"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - აგვისტოს ახალი სიურპრიზი - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ს ახრჩობენ - აგვისტოს ახალი სიურპრიზი

როცა ხელისუფალთ სურთ, მათი განზრახვა რაც შეიძლება, ცოტამ შენიშნოს, განცხადებას გვიან ნაშუადღევს აკეთებენ. საღამოს ახალ ამბებში ფაქტის გაშუქება ვეღარ ესწრება, მეორე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის კი ამბავი უკვე მოძველებულია. თუ შესაძლებლობა აქვთ, სულაც პარასკევს გააკეთებენ განცხადებას, ვინაიდან შაბათ-კვირას ახალ ამბებს ნაკლები მაყურებელი ჰყავს. ამას სულაც არდადეგების დროს გაკეთებული განცხადება ურჩევნიათ. აგვისტო საქართელოშიც და დიპლომატიურ წრეებშიც არდადეგების დროა. პაპანაქება სიცხის გამო თბილისი დაცლილია მოსახლეობის დიდი ნაწილისგან და უსიამოვნო სურპრიზის გასაკეთებლად ამაზე კარგი დრო რა უნდა იყოს! აგვისტოს სურპრიზები ხომ ყველას კარგად გვახსოვს!

"რუსთავი 2"-ში ყოველთვის იგრძნობოდა ქართული დემოკრატიის მაჯისცემა. 1994 წელს, როცა კომპანიამ მაუწყებლობა დაიწყო, ის უმალ იქცა შევარდნაძის ხელისუფლების თავის ტკივილად. რეაქციამაც არ დააყოვნა - შევარდნაძემ ტელეკომპანიაში ხან საგადასახადო ინსპექცია, ხან სხვა სახელისუფლებო სტრუქტურათა წარმომადგენლები შეუშვა, თუმცა ამაოდ. საბოოლოდ, 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს რამდენიმე რეგვენიც მიაგზავნა, რათა საერთოდ დაეხურათ კომპანია, მაგრამ "რუსთავი 2"-მა მთელი ეს სცენა პირდაპირ ეთერში აჩვენა და სრულიად საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ყოველივე რეალობაში ენახა. მეტრო დელისთან, იქ სადაც "რუსთავი 2"-ის" ოფისი გახლდათ განთავსებული, კომპანიის მხარდასაჭერად არაერთი მოქალაქე მივიდა. მათ მეორე დღეს პარლამენტთან შეხვედრა შესთავაზეს. ეს რამდენიმე ასეული ადამიანი, საკმარისი არ იქნებოდა სატელევიზიო სადგურის გადასარჩენად, მაგრამ, შემდეგ, ყველა საუნივერსიტეტო კორპუსებიდან, პარლამენტის მიმართულებით ათასობით სტუდენტი დაიძრა - ეს დიდი მასა იყო და ამან გაამართლა - ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და შევარდნაძის ხელისუფლებას რეალური ოპოზიცია გაუჩნდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის დახურვას ლამობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას "რუსთავი 2"-ს ბევრად ნაკლები გავლენა და პოპულარობა ჰქონდა, ვინაიდან იმას აშუქებდა, რაც სურდა ხელისუფლებას. "კურიერი" მოსაწყენი ხდებოდა და მაყურებლების ინტერესს სხვა არხები იპყრობდა, განსაკუთრებით კი, ბადრი პატარკაციშვილის "იმედი" , რომელმაც სანდრო გვირგვლიანის მკვლელობა გაასაჯაროვა. იმედი პირდაპირ ეთერში აშუქებდა 2007 წლის დემონსტრაციებს და მხარს უჭერდა მათ. ხოლო როცა ტელეკომპანია ეთერში იმ დისკომფორტის შესახებ საუბრობდა, რომელსაც ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების გამო განიცდიდა, ამ უკანასკნელმა საგანგებო დანიშნულების რაზმი შეიყვანა ტელეკომპანიაში. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა აბსოლუტურ უმრავლესობას სჯეროდა, რომ "იმედი" სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ მოუწოდებდა და, ამდენად, მასში შევარდნა სავსებით ლეგიტიმური იყო. ეს დაუსაბუთებელი არგუმენტი გახლდათ. შესაბამისად, ტელეკომპანიის დახურვის სრულიად აბსურდული საბაბი დიდი შეცდომა იყო. ამის შემდგომ "იმედი" ხელისუფლების რუპორად იქცა და ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ე. წ. მოდელირებული ქრონიკით გამოჩნდა, როდესაც მთელ საქართველოს პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს, რომ რუსეთი შემოიჭრა. ცხადია, საზოგადოება პანიკამ მოიცვა, ხოლო რამდენიმე წუთში ლიდერების შემყურე ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ყოველივე სიყალბე იყო და მათში სიძულვილმა გაიღვიძა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ბოლო აკორდი მოსამართლის გადაწყვეტილება გახლდათ. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა კომპანიის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის შეუძლებელი პირობების შექმნას. არადა, წესით, ამ ტიპის სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას, მდგომარეობა, როდესაც მოპასუხე ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას, ორივე მხარის და, ამავე დროს, მოსამართლის შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა გახდეს.

ყოველივე ამის უკან, არის ადამიანთა გრძელი სია და, ისინი ამჟამინდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომელსაც მიაჩნია, რომ ტელეკომპანია არაობიექტურია, გამოხატავს ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს, რაც საკმარისი საფუძველია, რათა ის დაიხუროს. ეს თითქოს, საყოველთაო აზრი გახლდათ, მაგრამ გადამწყვეტი, მაინც, მოსამართლის ვერდიქტი აღმოჩნდა. და მაშინ, როდესაც ხალხს მიაჩნია, რომ "რუსთავი 2"-ს უნდა ჰქონდეს მაუწყებლობის საშუალება, ხოლო ხელისუფლება სერიოზული სახით აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებაზე ვერავინ იმოქმედებს, ვიღებთ იმავე სურათს რაც მიშას დროს ჩანდა ეს კი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მიზნების სასამართლოს მეშვეობით რეალიზაციის ბინძური პრაკტიკა.

კარგია თუ ცუდი, ტელევიზიები ქართული პოლიტიკის ცენტრში გახლავან და მათ შორის, "რუსთავი 2" ყველაზერ პოპულარულია. მავანმა, შესაძლოა, დაიჯეროს, რომ ეს ცუდი და არასწორია, მაგრამ განცხადება, რომ ამ მიზეზით ტელევიზია უნდა დაიხუროს, არის ძალიან სახიფათო სვლა. ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ მთავრობას წინა ხელისუფლებიგან განასხვავებს, ეს სამაუწყებლო თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოა. ახლა, ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ეს ყოველივე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ესაა დღევანდელი სიახლე? ესაა ინსტრუმენტი, რომლითაც სასამართლო ტელეკომპანიას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს? ასეთია ჩვენი ყოველდღიურობა? ეს ელის სხვა ბიზნესებსაც? მე არ მახსენდება სამოქალაქო სარჩელი, რომელსაც ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების ამხელა ყურადღება მიეპყრო, რასაც ახლა ეს პროცესი იღებს.

საბოლოო ჯამში, საქართველო ძლიერია მაშინ, როდესაც მრავალი განსხვავებული პოზიცია ისმის და არა მხოლოდ ერთი. ის, ვინც ამ ხმათა ჩახშობას ლამობს, ასუსტებს სახელმწიფოს და ერს და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარი შიშის კარნახით მოქმედებს. საბჭოეთშიც აცხადებდნენ, რომ ხალხი ვერ შეძლებდა "ამერიკის ხმის" ადექვატურ აღქმას და ჩაახშეს მისი სიგნალი, მაგრამ, სინამდვილეში, ეს აიხსნებოდა მხოლოდ შიშით. ასე იყო ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაშიც - მათ იგრძნებს იმ ძალის საფრთხე, რომელსაც "იმედი" ატარებდა, და, სხვა რომ ვერაფერი გააწყვეს, მისი დახურვა სცადეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება "რუსთავი 2"-ის ტენდენციურობის შესახებ, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია არხის გასაუქმებლად?! ან რახან მიშამ "იმედი" გააუქმა, "რუსთავი 2"-ის დახურვა ამით გამართლდება?

ცხადია, არხის მფლობელობის და წილების საკითხი სასამართლოს განსახილველია და ეს პროცესი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ რატომ უნდა შეიზღუდოს ტელეკომპანიის ფუნქციონირება ამ პერიოდში? ვის სჯერა ამის აუცილებლობლობის და ვის აძლევს ეს ხელს?

ციტატა, რომელიც ხშირად ვოლტერს მიეწერება, სინამდვილეში კი ვოლტერის ბრიტანელი ბიოგრაფის ბიატრის ეველინ ჰოლისა გახლავთ, ასე ჟღერს: "მე არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ მზად ვარ სიცოცხლე გავწირო, რომ თქვენ მათი თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა გქონდეთ"."იმედის " დახურვის შემდეგ მთავრობის პოზიცია ბევრმა გაიზიარა, თუმცა ხმამაღლა ეს პოზიცია არცთუ ბევრმა დააფიქსირა დ, საერთოდაც, ეს პროცესი არ ყოფილა ხანგრძლივი. რას ფიქრობს ყოველივე ამასთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი - ის, ვისაც არ მოსწონს "რუსთავი 2"-ის შინაარსი და ტონი? ეს არ არის მხოლოდ პირადი ეთიკის საკითხი - ეს კითხვა საქართველოს მომავალზე იქონიებს გავლენას.

რა გზას დავადგეთ? - ვიმეოროთ შეცდომები თუ განსხვავებულ მოსაზრებებს ვცეთ პატივი, რაც უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან? ნუთუ განწირული საზოგადოება ვართ, სადაც მთავრობა ყველა შესაძლო ბერკეტის თუ პროცესის გამოყენებას ახერხებს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად?

მარკ მალენი