საით წავა ერი? - ვინ მუშაობს ევროკავშირის დასაკნინებლად საქართველოში?! - კვირის პალიტრა

საით წავა ერი? - ვინ მუშაობს ევროკავშირის დასაკნინებლად საქართველოში?!

ბოლო გამოკითხვათა შედეგებით, საქართველოში ევროკავშირი სულ უფრო ნაკლებპოპულალურია. ხოლო მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ მას ყოველმხრივ ავიწროვებენ.

პირველი, ვინც ამაში მონაწილეობს, კრემლია, რომელიც ხელმძღვანელობს არა რეალობით, არამედ მოქმედებს რეპუტაციის შელახვის გზით.

როგორც მოგეხსენებათ, პროპაგანდა კრემლის ეფექტიანი იარაღია, რაც ყველამ იცის. გზა, რომლითაც  კრემლი ამ ინსტრუმენტით მოქმედებს, იგივეა, რაც ომის წარმოებისას - დაბნეულობის გამოწვევა, არასტაბილურობა და მარცხის განწყობის შეტანა. იმის მტკიცებას, რომ რუსეთი შესანიშნავი ადგილია, კრემლ" არც ცდილობს, რადგან ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ არის ნამყოფი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, შესაბამისად, ის ვერ ახერხებს შედარებას.

კრემლი, ქართველი საზოგადოების დარწმუნებისთვის სამ გზას იყენებს - პირველი აშშ-ის, პრეზიდენტ ობამას და ევროკავშირის სისუსტეზე აპელირებაა, რაც მათ არაკომპეტენტურ და არასანდო პარტნიორებად წარმოაჩენს.

მეორე, რითაც კრემლი ოპერირებს, ეს შეთქმულების თეორიაა - ზოგჯერ გიჟურიც კი. ამ დროს, ადამიანი სრულებით არ ინტერესდება, თუ რა აქვს ამ შეთქმულებას საფუძვლად - კრემლი ადამიანებს სამყაროსა და რეალობის სწორ აღქმას უღობავს, რათა ადამიანმა ვერ შეიცნოს, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ა. შ. და ამტიცებს, რომ სამყარო სავსეა იდუმალი ძალებით, რომელნიც კულისებს მიღმა მოქმედებენ. თუ კი ხალხისთვის გზის აბნევა გწადია, ეს ეფექტიანი გზაა - რაც არ უნდა მოიმოქმედო, მაინც კონტროლირებადი ხარ.

მესამე გზა კი ის გახლავთ, რომ რუსეთი (და პუტინი) წარმოაჩინონ, როგორც, რაღაც მუდმივი, ძლიერი და სტაბილური, ანუ ლოგია ასეთია: შესაძლოა რუსეთი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის ძლიერი და სტაბილურია. კრემლი არსებული მედიასაშუალებებით ამ შეტყობინების ქართველ ხალხამდე მიტანას ვერ ახერხებს და, ამდენად, ის ცდილობს დაფიქსირდეს არც თუ პოპულარულ არხებზე, რომელთაც საზოგადოების ყველაზე ნაკლებგანათლებული სეგმენტი უცქერს - ისინი, ვინც ვერ ლაპარაკობენ სხვა ენებზე და არასოდეს ყოფილან ევროკავშირის ქვეყნებში ან ამერიკაში, რათა თავად ჩამოიყალიბონ შეხედულება. ამ არხებს, უნდა ითქვას, არ გააჩნიათ შესაბამისი "წონა", თუმცა, ისინი ახერხებენ შექმნან ყიჟინი და, რაც საინტერესოა, პოულობენ აუდიტორიას.

მეორე ჯგუფი, რომელიც ევროკავშირს "ეწინააღმდეგება", "ნაციონალური მოძრაობაა" - სოციალურ დემოკრატიასთან ის თავს კოფორტულად არასოდეს გრძნობდა - იგი იყო უფრო "კარგად" ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო პარტნიორთან. ევროკავშირი ყოველთვის ფიქსირდებოდა, როგორც რაღაცა "ძველი" და, ამავე დროს, "რბილი" (რომელსაც ფრიად აღელვებდა თანასწორობა და კომპრომისი), და ამით ის ცდილობდა წარმოჩენილიყო ვითარცა ძლიერი. "ნაციონალური მოძრაობა" გადამწყვეტ ნაბიჯებს დგავდა, ხოლო "ევროკავშირი", თავის მხრივ, წარმოადგენს მრავალეროვნულ სხეულს და, ამდენად, ამგვარ საკითხებთან მიმართებაში, არც ისე ქმედითია. შედეგად, "ნაციონალური მოძრაობა" რომელიც თავს დასავლეთთან ურთიერთბის გარანტად ასაღებდა, მუდმივად ინარჩუნებდა ევროპის მიმართ კრიტიკულობას და ამიტომ მოსახლეობის ცნობიერებაშიც ეს ასე დაილექა.

მესამე ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, დღეს მართველი პარტიაა. "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლები, თავიანთ განცხადებებში, რომლებიც ევროკავშირის მისამართით კეთდება, საკმაოდ აგრესიულნი გახლავან - მან (ევროკავშირმა) ბევრად მეტი უნდა გააკეთოს საქართველოსთვის: გაუსუფთაოს გზა NATO-სკენ; გასცეს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და, საერთოდ, უნდა გააკეთოს ესეც და ისიც. ეს ქართველი ხალხის თვალში ევროკავშირის დისკრედიტაციას ახდენს და ჰქმნის შთაბეჭდილებას, რომ ურთიერთობა მარცხით დასრულდა, ან და ის არ არის სასარგებლო საქართველოსთვის.

მაგრამ ამ დროს, ვინ ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით - ევროპა და, ზოგადად, დასავლეთი? ევროკავშირი ის ორგანიზაცია არაა, რომელიც საკუთარ თავზე ლაპარაკით გამოირჩევა და ამავე დროს, ესაა ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი პრობლემებიც თავზესაყრელი აქვს: პრობლემები საზღვრებზე, სავალუტო პრობლემები, დავალიანებები, ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხები, და დიდი ბრიტანეთის კავშრიდან გასვლის პრესპექტივა... და არა მხოლოდ ეს. ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა შორეული პერსპექტივაა და მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ ესოდენ აგრესიულია, ისიც უჩნდება რიგით მოქალაქეს კითხვა - ღირს კი ამ პრობლემის თავზე აღება?

ეს სირცხვილია!

იმიტომ, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას. ასოცირების შეთანხმება კარგია და, დროთა განმავლობაში კარგ ეკონომიკურ შედეგს მოიტანს - მთავარია, რომ ქართულმა ბიზნესმა გააცნობიეროს, თუ როგორ უნდა ისარგებლოს ამით. ცოტაც და, უვიზო მიმოსვლა რეალობა გახდება. დასტური იმისა, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას, ჩანს ყველგან - საქართველოშიც და ევროკავშირშიც, სულ უფრო მეტი ქართველი მუშაობს ევროპაში; იხსნება და იხსნება ქართული რესტორნები; იზრდება ევროპაში მოგზაურ ქართველთა რიცხვი... მაგრამ, რატომღაც, ეს ციფრები არასწორი მიმართულებით მიემართებიან. განსხვავებით მეზობლებთაგან საქართველოში საკითხს ქართველი ხალხი წყვეტს - ის განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებით წავა ერი.

და საით წავა ერი?