ჩვენ ილუზიით ვიკვებებით! - კვირის პალიტრა

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით!

გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს წერდა: "თავის მოტყუებას ძვირად დაგვისვამს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია".

ჭეშმარიტების უარყოფა დღესაც ორნაირად ხდება: ილუზიითა და ტყუილით, საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის რა არის დანაშაული, მაგრამ ისევ არ იცის რა არის ცოდვა. ამიტომ დღესაც აქტიურად მოითხოვენ (ან უყურებენ) დამნაშავის დასჯას, მაგრამ ისევ არავინ ინანიებს ცოდვებს. როცა ჭეშმარიტებას უარყოფს სიცრუე კიდევ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს. ცრუმ ხომ თვითონაც იცის რა არის სიმართლე. როცა ჭეშმარიტებას უარყოფს ილუზია, მაშინ კი შეუძლებელი ხდება ცრუთა მხილება. ილუზიაში მყოფთ არ უწყიან ჭეშმარიტება, მათ გაგონებაც არ სურთ სიმართლის.

ასეთი გრძნობა მაშინ გამიჩნდა, როცა ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად სახელმწიფო კანცელარიაში მომუშავე ქალბატონი შემხვდა და სრული სერიოზულობით მკითხა: "იცი, სულ ვფიქრობ, ქვეყანას ყველაზე დიდი ჭირი "ნაცები" მოვაცილეთ და კიდევ რატომ არის ქვეყანა არეული, რაღა დარჩა გასაკეთებელი?!"

ამ ქალბატონის მიერ გულწრფელად დასმული შეკითხვა არის ლუსტრირება არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ბოლო დროის მთავრობებისაც. როცა ერთი ძალაუფლების მეორეთი ძალადობრივად ჩანაცვლება მათთვის არის ყველაფერი და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ქვეყანას მართვა ჭირდება.

ეს არის ლუსტრირება იმ ქმედებებისა, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება. ბინძური ფაქტების მერე, ხელისუფლება ვიღაც აბსტრაქტულ პირს ეძებს და "განტევების ვაცს" თავის ბინძურ ხელებს აწმენდს, იმის ნაცვლად, ერთხელ მაინც, სრულიად ხალხს ბოდიში მოუხადოს, რომ ასეთი უნიათო და უსუსურია. რომ ვერ შეძლო სისტემის ჩამოყალიბება. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე კი ალალბედზეა. ვითომ ოპოზიცია კი ამ ფაქტით ხელს ითბობს. გეგონება დაზარალებული ქალბატონის ან მისი მსგავსი ადამიანების ღირსება ადარდებდეს. სინამდვილეში კი აშკარაა, წინასაარჩევნო ჩაძირვების მეთოდები არ შეცვლილა.

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით, რადგან ხელისუფალთ არასოდეს სცალიათ ქვეყნის მეურვეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე ფიქრისთვის. მათ უნდა გვახარჯინონ ჩვენი ცხოვრების თვეები და წლები უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე. იმის განხილვაზე ვინ სად დაინიშნება.

გეგონება რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს ცხოვრებაში. ეს იმ დროს როცა, ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ქაოსია.

ჩვენ ილუზიაში ვიარსებებთ, ვიდრე ეფემერული ევროპის ჭაობიან პერიფერიად ყოფნაზე ვოცნებობთ; ვიდრე მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველგვარი მიზნების გარეშე გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გადაირჩინოს თავი. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დღეს ის თავის ქვეყანაში მსხვერპლია და აღარასოდეს დაუკრას ტაში შერჩევითი სამართლის დამამკვიდრებელ ტელეკომპანიებს. აღარასოდეს აუბას მხარი ყველაფრის მკადრებელ არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს.

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიზეზებს ჩვენსავე თავში არ ვიპოვით. უცოდინრობა და ილუზიაა, როცა ევროპას ვთხოვთ დახმარებას შიდა ნაკლოვანებებზე. ჩვენი ქვეყნის მმართველები კი თითსაც არ ანძრევენ ქვეყნის მოწესრიგებისა და განვითარებისათვის. სირცხვილია, როცა ევროსაბჭოში ჩასული "ქოცები" და "ნაცები" ერთმანეთის მიმართ ზიზღს ღიად გამოხატავენ. არ უშვებენ შანსს ერთმანეთის წინააღმდეგ მიაწოდონ კომპრომატები უცხო ქვეყანას და ამით კიდევ ერთხელ დააცინინონ და დააკნინონ ჩვენი სამშობლო.

პირდაპირი მიღალატეობაა, როცა არაერთი ჟურნალისტის მსგავსად სხვა კერძო ადამიანებსაც შიდა პრობლემებზე უხარიათ ინფორმაციის გარეთ გატანა და მერე ხალხისთვის იმის მტკიცება თითქოს ჩვენი პრობლემებისთვის ვინმე წუხდება.

ბატონებო! ევროპაშიც აქვთ უამრავი პრობლემა, მაგრამ იქ კანონი მოქმედებს. ვერავინ გაბედავს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება და თან არავინ არასოდეს გაიტანს თავის პრობლემას გარეთ. გულწრფელად გეუბნებით, თუ შენ ინტენსიურად წერ ევროპელს თუ ამერიკელს, აი აქ ჩემი უფლება შეილახა, ის ვალდებულად თვლის თავს, მისწეროს პასუხი შენს მთავრობას, რათა დაგეხმაროს კანონის დაცვაში. ამიტომ არის რომ აქედან გაგზავნილი ინფორმაცია ხშირად სიტყვასიტყვით მეორდება მათ მიერ დაწერილ შეშფოთების წერილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაინტერესდებოდა შენი პრობლემებით. იმას, რასაც ევროპა არ დაუშვებს თავისთან, მწვანე შუქს უნთებს თავისუფლების სახელით მიწერილ წერილების ავტორებს აქ.

ეს მანიშნებელია იმისა, რომ ერის გენოციდთან ერთად ცრუ-ევროპული დროშის ქვეშ მიმდინარეობს ქვეყნის დაკნინება და ერის კულტურული გამოფიტვა. ამ გამოფიტვის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ჟურნალისტები, ე.წ. არასამთავრობოები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით და ამიტომ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობამ ეროვნული თავისუფლება ვერ მოგვიტანა. ამიტომ გვიჭირს ჭეშმარიტების აღიარება და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში დამკვიდრება. ამიტომ ვერ გავიგეთ, რატომ გავაიგივეთ ქვეყნის ხელისუფლება და სამშობლო. სამართალი და ტელეკომპანიები. რატომ ავთქვიფეთ ერთმანეთში სამშობლო და ჭეშმარიტება. როდესაც არჩევანი დემოკრატიასა და დიქტატურას, თავისუფლებასა და მონობას, სამართალსა და უსამართლობას შორისაა პასუხისმგებლობა თქვენ, ყველას გეკისრებათ! შესაძლოა ჩემმა წერილმა მავანნი გააღიზიანოს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ილუზიაში ყოფნა ამორალური ყოფნაა. სწორედ ამიტომ ილუზია ცოდვაა, სიცრუე კი - დანაშაული.

ქვეყანა კი მაშინ გადაიქცევა სახელმწიფოდ, როცა სრულ პასუხისმგებლობას მასზე ხელისუფლება იკისრებს. როცა ხალხს ნებისმიერ ნაბიჯზე ექნება კანონის დაცვის უფლება. როცა შენს ოპონენტზე გაბრაზებული, ან იმისათვის რომ საკმარისი ფული ვერ "მოხაფე", შენს შიდა ნაკლოვანებებზე სრულ ინფორმაციას უცხოეთს არ მიაწვდი და უნებლიედ არ იქცევი შენი ქვეყნის ჯაშუშად. როცა ამ პროცესებს გააკონტორლებს და გავლენას მოახდენს ქვეყანაზე ნამდვილად მოფიქრალი მთავრობა. მაშინ ვიქცევით სახელმწიფოდ, როცა ყველაფერს შენს ხალხს არ გადააბრალებ და შექმნი ცხოვრებისათვის ნორმალურ პირობებს. როცა შენ, როგორც მთავრობა იკისრებ პასუხისმგებლობას!

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე" სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი.