როგორ დავაკნინოთ საკუთარი ერი, ანუ წიგნიერების დონე საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორ დავაკნინოთ საკუთარი ერი, ანუ წიგნიერების დონე საქართველოში

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

ბრიტანეთის სკოლის მოსწავლეების განათლების დონე გამოკითხვის შედეგების მიხედვით კორეისა და კამბოჯის მოსწავლეების დონეს ჩამორჩება. საუბარი იყო მე-7 მე-9 კლასის მოსწავლეებზე. ეს ინფორმაცია მედიაში გამოჩენისთანავე მალევე გაქრა მკითხველის თვალსაწიერიდან. არც არავის განუხილავს შინაარსიანად. ამ გამოკითხვიდან გაცილებით ადრე, კარგად მახსოვს, ქუჩის გამოკითხვა ჩატარდა, რომელიც ერთ-ერთმა ინგლისურმა ინტერნეტ გამოცემამ დადო მოკლე ხნით საკუთარ ვებ-გვერდზე. დაახლოებით 1200 ადამიანიდან ყოველ მე-3 უჭირდა პასუხის გაცემა: შექსპირი ეროვნული გმირი იყო, მწერალი თუ მეფე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მკაცრად დაგმო ჩანაწერის გამავრცელებლები და აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება ჩვენს მოქალაქეებს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს. აქვე, მან კატეგორიულად აკრძალა მსგავსი გამოკითხვები.

ისიც კარგად მახსოვს, შუაგულ პარიზში ერთ-ერთი ცნობილი შენობის წინ, რომ იდგა ჟურნალისტი და ადგილობრივებს ეკითხებოდა: თუ იცით ვინ ააგო ეს შენობაო. ეტყობა ეროვნული ფასეულობა უნდა ცოდნოდა ხალხს, მაგრამ პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდა.

თუმცა ფრანგებს, ისევე როგორც ინგლისელებს ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით საკუთარი ერი უვიცად და გაუნათლებლად არ გამოუცხადებიათ.

ისიც მშვენივრად მახსოვს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში 987 გამოკითხულიდან 62% უპასუხა, რომ ინგლისური ანბანი სავარაუდოდ, 54 ან 43 ასო-ბგერისგან შედგებაო. თუმცა დღეს ამერიკა "განათლებულ" ქვეყანათა საუკეთესოთა შორის ხვდება.

საქართველო, წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა, ამბობს 2016 წლის გამოკვლევა, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა ჩაატარა. ინტერნეტში უკვე ატყდა ვაი-ვიში, საქართველომ დამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღოო. მავანისთვის კი საკმარისი გახდა, რომ სრულიად ერი, კიდევ ერთხელ, გაუნათლებლად და განუვითარებლად გამოეცხადებინა.

ამასთან, ვერასოდეს ვივიწყებ ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ ტელევიზიის მიერ არაერთხელ ჩატარებულ გამოკითხვას. ჟურნალისტი უნივერსიტეტის ეზოში მსხდომ ახალგაზრდებს ეკითხება: ვინ არის სოსო შატბერაშვილიო. ახალგაზრდებმა ბჭობა დაიწყეს ვინმე პროფესორ-მასწავლებელი ხომ არ იქნებოდაო, ჟურნალისტი უეცრად ზურგს აქცევს მათ და მიკროფონში აცხადებს, აი ასეთი დონე აქვთ ქართველებსო. (თქვენ წარმოიდგინეთ სოსო შატბერაშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი აღმოჩნდა, რამაც მეც დამაბნია).

ეს არის ერის დაკნინება და დეგრადირება. მათი ჩანაწერები ჯერ კიდევ დევს youtube-ზე და ჩვენ, რომ სახელმწიფო ვიყოთ ამგვარი ფაქტები დაუსჯელი არ უნდა რჩებოდეს და იმ ჟურნალისტსაც პასუხი უნდა მოეთხოვებოდეს, მაგრამ ჩვენთან პირიქით ხდება. აქ მოდაშია ლანძღო საკუთარი ხალხი. როგორმე იქნებ უარყოფითი იპოვო და დააკნინო ერი.

ძალზე ხშირად, ნებისმიერი უარყოფითი რამ მთლიანი ქართველი ერის განათლებასთან ასოცირდება, რაც უდიდესი შეცდომაა. თუ ვინმეს საქციელი არ მოგწონს თურმე მთელ ერს განათლება არა აქვს და იმიტომ. ვინმეს პასუხი არ მოეწონებათ - უვიცები ვართ. თურმე ქვეყანა წინ იმიტომ ვერ მიდის, რომ განათლება არა გვაქვს და ასე შემდეგ. არავის ყოფნის სითამამე თქვას, რომ დღეს პოლიტიკური ნება არ არის ჩვენს ქვეყანაში, რომ შეიქმნას ჩვენი ხალხისთვის განათლებისა და განვითარების ნორმალური პირობები.

ამიტომ, მე თქვენს იაფფასიან მოდას ვერ ავყვები.

ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა გაუნათლებელი ნამდვილად არ არის. ჩემს გარშემო უამრავი ახალგაზრდა უზომოდ განათლებულია, უბრალოდ მათ არ აქვთ წინსვლის საშუალება, ამისთვის პირობებს სახელმწიფო არ ქმნის. მე პირადად ვიცნობ არაერთ სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს, რომლებიც ძალიან ნაკითხები არიან. მე ვერასოდეს ვუწოდებ ჩემს ხალხს გაუნათლებელს. დღეს არაერთი ქართველი თინეიჯერი გამომგონებელი და მკვლევარი გვყავს, მაგრამ იმ პოლიტიკის გამო რაც ქვეყანაშია, მათი საქმიანობა და მხარდაჭერაც, მეორე პლანზეა გადაწეული.

როდესაც კრიტიკულად უდგებით სკოლამდელ ან სკოლაში არსებულ სიტუაციებს პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიხსენოთ ხელისუფალნო. ყოველ სეზონზე რამდენჯერ ცვლით სისტემას, პროგრამას და მიდგომებს. კვლევა, ვფიქრობ ერთი მიზნით უნდა ჩატარდეს: ყოველთვის, დავფიქრდეთ რა კუთხით კიდევ რა არის გასაკეთებელი და როგორც სახელმწიფომ გულწრფელად იმუშაოს ამ მიმართულებით და არა დასცინოს და დააკნინოს საკუთარი ერი.

ბოლო კვლევები სახელწოდებით: "წიგნიერების დონე ამა თუ იმ ქვეყანაში" სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებდა. მათ შორის ქვეყანაში გამართული უნდა იყოს ბიბლიოთეკები, ადამიანებს უნდა ქონდეთ მასიურად ინტერნეტსა და აიფონებზე წვდომა, რომ მიიღონ ინფორმაცია და ა. შ. ეს ყველაფერი შედარებითია.

ჩვენ იმიტომ არ ვფასობთ სხვათა თვალში, რომ ჩვენ თვითონ არ ვაფასებთ ჩვენს ქვეყანას. ვერ ვვითარდებით იმიტომ, რომ მიდგომებია მცდარი.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. აბსოლუტურად იდიალურად არც იმ "აწყობილ" ქვეყნებში არ არის ყველაფერი. არაერთმა უცხოელმა მშობელმა მითხრა: "არ ისწავლის ჩემი შვილი და ნუ ისწავლის, წავა და ფულს გააკეთებს". თუნდაც ჩემს მიერ, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო, აბა სცადეთ და იპოვეთ ინტერნეტში, რომელიმე ქვეყანას საკუთარი ერისთვის უვიცი და გაუნათლებელი ოდესმე ეწოდებინა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება. ჩვენი კარგის წარმოჩენა. ჩვენ უნდა შევძლოთ ნორმალური სისტემის ჩამოყალიბება განათლების სფეროში თუ სხვაგან, რაც ხელშემწყობი იქნება მათთვის, ვისაც ნამდვილად სურს განათლების მიღება.

მე ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, რომლებიც ჩვენს ქუჩებში დადიან, მათ სჭირდებათ სტიმული და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა არანაირი განვითარების საშუალებას მათ არ აძლევს.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

ვიცი ეს დღე მავანისთვის მიზეზი იქნება კიდევ ერთხელ არასწორი შეფასებები მისცეს ჩვენს ქვეყანას. მე მათ მოკრძალებულად ვეტყოდი: შეცვალეთ მიდგომები და შეფასებები.

ყველა წიგნის მოყვარულს გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთი ახალი წიგნით გელით 23 აპრილს....

ნინო ცხვარაშვილი

ჟურნალისტი