იაფი ვღირვარ - სულ რაღაც ქრისტეს ფასი მაქვს! - კვირის პალიტრა

იაფი ვღირვარ - სულ რაღაც ქრისტეს ფასი მაქვს!

მე და ჩემი ინგლისელი მეგობარი ენდრიუ ვკამათობდით, მან ირონიულად გამიღიმა და მოკლედ მომიჭრა: "კარგი რა ნინო, ყველაზე იაფი დღეს ქრისტე ღირს, სულ რაღაც 2 პენსი!" - მან ჩაიარა, მე კი ძალიან ავფორიაქდი. მინდოდა გავკიდებოდი და რაღაც ისეთი მეპასუხა, მაგრამ ზუსტად რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ენდრიუ მართალი იყო. ჩვენ ერთნაირი პოზიცია გვქონდა.

დედამიწა ავად არის. ამ დაავადებას სულიერი კრიზისი ჰქვია. უკმარისობის გრძნობა ყველაფერში კი - სულიერი სიღატაკის მთავარი მიზეზია.

თუ ფსიქოფობი არ ხარ (რაც ბერძნულად სულიერების სიძულვილს ნიშნავს) ამ ე.წ. ელიტარულ სასტავში ვერ მოხვდები. უფრო სწორად დედამიწაზე შენი ადგილი აღარ არის, ისევე როგორც ღმერთის. ღმერთი ყოველდღე იდევნება. სულიერების დაცინვა ქმედებით თუ სიტყვით ეს სითამამეა! ადამიანური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა პოპულარობის გარანტი და ვიღაცის სნობურ წრეში საკუთარი ადგილის პოვნა.

ამ ქვეყანაზე, ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს სინდისიერად ცხოვრებისთვის ნაკლებად რჩებათ დრო. კაცობრიობას სულიერების სიძულვილი დაეუფლა და ამგვარი ადამიანების წესები განაგებს ყველაფერს. დღეს მთავარი ღირებულებებია: "მე" და "სექსი".

რაღა დროს ცოდვაზე ლაპარაკია, ღმერთო ჩემო! თქვენ ხომ არ გაგიჟდით? თუ თანამედროვე არ ხართ? ნუ ბოჭავთ ადამიანების თავისუფლებას! ყველამ უნდა იცხოვროს ისე როგორც მათ სურთ. რა დროს ზნეობაა, რას გვაკომპლექსებთ?!- ასე ფიქრი, დღეს, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მოდაშია! ჩვენ მათ ვბაძავთ! მოკრძალება - ნაკლოვანებაა. პატიოსნება კი - სირცხვილი.

ამ პრაგმატიზმით გაჟღენთილ და გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში სინდისი მძევლად იქცა.

ოჰ, როგორ სიამოვნებით გადმოიბირებდა მთელი მსოფლიო ქრისტეს კიდევ ერთხელ და ერთი კარგად გაროზგავდა.

სიყვარულისთვის სამყარო დაიხშო. ყველგან აბსულუტური სიცარიელე ბატონობს! ყველაფერი ძალადობრივი ხდება. "უსახო" ან "უვიცი" "ადამიანები"გასწავლიან რა არის ტოლერანტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ხარ. სამყარო სადაც ყოველი მეორე ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ! დღევანდელ აღვირახსნილ სამყაროში საკუთარი "მე" ხდება მთავარი კულტი. ორიენტაცია საკუთარ თავზე, საკუთარ სექსზე.

მაპატიეთ, მაგრამ დავიღალეთ!

რადგან, ადამიანს სექსუალობა საერთოდ არ განსაზღვრავს. იცოდით ეს?! მას უკვდავი სული განსაზღვრავს და არა მისი გენდერული ორიენტაცია. არაფერს განსაზღვრავს თქვენი თანამდებობები და ხშირი გამოჩენა ეკრანებზე, თქვენს სექსუალურ პოზებზე დაუსრულებელი საუბარი! თქვენი საქმეები განსაზღვრავს ყველაფერს. დღეს ხომ სიკვდილ-სიცოცხლის ხაზი თმისღერისოდენა გზაზე გადის.

ღმერთი ყოველდღე იდევნება. მაგრამ, თუკი, რაიმე ცუდი მოხდება ისევ ღმერთს ვყვედრით, რატომ არ დაგვიცვა. სად იყო ამ დროს?! რატომ მოკვდა ვიღაც, მას აუცილებლად ღმერთი მოკლავდა. რატომ დაიწყო ომი, რატომ მოხდა ეს უბედურება, სად იყო ღმერთი და ასე შემდეგ. რა საშინელი სიბეცეა!

ჩვენ საკუთარი ნებით ვდევნით მას ყოველ წუთს, ყოველ დღე და შედეგებს ღმერთს ვაბრალებთ. ეს უდიდესი ბოროტებაა ადამიანისგან.

სახარებაში წერია: ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს სულიწმინდის გმობის გარდა! ეს იმიტომ რომ იმ უარყოფით შედეგებში რაც დღეს დედამიწაზე ხდება ღმერთს 100%-დან მეასიათასედითაც კი არ მიუძღვის ბრალი. ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ ვქმნით ჯოჯოხეთს. ისევე როგორც ჩვენ მოვიმკეთ სიკვდილი. ჩვენ ვთესავთ ბოროტებას, შიშს, სიძულვილს. ღმერთს კი ვგმობთ.

მე დღეს ქრისტეს ფასი მაქვს. სულ რაღაც 2 პენსი ვღირვარ. შეგიძლიათ არც წაიკითხოთ ჩემი ბლოგი, რადგან ჩემს სექსუალურ მონაცემებზე არაფერს ვწერ... უბრალოდ ვამტკიცებ, რომ სამყაროში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ვიდრე საკუთარი "მე", ვიდრე საკუთარი "სქესი". ღირებულებები, რომლებიც დღეს უპირობოდ ფეხქვეშ ითელება. უნდა დავფიქრდეთ. ღმერთი კი არ გვსჯის, ის უბრალოდ გადის თქვენგან. თუკი ის არ გსურთ ის გადის თქვენი ცხოვრებიდან. მისი მეორედ მოსვლაც ამიტომ მოხდება. ბოლობოლო ის მოვა, გაიყვანს თავის შვილებს და გავა დედამიწიდან და იმ დღეს ქვა-ქვაზე არ დარჩება. რადგან სიცოცხლე მხოლოდ ღმერთშია. სიძულვილი ვერ იქნება დღეგრძელი. მხოლოდ სიყვარულია არსებითი, ჭეშმარიტებაა არსებითი. თავისუფლებაა არსებითი.

თქვენ ეშმაკს მსახურებთ და შედეგებს ღმერთს აბრალებთ. თქვენ ერთმანეთში ურევთ ღირსების დაცვას და პატივმოყვარეობას. თავდაცვას და ძალადობას. სიმართლის თქმას და განკითხვას. მხილებას და დაბეზღებას. დათმენას და სისუსტეს. დღეს ფსევდო-ფასეულობებია დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე საკუთარი სიმართლე ყველაფერია. საკუთარი "მე" ყველაფერია! ღმერთი ზედმეტია. სიყვარული ზედმეტია. სინდისიც ზედმეტია. თქვენ ეშმაკს მსახურებთ, რადგან სულიერების ზიზღით ხართ შეპყრობილი.

დედამიწა ავად არის! ყველანაირ ფობიაზე ლაპარაკი ზედმეტია! ეს უსუსური ღირებულებები, რომელზეც დროის ხარჯვაც არ ღირს და რომელზეც პირს ყოველდღე იქაფებთ, მსოფლიოს დაანგრევს მალე.

გულწრფელად გეუბნებით, დღეს ყველაგან და ყველაფერში მხოლოდ ერთი ფობია მძვინვარებს. ეს არის სულიერების სიძულვილი. სამყაროს ფსიქოფობია შეეყარა.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი