მშვიდები, მოწესრიგებულები, სიმპათიურები... და კითხვა, რომელიც იმ დღეს ყველაზე ხშირად დაისვა - ქართველები ფლორენციაში
მშვიდები, მოწესრიგებულები, სიმპათიურები... და კითხვა, რომელიც იმ დღეს ყველაზე ხშირად დაისვა - ქართველები ფლორენციაში
10 ნოემბერს მთელი საქართველო ერთი მიმართულებით, ფლორენციისკენ იყურებოდა. მოლოდინი დიდი იყო, გამარჯვების იმედი - უფრო დიდი. რამდენიმე დღის განმავლობაში, ათასობით ქართველი, ერთი მიზნით, ქართული რაგბის საგულშემატკივროდ მოეშურებოდა იტალიის ულამაზესი ქალაქისკენ. მოდიოდნენ საქართველოდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და იტალიის თითქმის ყველა რეგიონიდან. ამიტომ, სტადიონზე დამსწრე მაყურებელთა თითქმის 3/4 ქართველები იყვნენ.

მატჩის შეფასებითა და ტაქტიკურ-ტექნიკური მხარეების განხილვით, თავს არ შეგაწყენთ, ამას ჩემზე უკეთ, სპორტული ჟურნალისტები გააკეთებენ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტს შემოგთავაზებთ, რაც ყველაზე შესამჩნევი
იყო თამაშის დაწყებამდე, მსვლელობისას და შემდეგ...

* საოცარი სანახავი იყო ფლორენცია ამ დღეებში. ქალაქის ისტორიული ცენტრის ყველა კუთხეში ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ საქართველოს დროშებში გახვეული ახალგაზრდები. ისეთები, რომ უყურებ და გულში, შენთვის გიხარია, რომ ქართველია. სასიამოვნოდ ხმადაბლა მოსაუბრეები, მშვიდები, მოწესრიგებულები, სიმპათიურები.

* სიმშვიდე და წესრიგი, სტადიონზე მატჩის
განმავლობაში და დასრულების შემდეგაც შესამჩნევი იყო. ჩემდა გასაოცრად, შესასვლელში, უზარმაზარი რიგიც არავის დაურღვევია. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ მიუხედავად წაგებისა, არც უცენზურო სიტყვები გამოუყენებია ვინმეს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. არ ვიცი ეს რას მივაწერო, მსუბუქ და მხიარულ იტალიელ გულშემატკივარს, თუ რაგბის ზოგადად შეგნებულ გულშემატკივარს. ქართველებისგან ბიჭების მხარდაჭერა და პოზიტიური განწყობა იგრძნობოდა მხოლოდ.

* ტექნიკური გაუმართაობის გამო, ეროვნული ჰიმნის აჟღერება ვერ მოხერხდა და რომ არა ქართველი გულშემატკივარი, ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, არც გაჟღერდებოდა. ჩვენგან განსხვავებით, იტალიურ მხარეს, ორკესტრი ჰყავდა მობილიზებული.

* აღნიშნული ორკესტრი, ძალიან მოქმედებდა ქართველი გულშემატკივრების ნერვულ სისტემაზე, რადგან ყოველი დაძაბული მომენტისას, იტალიის ჰიმნის შესრულებას იწყებდნენ, ქართველების ოვაციის გადასაფარად და საკუთარი მოთამაშეების გასამხნევებლად.

* ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნებიდან რაგბისტებს ამხნევებდა შეძახილით - "სა-ქარ-თვე-ლო" და არა "ჯორჯია", ამიტომ კითხვა – რას ნიშნავს საქართველო იტალიურად? იტალიელების მხრიდან, ყველაზე მეტჯერ დაისვა ტრიბუნებზე.

* როგორც დაგპირდით, მატჩის შეფასებით თავს არ შეგაწყენდით, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რამდენჯერმე რეალური შანსი გაუშვეს ჩვენმა ბიჭებმა და რამდენჯერმე ბურთიც დაუდევრად დაკარგეს, რაც ამ რანგის თამაშში, გამოუსწორებელი შეცდომაა. ეს შედეგზეც აისახა.

* მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. რა თქმა უნდა, მოგება გვერჩივნა, მაგრამ გულშემატკივარს ისიც აქვს გაცნობიერებული, რომ გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს, ამიტომ მოედნიდან უჩუმრად გასვლა, მხოლოდ ნახევარი წრის დარტყმის შემდეგ, ზოგიერთი გულშემატკივრისთვის წაგებაზე უფრო საწყენი იყო.

* და ბოლოს, ეს ალბათ რაგბის ფედერაციის პიარის პრობლემა უფროა, ვიდრე სპორტსმენების, მაგრამ გულშემატკივართან უშუალო კონტაქტი, მით უმეტეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, უმნიშვნელოვანესია. უამრავი ადამიანი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდა რაგბისტებს სტადიონის გარეთ ავტოგრაფებისა და ფოტოების გადაღების იმედით. რაგბისტებმა არტემიო ფრანკის სტადიონი ავტობუსით, გულშემატკივრებთან დამშვიდობების გარეშე დატოვეს.

პ.ს. როგორც ამბობენ: "მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას შენ წინ, მთავარია ვინ გიმაგრებს ზურგს". ეჭვგარეშეა, რომ ქართველი რაგბისტების პროფესიონალიზმის, თავდადებისა და საქმის სიყვარულის წყალობით, ქართველი გულშემატკივარი კიდევ ბევრჯერ იზეიმებს გამარჯვებას.

ნინა მამუკაძე
სპეციალურად იტალიიდან

სოსო
19 ნოემბერი 2018 13:25
ჩვენი ბიჭები გრძნობდნენ ,რომ ისე ვერ ითამაშეს,როგორც უნდა ეთამაშათ,თავს დამნაშავედ გრძნობდნენ და მარცხით,ძალიან იმედ გაცრუებულებიც იყვნენ.ალბათ ამან გამოიწვია ეს ლაფსუსი.იმედია,მომავალში გაითვალისწინებენ და ასეთი რამე,აღარ განმეორდება.
Gainatgva ertdulovnebam da didma siyvarulma!
14 ნოემბერი 2018 01:29
Gaimargva ertsulovnebam da didma siyvarulma!!!!!

როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?