რა ხდება იტალიურ სკოლაში? - იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ
რა ხდება იტალიურ სკოლაში? - იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ
სტატია წავიკითხე, რომელშიც გერმანიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მომუშავე ქართველი ჰყვება იქაური განათლების სისტემის შესახებ. ჩამოვუყევი კომენტარებს და ისეთი ამბავი ხდება, ისე ჰყავთ "აღზრდილ-განათლებულ" ქართველებს მიწასთან გასწორებული ის გოგოც და განსაკუთრებით გერმანიის განათლების სისტემა, სურვილი გამიჩნდა იტალიურ სკოლაზე დამეწერა.

პრობლემის მოგვარება, პრობლემის აღიარებით იწყება. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არის ცუდი და სკოლებში ხდება კატასტროფა. საიდანღაც მაინც უნდა დავიწყოთ ვითარების გამოსწორება, თორემ ისევ ისეთი არასწორი აზროვნების თაობას გავზრდით, რა ხალხიც
ზემოთნახსენები სტატიის კომენტარებში ვნახე.

ჩემი შვილი, იტალიის ერთ-ერთი სკოლის მაღალ (სრული საშუალო) კლასში სწავლობს და მშობლის პოზიციიდან გეტყვით, რა ხდება იტალიურ სკოლაში ...

სწავლა იწყება 8 საათზე და დღეში აქვთ 4/5/6 გაკვეთილი, იმის მიხედვით, სწავლობენ თუ არა შაბათს. ამას კი, წლის დასაწყისში, მოსწავლე თავად ირჩევს.
- სკოლა არის 13-წლიანი. 5 წელი - დაწყებითები, 3 წელი - არასრული საშუალო (სავალდებულო), 5 წელი - სრული საშუალო (არასავალდებულო და პროფილური).

როგორც კი დაირეკება ზარი, სკოლის კარი იკეტება და იქიდან ბავშვი სწავლის პროცესის დამთავრებამდე, ნაბიჯს ვერ გადადგამს გარეთ, თუ მშობელმა არ მიაკითხა ადრე წასაყვანად. - ბავშვი, სკოლიდან დროზე ადრე შეუძლიათ წაიყვანონ მხოლოდ მშობლებმა, ან სრულწლოვანმა გარეშე პირმა, თუ მას აქვს მშობლის წერილობითი მინდობილობა. მინდობილობასთან ერთად, მიმღებში ამ პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

სკოლას აქვს საკუთარი აპლიკაცია, სადაც ავტომატურ რეჟიმში და რეალურ დროში მომდის ინფორმაცია ჩემს შვილზე, თუ რა გაკვეთილები აქვს იმ დღეს, მომდის შეტყობინება 5-წუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც კი, საუბარი აღარ მაქვს გაცდენაზე.  ამავე აპლიკაციით ჩემს შვილზე ადრე ვიგებ, რა ნიშანი მიიღო ამა თუ იმ საგანში. იგივე აპლიკაციით შემიძლია შეხვედრა დავნიშნო ნებისმიერ მასწავლებელთან.

თითო მასწავლებელს გამოყოფილი აქვს კვირაში ერთი დღე მშობლებთან შესახვედრად და ამისთვის იყენებენ ე.წ. ფანჯარას. ამასთანავე, კლასის დამრიგებელი, მუდმივად კონტაქტზეა მშობლებთანაც და ბავშვებთანაც. უცხოელი ბავშვებისთვის არის იტალიური ენის შემსწავლელი უფასო კურსები.
სკოლა ორგანიზებას უკეთებს ასევე უფასო მოსამზადებელ კურსებს ბავშვებისთვის, რომლებიც იმ სემესტრში რაიმე კონკრეტულ საგანში ჩამორჩნენ.
თუ ვინმეს საშემოდგომო გამოყვა და ეს, არც თუ ისე იშვიათად ხდება, რადგან სწავლა მართლა რთულია და თან მასწავლებლები ნიშანს არავის ჩუქნიან, ასევე სკოლა ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეს ის საგანი დააძლევინოს და საშემოდგომოს გამოცდისთვის ამზადებს.

კლასს ჰყავს ორი წარმომადგენელი (თანაკლასელი), რომლებსაც თავად ბავშვები ირჩევენ და რომლებიც რაიმე პრობლემის ან ინიციატივის შემთხვევაში, მთელი კლასის აზრს წარადგენს დამრიგებელთან, დირექტორთან და ა.შ.
ასევე მშობლები ვირჩევთ ორ წარმომადგენელს. გვაქვს საერთო ჩათი, სადაც განვიხილავთ პრობლემებს ან ერთმანეთს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ვინმეს რაიმე არ გამორჩეს. ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი ხმაა სკოლაში.
სკოლა, ყოველ წელს, ირჩევს ორ მოსწავლეს, რომელიც დირექციასთან ერთად არიან წარმომადგენლები ქალაქის კომუნაში, განათლების სამინისტროში და ა.შ.
სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურება მოსწავლისთვისაც და მშობლებისთვისაც. ფსიქოლოგთან შეხვედრაც აპლიკაციის საშუალებით ან პირადად შეგიძლია დანიშნო.
მოსწავლეებს აქვთ დღიური, დაახლოებით ისეთი, კომუნისტების დროს რომ იყო, რომელშიც ჩაკრულია მოსწავლის ფოტო და არის მშობლის ხელმოწერა. დღიურში სხვა ინფორმაციასთან ერთად, იწერება ნებისმიერ გაცდენაზე ან დაგვიანებაზე დასტური მშობლის ხელმოწერით.

რელიგია არის არჩევითი საგანი.
წელიწადში ერთხელ, სკოლა (და არა მშობლები) ორგანიზებას უკეთებს ექსკურსიას, რომელსაც მიყვება ორი მასწავლებელი და არცერთი მშობელი. დამამთავრებელი კლასები ექსკურსიაზე ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში მიჰყავთ 3/4 დღით.
ორგანიზება უკეთდება ასევე თეატრებში სპექტაკლებზე დასწრებას. ერთ-ერთი სპექტაკლი იყო ინგლისურ ენაზე, ბავშვებში უცხო ენის ცოდნის გამყარების მიზნით.
პერიოდულად ტარდება ოლიმპიადები სხვადასხვა საგნებში და სკოლა მსურველებს თავად ამზადებს ოლიმპიადისთვის.
სპორტის გაკვეთილი ყოველთვის სკოლის დარბაზში არ ტარდება. მასწავლებელს ბავშვები სპორტულ ცენტრში ან ყინულზე სასრიალოდ მიჰყავს.
თუ მოხდა ისე, რომ გაკვეთილი ცდება და ეს ძალიან იშვიათად ხდება, ბავშვებს კლასში მარტო არ ტოვებენ და შედის ასისტენტი, რიგ შემთხვევაში, აყურებინებენ შემეცნებით/დოკუმენტურ ფილმს.
წელიწადში ერთხელ სკოლაში ტარდება რამდენიმედღიანი ფორუმი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი თავი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში იქნება ეს სპორტი, ხელოვნება თუ შემეცნებითი აქტივობები.

სკოლაში პერიოდულად ტარდება შემეცნებითი გაკვეთილები ბულინგის, დისკრიმინაციისა და სხვა პრობლემური თემების შესახებ. ამისთვის სკოლაში სპეციალურად მიდიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თუ დამრიგებელი ხედავს, რომ ბავშვებს შორის არის დაძაბულობა, იწყებს პრობლემის გარკვევას და ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას. ბავშვების პირდაპირი დაკითხვის გარეშე, რა თქმა უნდა.
და ეს, ყველაფერი არ არის...

თანაც მე მაღალ კლასებზე მქონდა აქცენტი, ანუ 14-18 წლის მოზარდებზე, დაწყებით და არასრულ საშუალო სკოლებში, ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მყარად და თამაშის კონტექსტში ხდება.

პ.ს. ძალიან ხშირად გამიგია, როგორ დასცინიან იტალიაში მცხოვრები ქართველები, იტალიური განათლების სისტემას და როგორ მოიხსენიებენ აქაურებს "დებილებად". მინდა ხოლმე პასუხი გავცე, მაგრამ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. როგორ უნდა ეძახო "დებილები" ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც თავი გადაირჩინე და რომელ ერსაც უამრავ სფეროში წამყვანი სპეციალისტები ჰყავს. ესეც განათლების ნაკლებობის მანიშნებელი მგონია.

პ.პ.ს. მე არ ვამბობ, რომ იტალიის განათლების სისტემა არის იდეალური, მისი დახვეწაც შეიძლება, რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დაწერილსაც მოჰყვება კრიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქმა სჯობს. იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება, ვეცადოთ, სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ.
მკითხველის კომენტარი (23)
?!
16 თებერვალი 2020 10:16
შორსა ვარ იმ აზრისაგან ვაკრიტიკო იტალიური განათლების სისტემა,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი,იტალიაში,მიუხედავად იმისა რომ ტურისტული ქვეყანაა, ცუდად ფლობენ ინგლისურს, განსხვავებით თუნდაც დანიისაგან,სადც ინგლისური უკლებლივ ყველამ იცის! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ სკოლებში ინგლისურს უკეთესად ასწავლიან!
giorgi
15 თებერვალი 2020 12:47
სწავლა 13 წელიო? ქართულ სკოლებში 12 წელი ასწავლიან და ხალხს სკოლა შეაზიზღეს. რა ამბავია 12-იო და ამათმა 13 წელიო. ბარემ 19 ყოფილიყო არ ჯობდა ვაფშე სკოლიდან პირდაპირ პენსიაზე გაუშვით ასე არ ჯობია?! კომუნისტური წყობა თუ არ ჯობდეს ათასჯერ რა
ლალი იბერი
15 თებერვალი 2020 08:24
მოსწავლე-პედაგოგი-მშობელის ურთიერთობა-კომუნიკაციის ეს ფორმები ბევრ კერძო სკოლაშია დანერგილი საქართველოში, მაგრამ როგორადაც არ უნდა ვეცადოთ ზუსტად გავიმეოროთ სხვათა გამოც დილება, ფორმა დარჩება ფორმად თუ არ ჩავწვდებით შინაარსს. თუ ვიქნებით უფრო ორგანიზებული, ბავშვებს ვასწავლით პატიოსან, თანმიმდევრულ შრომის უნარ-ჩვევებს, მშობლები ფოკუსირდებიან ცოდნის და არა ნიშნის შეძენაზე, მაშინ გაგვიადვილდება ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის გვერდით დგომა განათლების სფეროში.
ana
15 თებერვალი 2020 00:57
ზუსტად იგივე ხდება თბილისის კავკასიის ფრანგულ სკოლაში, რაც აღწერილია სტატიაში. სკოლა მდებარეობს თბილისში, შორს წასვლა არ სჭირდება განათლების სამინისტროს, იქნებ მიბრძანდეს წარმომადგენელი და ეშველოს საჯარო სკოლებს და არა მხოლოდ!!!!!!!!!!!
...
14 თებერვალი 2020 15:51
იგივე შემიძლია დავწერო საფრანგეთის სკოლებზეც,რაც ჩამოთვალეთ იგივე სწავლის რეჟიმია საფრანგეთის სახელმწიფო სკოლებში,და დასაცინი და გასაქილოკებელი ნამდვილად არაფერი ჭირს ევროპული განათლევის სისტემას
lela
14 თებერვალი 2020 15:28
ჩვენთან რა ხდება.:1 კლასელს რომელსაც ქართული წერა/კითხვა ჯერ არ უსწავლია,ატენიან ინგლისურს.სკოლა კატასროფულ მდგომარეობაში, არავინაა ვინც რამეზე პასუხისმგებლობას იღებს.სკოლა ყარს ტუალეტის სუნად
თამაზი.ზ
14 თებერვალი 2020 14:22
სამაგიეროდ ჩვენთან ,,დემოკრატია"-ა
ნანა
14 თებერვალი 2020 14:10
ვკითხულობ და ეჭვი მებადება,ეტყობა,სადღაც არის,ასეთი იტალია და მე,არ ვიცი.
რა თქმა უნდა,საქართველოში,სკოლა და განათლება,საჭირო აღარ არის,იმ ფონზე,რომ უცოდინარ ქოცებს,განათლებული ხალხი,არ აწყობთ,მაგრამ,
რამდენი წელია,იტალიაში ვცხოვრობ და ასეთი სკოლა,არსად მინახავს
ლილიკო
14 თებერვალი 2020 13:53
ეს ყველაფერი არის ნიუტონის სკოლაში.!!! :)
არა ტროლი
14 თებერვალი 2020 13:24
საბჭოთა განათლების სისტემაც ასეთი იყო,

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები