კორონავირუსმა იტალიაში "საბადოს" მიაგნო და იკვებება
კორონავირუსმა იტალიაში "საბადოს" მიაგნო და იკვებება
ფოტო:ნინა მამუკაძე
უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით და შიშით შეჰყურებს იტალიაში განვითარებულ მოვლენებს. რიცხვები მართლაც დამაფიქრებელია, განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა და ვეცდები, ზედმეტი პათოსისა და გადაჭარბების გარეშე, თქვენთან ერთად განვიხილო მიზეზები, თუ რატომ აქვს მაინც და მაინც იტალიას, სიკვდილიანობის ამხელა მაჩვენებელი.
მე არ ვარ ინფექციონისტი და ვირუსოლოგი, არც ექსპერტი, მაგრამ პირველივე დღიდან, საკმაოდ ახლოდან მომიწია მოვლენებზე დაკვირვება და საშუალება მაქვს, რეალურ მონაცემებზე და რეალურ სურათზე დაყრდნობით ვიმსჯელო.

თავიდან, მეც შოკში მაგდებდა, ყოველ საღამოს "გამოწერილი" სიკვდილის ქრონიკის მოსმენა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ სხვადასხვა ქვეყნები, ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევებს, სხვადასხვა მეთოდით ითვლიან.
მაგალითად, იტალია, ისევე როგორც ესპანეთი და საფრანგეთი, აქვეყნებენ ჯამს იმ შემთხვევების, რომლებიც უშუალოდ COVID - 19 -ით გარდაიცვალნენ და იმ ადამიანების,
რომლებიც გარდაცვალების მომენტში ვირუსის მატარებლები იყვნენ, მაგრამ სიკვდილის უშუალო მიზეზი, ვირუსი არ ყოფილა, ან დამოუკიდებელი მიზეზის გამო დაიღუპნენ. ამგვარად, ვირუსის ლეტალობა, რომელიც მიჩნეულია, რომ ზოგადად არის 1-2%, იტალიაში 10%-მდე მიაღწია.

არ ვიცი, რამდენად სწორია ასეთი სტატისტიკის მიწოდება, ისედაც დაზაფრული მოსახლეობისთვის, მაგრამ ჩემი, ერთი რიგითი მოკვდავის აზრით, უფრო მართებული იქნებოდა, ქვეყნდებოდეს ორი მონაცემი: ერთი - ზოგადი, ზემოთ ნახსენები და მეორე - უშუალოდ ვირუსით გარდაცვლილთა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება და უფრო ნათელი ხდება მაღალი რიცხვების მიზეზი.

და მაინც, რატომ უკავშირდება იტალიაში კორონავირუსს ამხელა მსხვერპლი, თუნდაც ვირუსი სიკვდილის არა უშუალო მიზეზი, არამედ უკვე რაიმე პათოლოგიის მატარებელი ადამიანის გარდაცვალების მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს.

სოციალურ ქსელებში, უკვე არაერთხელ შემხვდა იტალიის ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა და აბუჩად აგდება, რასაც ვერ დავეთანხმები. შეიძლება ეს სფერო გავაკრიტიკოთ კადრების სიმცირის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კადრების კვალიფიკაციის გამო; შეიძლება გავაკრიტიკოთ უახლესი აპარატურის რაოდენობის, მაგრამ არა ამავე აპარატურის არქონის, ან მოხმარების არცოდნის გამო და ა.შ. ეს ყველაფერი კი, წლების განმავლობაში სამედიცინო სფეროსთვის შემცირებული დაფინანსების შედეგია და მთავრობა ამ შეცდომას ყველაზე კარგად ახლა ხვდება. როგორც აღვნიშნე, გამოსვლებს, რომ იტალიის ჯანდაცვა ნულის ტოლფასია ვერ დავეთანხმები და გავაპროტესტებ, რადგან პირადად მქონდა შეხება ამ სფეროსთან და დადებითის მეტი, არაფერი შემიძლია ვთქვა, პროფესიონალიზმით დაწყებული, ადამიანური ფაქტორით დამთავრებული. დაავადებულთა ამხელა ტალღისთვის კი, კარგად გამოჩნდა, რომ თითქმის არცერთი წამყვანი ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა.

შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ იტალიის სამედიცინო მომსახურების მაღალმა დონემ გამოიწვია, ის რიცხვები, რასაც ყოველ საღამოს ვხედავთ, აგერ უკვე მერამდენე კვირაა. მოგეხსენებათ, რომ იტალია მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიცოცხლის ხანგრძლივობით. ეს კი, იტალიელი ექიმების ძალიან დიდი დამსახურებაცაა. შეიძლება ითქვას ისინი "მკვდრებს აცოცხლებენ" და ფეხზე აყენებენ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, სასიკვდილოდ გადადებული მოხუცი, რამდენიმე დღეში, საკუთარი ფეხით როგორ დაბრუნდა სახლში. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ 90 წლის ასაკში დაავადებები არსად ქრებიან და ამ ასაკის ადამიანების სრულიად გამოჯანმრთელება, წარმოუდგენელია, ამიტომ კორონავირუსმა, რომელიც განსაკუთრებით ასაკოვან და უკვე პათოლოგიების მატარებელ ორგანიზმებს ერევა ყველაზე იოლად, შეიძლება ითქვას, იტალიაში "საბადოს" მიაგნო და იკვებება.

მიუხედავად გარდაცვლილთა უმრავლესობის ხანდაზმულობისა და პათოლოგიებისა, იმის მუდმივად გამეორება, რომ აღნიშნული ვირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანისთვის არ არის ისეთი ფატალური, როგორც შეიძლება კაცობრიობისათვის სხვა, უკვე კარგად ნაცნობი ვირუსები იყოს, მსუბუქად რომ ვთქვათ, სიტუაციის არაადეკვატური აღქმაა. კარგად დავინახეთ, რომ COVID - 19 გავრცელების საოცარი სისწრაფით ხასიათდება და უამრავი ადამიანი სტაციონარში, უარეს შემთხვევაში კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭიროებს მოთავსებას. და თუ ჩვენ გავრცელების ტემპს არ შევამცირებთ, მოხდება საავადმყოფოებისა და რეანიმაციების გადავსება, რაც სამედიცინო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი აქვს აღნიშნულ ვირუსს.

იტალია კრიზისში სწორედ ამ მიზეზების გამო აღმოჩნდა და რიცხვებიც ამიტომაა ასეთი მაღალი და არა იმიტომ, რომ საავადმყოფოები არ უვარგა, ან პერსონალი ჰყავს არაკვალიფიციური.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ მაქვს.

დაბოლოს, იტალიაში სამედიცინო მომსახურება უფასო და ხელმისაწვდომია განურჩევლად ყველასთვის, იქნება ეს იტალიელი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ლეგალი თუ არალეგალი.


ნინა მამუკაძე იტალიიდან

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ზურა
28 მარტი 2020 14:00
როდის გადავეჩვევით უცხო ქვეყნების ქებას და საკუთარის უმიზეზოდ ლანძღვას.
თემო
27 მარტი 2020 12:25
აბსოლუტური სიმართლეა რასაც ეს ქალბატონი წერს.მე ესპანეთში იგივე სტატისტიკის მოწმე ვარ.ჩემი საქმიანობით დაკავშირებული ვარ ფარმაკოლოგიასთან და მეტნაკლებად შემიძლია დავადასტურო,რომ ესპანეთსა ზუსტად იგივე " პრობლემა" ( ასაკობრივი) გააჩნია.რაც შეეხება სამედიცინო სისტემას- ზუსტად რომ მაღალ დონეზეა,ამიტომაც მოხუცებულთა რაოდენობა და საშუალო ასაკი არის მაღალი.
ლევანი
27 მარტი 2020 12:04
შეიძლება ბევრი რამ მართალიც არის თქვენს ნათქვამში მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაყარეთ როდესაც ამბობთ რომ იტალიაში სამედიცინო მომსახურეობა უფასო არისო.თქვენ რა რას ფირობთ მარტო თქვენ იცნობთ იტალიას?. ერთადერთი ქვეყანა ევროპაში იყო ესპანეთი ვისაც სამედიცინო მომსახურება უფასო ქონდა და მათაც გააუქმეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?