მათ დასცინეს ჩვენს ქვეყანას - ქართველი ემიგრანტები იტალიური RAI2-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ - კვირის პალიტრა

მათ დასცინეს ჩვენს ქვეყანას - ქართველი ემიგრანტები იტალიური RAI2-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ქართველი ემიგრანტები იტალიაში ტელეკომპანია RAI2-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ძალიან მინდა ობიექტურობა დავიცვა როგორც ჟურნალისტმა, მაგრამ როგორც რიგით ქართველსა და რიგით ემიგრანტს, გამიჭირდება არ ვიყო სუბიექტური.

ინფორმაციისთვის: 25 იანვარს, იტალიის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის მე-2 არხის საღამოს ეთერში გავიდა გადაცემა "Le spose di Costantino", კოსტანტინო დელა გერარდესკასა და ელეონორა ჯორჯის მონაწილეობით. გადაცემის ფორმატი იუმორისტულია, კოსტანტინო ქორწინდება ელეონორაზე, მიჰყავს საქართველოში და იქ რამდენიმე დღე, სამი რიგითი ქართველი წყვილის ყოველდღიურობით ცხოვრობენ. საბოლოოდ კი, აუტანელი ყოფისგან და კოსტანტინოსგან გატანჯული ელეონორა, ქმარს ტოვებს და გარბის.

თითქოს ამ ყველაფერში საგანგაშო არაფერია, მაგრამ გადაცემის პირველივე კადრებიდან ნათელი ხდება, რომ წამყვანებსა და ავტორებს ან იუმორისა და ირონიის ერთმანეთისგან გარჩევის დიდი პრობლემა აქვთ, ან ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ მიზანიმართული ანტიპიარია, რის გამოც, ჩვენი ლამაზი საქართველო, უძველესი კულტურითა და განთქმული სტუმარ-მასპინძლობით, ერთ დიდ განუვითარებელ პროვინციად წარმოაჩინეს.

წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი რეპლიკებისა და ყველაფრის იუმორისტულ კონტექტსში გატარების მცდელობის ფონზე, დაკნინდა ქართული ღვინის დაყენების ათასწლოვანი კულტურა, ქართული ოჯახი, ქართული სოფელი და სტუმართმოყვარეობა. გამოჩნდა წამყვანებისა და ავტორების მხრიდან ქართული ისტორიისა და მუსიკის უპატივცემულობა და უცოდინრობა, როდესაც სტალინის პერსონის გაიდეალიზება სცადეს. რაც შეეხება მუსიკას, გადაცემას ლაიტმოტივად გასდევდა გაურკვეველი წარმოშობის "ჰანგები", რომელიც აზერბაიჯანულ, თურქულ და სერბულ მელოდიებს მოგაგონებდათ და ეს ხდებოდა პოლიფონიური მუსიკის სამოთხეში, "ჩაკრულოს" სამშობლოში.

და სხვა მრავალი...

ვიღაცას შეიძლება გასცინებოდა კიდეც, ვიღაც იტყოდა, რომ ერთი მდარე ხარისხის იუმორისტული გადაცემაა, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვიღაც იმ ქართველებს დასცინებდა, ვინც ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა და იტყოდა რომ არაფერი ისეთიც არ მოხდა, მაგრამ მოხდა ჩემო კარგებო.

გეტყვით, თუ რატომ არის ეს გადაცემა ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოს წინაშე დანაშაული:

ბევრი იტალიელი, თითქმის და ხშირად საერთოდ არ იცნობს საქართველოს და ვიღაცას ჩვენი სამშობლოს შესახებ წარმოდგენა, შეიძლება სწორედ ამ ერთი გადაცემით შეექმნას. აქედან გამომდინარე, მე რომ იტალიელი ვიყო და შვებულებას ვგეგმავდე, არავითარ შემთხვევაში არ მომინდებოდა ნანატრი შვებულების ამ უბედურ ქვეყანაში გატარება, გვერდზე გადაწოლილი საპირფარეშოებით, ტალახიანი ორღობეებით და სოკოთი დაავადებული ადამიანებით. ვფიქრობ, ამ გადაცემის შემდეგ, საქართველომ ბევრი პოტენციური ტურისტი დაკარგა.

უამრავი ქართველი ემიგრანტი, უმაღლესი განათლებითა და კულტურით, იმ მოხუცების მომვლელებად მუშაობენ, რომელთაც დაწყებითი სკოლაც არ აქვთ გავლილი. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, მათთვის იმის ასახსნელად თუ ვინ არის და რას წარმოადგენს.

ქართველ ქალებს, ყოველდღიურად უწევთ თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლა და იტალიელებისათვის იმის დემონსტრირება, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის. აღნიშნული გადაცემით კი, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დავტოვეთ. მერწმუნეთ, ყოველივე ეს, უფრო გაართულებს ქართველი ემიგრანტების ყოფას იტალიაში და მათ უფრო მეტი დამცირების ატანა მოუწევთ.

ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ძროხები და ძველი სატვირთო მანქანები იტალიაშიც ჰყავთ, მაგრამ, როდესაც იტალიაზე დაკომენტური თუ იუმორისტული გადაცემები მზადდება, აქცენტები რატომღაც იტალიურ არქიტექტურაზე, მხატვრობაზე, სამზარეულოზე, ულამაზეს ბუნებასა და ენაზე კეთდება. აქედან გამომდინარეც გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ჩვენი ქვეყნის ასე აბუჩად აგდება და გაშარჟება.

იტალიელი თუ ქართველი ორგანიზატორები, უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ თითოეულ იმ ემიგრანტს, რომელსაც ამ საღამოს დამსაქმებელი ზემოდან გადმოხედავს და ეტყვის, რომ თურმე რა წუმპედან ამომძვრალა, სამოთხეში მოხვედრილა...

ნინა მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან