პარიზული ტერაქტები, "დიდი პუტინის" ჩრდილი და ნამდვილად შეშფოთებული ევროპა
25-11-2015
პარიზული ტერაქტები, "დიდი პუტინის" ჩრდილი და ნამდვილად შეშფოთებული ევროპა
დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარი იქნებოდა, მეგობარმა დამირეკა -ტელევიზორს უყურებ? ჩართე, ჩქარა! -გაისმა ტელეფონში აკანკალებული ხმა.

რასაც საინფორმაციო გადმოსცემდა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრებს უფრო ჰგავდა. მონაცემები სწრაფად იცვლებოდა: 23 გარდაცვლილი, 40 გარდაცვლილი, 80, არა - 120, ასწორებდა ინფორმაციას ჟურნალისტი. საბოლოოდ, პარიზული ტერაქტების მსხვერპლი 128 ადამიანი გახდა. თუმცა, ეს ციფრი რამდენიმე დღის წინ 130-მდე გაიზარდა. ორი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პირველი რაც გავაკეთე, ჩემს პარიზელ კურსელს, მარგოს მივწერე, რომელიც გაცვლითი პროგრამით, ერთი წლოს განმავლობაში
ჩემთან ერთად სწავლობდა ფლორენციაში.

იმ ღამეს ევროპა თითქოს შეიცვალა და, ამჯერად უკვე მართლა შეშფოთდა. თუმცა, თუ ტერაქტებიდან მოკლე ხანში ნებისმიერი მზად იყო საკუთარი ხელით დაეხრჩო "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, პირველი შოკის გასვლისთანავე, ბებერმა ევროპამ ჩვეული "პოზა" დაიბრუნა...

გასულ დღეებში ნელ-ნელა მომწიფდა მოსაზრება, რომ
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამარცხების ძალა მხოლოდ "დიდ" პუტინს შესწევს. ევროპულ პრესაში და სოციალურ ქსელში, არცთუ იშვიათად, რუსეთის პრეზიდენტს სწორედ ასე იხსენიებენ -დიდი პუტინი. განსაკუთრებული სიმპათიით რუსეთის პრეზიდენტი იტალიელებში სარგებლობს, მეტიც, მას შეიძლება ითქვას არაოფიციალური ფან-კლუბი ჰყავს პოლიტიკური პარტია "LEGA NORD" და მისი ლიდერის მატეო სალვინის სახით, რომელიც მკვეთრად რასისტულ-შოვინისტური პოლიტიკით გამოირჩევა და კატეგორიულად მოითხოვს იტალიის მუსულმანებისაგან გაწმენდას განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა და ასაკისა. მისი განცხადებით, ყველა მუსულმანი ტერორისტია და ყველა ტერორისტი მუსულმანია, თუმცა ავიწყდება, რომ ISIS-ის რიგებში ოფიციალურად 80 იტალიელი ირიცხება, მათ შორის ახალგაზრდა ქალები.

იმიგრანტთა ინტეგრაციაზე ორიენტირებული ევროკავშირის პოლიტიკიდან გამომდინარე, სალვინი ერთგვარად კონტექსტიდან ამოვარდნილად მიიჩნევა, ისევე, როგორც მარი ლე პენი საფრანგეთში. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იტალიის მთავრობას ზემოთ აღნიშნულის მიმართ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პარიზის ტერაქტიდან მეორე დღეს სიცილიის ნაპირებს დევნილთა კიდევ ერთი ნავი მოადგა, 400-მდე კაცით და იტალიამ ისინი მიიღო. თუმცა, შედარებით ფრთხილად არიან.

მაგალითად, ბოლო დღეებში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ათამდე პირი, რაც აქამდე იშვიათად მომხდარა... ყურადსაღებია ის, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო სალვინის რადიკალურ იდეოლოგიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზიარებს.

პარიზული ტერაქტების  მომდევნო კვირა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა უბრალო მოქალაქეებისთვის. დაფიქსირდა არაერთი ცრუ განგაში იტალიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მოსახლეობაში ერთგვარი შიში და აგრესია გაჩნდა მუსულმანების მიმართ, ხოლო თავად მუსულმანები ერთგვარ თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ, თუმცა მომხდარმა, რადიკალურად განწყობილი მუსულმანებიც გამოავლინა. სწორედ საკუთარი პროვოკაციული გამოსვლების გამო დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს იტალიის ქალაქ პრატოში ლეგალურად მცხოვრები წარმოშობით მაროკოელი მამაკაცი, რომელსაც იტალიელი მეუღლისგან ორი შვილი ჰყავს და რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ მისი შვილი თანატოლებს ამოხოცავდა კლასში.

დააპატიმრეს ასევე 24 წლის მუსულმანი, რომელმაც ტელეშოუ "მეხუთე კოლონას" ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამართლებს "შარლი ებდოზე" განხორციელებულ ტერორისტულ აქტს.

ასეთი ცალკეული შემთხვევები გადაფარა იტალიურ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ მერანოში აღმოაჩინეს ტერორისტთა მოსამზადებელი სკოლა, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს "ურჯულოების" სიძულვილსა და მათი დახოცვის წესებს ასწავლიდნენ. კარაბინიერების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაჯგუფების 17 წევრია აყვანილი.

პარიზში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ბრიუსელში განსაკუთრებულად გამკაცრებული კონტროლის ფონზე, იტალიის დედაქალაქში დაძაბულობა მატულობს. 8 დეკემბერს, ვატიკანში, სრულიად კათოლიკური სამყარო წმინდა წელის აღნიშვნას იწყებს. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, იუბილეს გაუქმების მოთხოვნით, უკვე მიმართეს რომის პაპს, რადგან არსებობს მოსაზრება რომ ტერორისტთა მორიგი სამიზნე სწორედ რომი და რომის პაპი იქნებიან. მიუხედავად რეალური საფრთხისა, რომის პაპს იუბილეს გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

პ.ს. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა მარგომ მეორე დღეს მიპასუხა. თვითონ კარგად იყო, თუმცა, სამუდამოდ დაკარგა მეგობარი, რომელსაც ტერაქტების დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაემშვიდობა...

პ.პ.ს. პარიზელ მარგოს სოციალურ ქსელში, პროფილის ფოტოდ ეყენა არა საფრანგეთის დროშა, არამედ უბრალოდ შავი ფონი, რითაც უნდოდა ეთქვა, რომ როგორც ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია, ასევე ტერორიზმის მსხვერპლს არ გააჩნია ეროვნება. ის სიბოროტის მსხვერპლია, იქნება ეს ფრანგი თუ სირიელი, ლიბიელი, ნიგერიელი, ამერიკელი და ა.შ.


ნინო მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
kote
27 ნოემბერი 2015 19:17
რა შუაში პუტინი, კაკებემ ვიღაც დააფინანსა, ნუ აბუქებ.
gio
26 ნოემბერი 2015 11:52
სალვინი სულაც არ ითხოვს ყველა მუსუმის გაძევებას.არამედ შემომსვლელთა ნაკადის გაკონტროლებას.ის იტალიის მოქალაქენი,რმლებიც ისის-ში იბრძვიან-მუსულმანები დაეროვნეით არაიტალიელები არიან.
ემიგრანტი
25 ნოემბერი 2015 22:11
მეც იტალიაში ვცხოვრობ, იმედია ამ უბედურებების გადამკიდე ყველას შემოწმებას არ დაიწყებენ, რამდენი არალეგალი ქართველია აქ :(

რედაქტორის რჩევით