კოალიციის დაშლა-არმოშლისა იყოს - კვირის პალიტრა

კოალიციის დაშლა-არმოშლისა იყოს

ალბათ, ერთობ არაპოპულარული იქნება ჩემგან, როგორც ჟურნალისტისგან თუ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს კოალიციის დაშლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. უფრო სწორად, ძალიან მაღიზიანებს და მინდა ჟურნალისტებმა აღარ გააშუქონ ეს საკითხი არასდროს! გეთანხმებით, უცნაურია! მაგრამ, ეტყობა იმდენად შევწუხდი, რომ ეს ხმამაღლა წამომცდა და ჩემი კოლეგების გულისწყრომაც დავიმსახურე.

მეგობრებო, მე საკითხს ამგვარად დავსვამდი: რა გააკეთა კარგი კოალიციამ ქვეყნის განვითარებისთვის? რა გააკეთა ხალხისთვის? რატომ უნდა ვიდარდოთ დაიშლება თუ არა ის, როცა ბურთიც და მოედანიც მათ ხელშია და ქვეყანაში ამით არაფერი იცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები კი კვლავ განხილვის მიღმა რჩება.

დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება, უაზროდ გრძელდება ხმაური, ვფიქრობ, დროის გაყვანის მიზნით. მე, მხოლოდ ერთ განსხვავებას ვხედავ ამ პროცესებში, თუ ადრე კარგად დასვენებული და გარუჯული პოლიტიკოსები არჩევნებისთვის მზადებას აგვისტოს ბოლოდან იწყებდნენ, ეხლა უსაქმურობის ნიადაგზე ეს ვადები მარტიდან დაიწყო.

აბა, დაითვალეთ რამდენი თვეა: მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. 8 თვე! წარმოგიდგენიათ?! აღშფოთებას ვერ ვმალავ, 8 თვე კვლავ არაფრის კეთების მოლოდინში. ერთხელ ევროპაში ერთ-ერთ არჩევნებს დავესწარი. პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვის რა შეეძლო გაეკეთებინა არა მათი არჩევის შემთხვევაში ან არჩევნების შემდეგ, არამედ არ-ჩევ-ნება-მდე!

აბა, თუ მაგარი პოლიტიკოსები ხართ, პოლიტიკური ბატალიები წარმართეთ ამ კუთხით, ვის რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ 8 თვის განმავლობაში, რა სარგებელი შეგიძლიათ მოუტანოთ ხალხს. არადა, გულწრფელად გეუბნებით ქვეყნის სერიოზულად წელში გამართვისთვის 8 თვე აბსულუტურად შესაძლებელია, თუკი ხედავთ და აანალიზებთ რა არის მთავარი პრობლემა დღეს (რაშიც ეჭვი მეპარება).

თან ვინ იბრძვიან სკამებისთვის: "ნაცები" და "ქოცები". "ოცნებას" ოცნების იმედი თუ ექნება, სხვა ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია. ივანიშვილის გარემოცვამ მოახერხა გაეფლანგა ის ვეებერთელა მხარდაჭერა და პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას ჰქონდა. წინასაარჩევნოდ ისევ ხალხის დახარბება ფულით ეფექტიანი ვერ იქნება.

არც ოპოზიციაში არსებობს პიროვნება, რომელსაც ადამიანები მასობრივად ენდობიან. "ნაცების" რიგებში სრული მარაზმი სუფევს და მეღიმება, როცა გაჰყვირიან: "ვიცით, როგორ ვმართოთ ქვეყანა"! ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ბიზნესმენებს უნდა ეყოთ გამბედაობა და ახალი, ალტერნატიული ძალა დააფინანსონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ წრეზე წავალთ და ერთი ხუმრობისა არ იყოს, მერე მართლა მოხდება ქვეყნიდან ხალხის სრული ევაკუაცია.

უკვე მერამდენედ ხმაურს ტეხენ არა იმაზე, ვინ უკეთესად მართავს ქვეყნას, არამედ ვინ რა თანამდებობას გაინაღდებს. როგორ გაიგრძელებს ვადებს პარლამენტში. როდემდე უნდა ვაკეთოდ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?!

გასულ შაბათ-კვირას რამდენიმე სოფელს ვსტუმრობდი. ლადო პაპამ ჩემთვის მოულოდნელად მკითხა: - ე, მანდ, რომ არიან პოლიტიკოსები, თუ იცი, ოდესმე ამ სოფლებზე აუვლ-ჩაუვლიათ? - მხრები ავიჩეჩე... ლადო პაპა გადაღლილი, ცხოვრებისგან გაწამებული ერთი ჩვეულებრივი გლეხია.

- ნეტაი შემეძლოს და ხმა მივაწვდინო, - მეუბნება.

- რას ეტყოდით? - ვკითხე და პასუხს დავუდარაჯდი.

სწორედ მისმა პასუხმა გადამაწყვეტინა ამ ბლოგის დაწერა.

- რასა და... დინჯად დაიწყო. - თქვე მამაცხონებულებო, 5 წუთი აღარა გაქვთ, რომ გადმოიღოთ თაროზე შემოდებული კანონები, ერთი კარგად გადაიკითხოთ თქვენი უფლება - მოვალეობები და დაფიქრდეთ, იქნება და სადმე გიწერიათ შიგა, ხალხი არ აწამოთო!

პაუზის შემდეგ დაამატა: - წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი უნდა მოეგოს გონსა და ერთხელ მაინც, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, არჩევნებს გამოუცხადოს არაო…

ნინო ცხვარაშვილი

ჟურნალისტი