ქოლცენტრი თქვენი ბიზნესის ყურია
04-10-2016
ქოლცენტრი თქვენი ბიზნესის ყურია
წინა პოსტში უკვე ვისაუბრეთ, რომ მომხმარებლისთვის კომპანია პირველ რიგში ასოცირდება სერვისის სფეროში მომუშავე თანამშრომელთან, ოპერატორთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ქოლცენტრის როლი კომპანიის წარმატებაში - ის არის ბიზნესის ყური, რომელიც მუდმივად უნდა იყოს მიპყრობილი მომხმარებლის მაჯისცემაზე, იგებდეს მის სურვილებს, განწყობას, დამოკიდებულებას. აწვდიდეს აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას შესაბამის განყოფილებას, იღებდეს მისგან უკუკავშირს და არც ერთი ზარი არ რჩებოდეს ყურადღების მიღმა. ყველა ზარი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ერთნაირად საჭიროებს ბოლომდე მიდევნებას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქოლცენტრში კადრების შერჩევა. აქ
უნდა მუშაობდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული ადამიანი, კადრი, ვისი მიზანიც ადამიანების დახმარებაა, მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილების კი არა, ლოიალობის მოპოვებაა.

რატომ უნდა მოვემსახუროთ კლიენტს მაღალი სტანდარტების შესაბამისად? რა სარგებელი აქვს კომპანიას და სერვისის რიგით თანამშრომელს?

სწორედ აქაა მენეჯმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მისია - სწორად მიაწოდოს დაქირავებულს ის მესიჯები,
რაზეც შემდეგ უნდა აიგოს მთელი მისი ურთიერთობები და დამოკიდებულება კომპანიასთან. მანამდე, სანამ კადრის დატრენინგებას დაიწყებთ, თანამშრომელს აუცილებელია ვუთხრათ:


დღეს შენ ხარ ჩვენი კომპანიის სახე, რადგან შენ ხარ დასაქმებული აქ, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ კომპანიის რჩეული; კომპანიამ არჩევანი გააკეთა შენზე, გენდო, შენც უნდა გაამართლო მისი ნდობა! და შენგანაც მოითხოვს საპასუხო ქმედებას - საკუთარ თავზე მუშაობას, საჭირო უნარ ჩვევების განვითარებას, სუსტი მხარეების გამოსწორებას, კორპორაციულ პასუხისმგებლობას.
შენ შეგიძლია უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანო კომპანიის კეთილდღეობაში, საზოგადოებაში დადებითი იმიჯის ფორმირებაში, კომპანიის წარმატება და კეთილდღეობა კი თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობას ნიშნავს. შენ შეგიძლია იყო ამ ყველაფრის (წარმატების და კეთილდღეობის) თანამონაწილე!
შენი სამუშაო ადგილი ნიშნავს შენს "ტერიტორიას" ეს კი იმას გულისხმობს, რომ თითოეული მომხმარებელი არის სტუმარი შენს "ოჯახში". ე.ი. ვალდებული ხარ, მომხმარებელს მოექცე ისე, როგორც ექცევი სტუმარს.
ის თანამშრომლები, რომელთაც აქვთ ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ბევრად უფრო წარმატებულები, პროდუქტიულები და ბედნიერებიც არიან, ვიდრე ისინი, ვინც არად აგდებენ მომსახურების სტანდარტებს. პროფესიულ წარმატებას კი, მერწმუნეთ, აუცილებლად მოსდევს პირადი კმყოფილებაც.
გარდა ფინანსური დაინტერესებისა რა მოტივაცია და სარგებელი შეიძლება გქონდეს - ესაა მორალური კმაყოფილება.

ეს ის მთავარი მესიჯებია, რომელიც განწყობას უქმნის, მოტავაციას უმაღლებს დაქირავებულს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ნებისმიერი საქმის კარგად კეთება.

ამის შემდეგ თანამშრომელს სრულად გააზრებული ექნება საკუთარი როლი კომპანაში, თუ რამდენად დიდი მისია აკისრია. ის წარმომადგენელია თავისი კომპანიისა და ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნები, საჭიროებები, სურვილები, პრობლემები მიიტანოს მავანამდე, ვისაც მისი მოგვარება ხელეწიფება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით