუსტრიალიზაცია ან საერთოდ არ მიმდინარეობდა, ან დაბალი ტემპით.

ყველაფერი კი სისხლიანი სამოქალაქო ომით დასრულდა, თუმცა ინსტიუტუციონალური რასიზმი არსად გამქრალა.

1950-60 წლებში სამოქალაქო მოძრაობამ, აფრო-ამერიკელთა უფლებების დაცვისას, ბრძოლის ხანგრძლივი გზა განვლო, თუმცა იმ თეთრკანიანთა რიცხვი, ვინც თანასწორობის კანონის ძალით დამკვიდრებას ეწინააღმდეგებოდა, არ იყო მცირე. ამ თავის დამოკიდებულების გამოსახატავად, ისინი კონფედერაციის დროშას იყენებდნენ. 1980 წლიდან, თანაბარუფლებიანობამ პოციზიების დათმობა დაიწყო და დღესაც, უამრავი აფრო-ამერიკელი ცხოვრობს სიღარიბეში. ხოლო ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში ფერადკანიანთა რიცხვი საგრძნობლად ჭარბობს თეთრკანიანთა რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მობილური მოწყობილობებისა და სოციალური მედიის პირობებში სულ უფრო მზარდია ისეთი ვიდეომასალების რაოდენობა, რომელიც პოლიციელთა მხრიდან აფრო-ამერიკელთა უფლებების უხეშ შელახვას ასახავს, რაც მწუხარებასა და იმედგაცრუებას იწვევს.თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე რაიმე ახალ პრობლემასთან გაქვს. არა, უბრალოდ ის დღეს ბევრად აშკარაა, ვიდრე ოდესმე.

მიმდინარე წლის 17 ივნისს, სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთ აფრო-ამერიკულ ეკლესიაში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე დილან რუფი შევიდა და მას შემდეგ, რაც იქ ერთი საათი დაჰყო, ამოიღო პისტოლეტი და 9 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. დღეს ამერიკაში იარაღის შოვნა ძალიან ადვილია და ამ ტიპის დანაშაულიც ხშირია, მაგრამ ეს განსაკთრებით ცივსისხლიანი მკვლელობა იყო. და ამ დროს, როდესაც სამხრეთ კაროლინაში ეს ტრაგედია ტრიალებდა, კაპიტოლიუმის მიმდებარედ კონფედერაციის დროშა ფრიალებდა - ორიოდ დღეში, ის სამუდამოდ ჩამოხსნეს.

საბოლოო ჯამში, იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნული დროშა დღესაც ძლიერი სიმბოლოა შტატებში. მსოფლიოს არა ერთ ადგილას საბჭოთა კავშირის, ან ნაცისტური გერმანიის დროშა ბევრს არ ნიშნავს, ან შეიძლება მათ შეხედონ ირონიულად, ანდაც შორიდან. მაგრამ სხვაგან მათ ფარული მნიშვნელობა აქვთ და რისხვას, დანაშაულს, ან მწუხარებას გამოხატავენ. ეს ჩემთვის იგივეა, რაც კონფედერაციული დროშაა, მაშინაც კი როდესაც მას თბილისში ვხედავ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანძილით ვარ დაშორებული ჩემს ქვეყანას.

როგორც ვილიამ ფალკნერმა ბრძანა, "წარსული არასდროს არ არის მკვდარი. ის არც არის წარსული". ჩვენი ისტორია ჩვენთან ცხოვრობს და მისი არაღიარებით პასუხისმგებლები ვხდებით. აშშ-მა სრულად არ აღიარა მონობა, როგორც ჩვენი ისტორიის ფაქტი, როგორც ერმა, არც ჩვენ ვაღიარეთ ის, როგორც ჩვენ სულებში დალექილი რამ. აფრო-ამერიკელთა და სხვა ამერიკელთა მიმართ უთანასწორობა, რომლის მომსწრენიც ჩვენ დღეს ვართ, ამის გამოხატულებაა. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ ეს მტკივნეულად უნდა აღვიქვათ და ამ საკითხთან მიმართებაში პატიოსნება გვამრთებს. ვისაუბროთ უფრო მეტი, ვიდრე ახლა და მოვიხადოთ გულწრფელი ბოდიში - ეს იქნება რეალური მნიშვნელობის მატარებელი. მე სულაც არ მაქვს მხედველობაში, რომ მხოლოდ მონობაა ამრიკის ისტორიის შავი და სამარცხვინო ლაქა - სხვაც ბევრი რამ ჩაგვიდენია და მათ შორის ბოლო დროსაც.

ქართველები არ ხართ ვალდებულნი სერიოზულად მიიღოთ კონფედერაციის დროშა, როგორც სიმბოლო. ეს არ არის თქვენი ისტორია, ეს ჩემი ისტორიაა. მე, უბრალოდ, მსურს იცოდეთ, თუ რას ვგრძნობ, როდესაც ამ სიმბოლოს საქართველოში ვხედავ. ვამჩნევ იმასაც, რომ ქართველისთვის ეს სიმბოლო აშკარად არაა იმ დატვირთვის მატარებელი, რასაც ის ჩემთვის ატარებს.

ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდნენ ის სიმბოლოები, რომლებიც ქართველებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაახსენებდათ. შესაძლოა, ამ მასშტაბის შეცდომები მხოლოდ დიდ ქვეყანათა ხვედრია, მაგრამ მაინტერესებს - არსებობს რაიმე ისეთი, რასაც წარსულში ჰქონდა ადგილი და რის დამალვასაც ქართველები ცდილობენ?

რაიმე სიმბოლო არსებობს, რომელიც ამას უკავშირდება?

რა არის  ისეთი, რაც აღიარებული უნდა იქნას და გამოსყიდულიც, თუნდაც ისეთივე გზით, როგორსაც კონფედერაციის დროშა მოითხოვს ჩემგან.


მარკ მალენი

რედაქტორის რჩევით