ღმერთი "უძლურია" - კვირის პალიტრა

ღმერთი "უძლურია"

ღმერთი უძლურია! ვპასუხობ ჩემს მეგობარს, რომელიც დაუსრულებლად მეკამათება იმაზე, თუ ღმერთი მოწყალეა, რატომ არ ვიღებთ უკეთეს ცხოვრებას. რატომ დღესვე არ გვაბრუნებს სამოთხეში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ჩვენი შეგნებული თუ შეუგნებელი არჩევანია და ღმერთი შენი არჩევანის გარეშე, მოძალადე იქნებოდა.

წმინდა მამები ამბობდნენ: "ადამი სამოთხეში იყო, სამოთხე ადამისა იყო". ადამის ეს შინაგანი სამყარო ღვთის მადლი იყო, რომელიც მან ცოდვის გამოისობით დაკარგა. როცა მან შინაგანი სამყარო დაკარგა, მაშინ მის წინაშე გარეგანი სამოთხეც გაუფერულდა. ის ღმერთის მოახლოებას ხედავდა, მაგრამ მას ეს არ ახარებდა, პირიქით აშინებდა კიდეც. მას სურდა ღმერთის თვალთაგან ბუჩქებში მიმალულიყო. მას ისიც დაავიწყდა, რომ ღმერთი ყოველგან არის.

ადამიანები, ამჟამად, დაუსრულებლად ყვედრიან ღმერთს: "თუ ღმერთი გულმოწყალეა, რატომ არ მიუტევებს ადამიანებს მათ ცოდვებს და კვლავ დააბრუნებს მათ სამოთხისეულ მდგომარეობაში?"

მე ამ ადამიანებს გულწრფელად შევახსენებდი: გადარჩენა - ეს არ არის ამნისტია დანაშაულისათვის. გადარჩენა - ეს არის ღმერთთან თანაზიარობის საშუალება. უფალმა დღესვე, რომ დააბრუნოს ადამიანები სამოთხეში, მათ მაინც არ ექნებათ შინაგანი სამოთხე. არ ექნებათ მთავარი - ღმერთთან თანაზიარობა. ისინი სამოთხისთვის უსაზღვროდ უცხონი იქნებიან.

ადამის სამოთხიდან გამოძევება, ადამიანთა დასჯა, მათთვის საღვთო ნათელის მოკლება - ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვის შედეგია, ჩვენი არჩევანია! რამაც შეუძლებელი გახადა ჩვენი გულის ღმერთთან შეერთება. იმისთვის, რომ სამოთხეში იყო, საჭიროა სამოთხე შენში იქონიო. თუ ეშმაკს ტაძარში შეიყვანენ, ამით იგი ვერ მიიღებს სიმშვიდეს. უშფოთველობას და ბედნიერებას. იგი გაალქაჯდება, რადგან ალქაჯი მის შიგნითაა.

თუკი ცოდვილი სამოთხეში მოუნანიებელი შევა, ის ვერ იგრძნობს სამოთხისეულ სიტკბოს. ცოდვა, როგორც შინაგანი ეშმაკი, როგორც გველი, მის სულს მაინც დაუწყებს ღრღნას.

ამიტომ ხსნა, მხოლოდ ღვთის წყალობით შეუძლებელია.

ხსნა ეს საღმრთო და ადამიანურ ნებათა ურთიერთქმედებაა. მადლს არ შეუძლია ცოდვას შეეუღლოს. თუ ადამიანმა ცოდვა შეიყვარა, მაშინ მისი ღმერთთან შეერთება შეუძლებელი ხდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება შეუსაბამობა სურვილსა და რეალობას შორის. ადამიანი ცოცხალი არსება კი არ იქნება, არამედ ნივთი, ღმერთი კი მოძალადე.

ჩვენ გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ყოველთვის გვავიწყდება: თავისუფალი ნებელობა და აზროვნება. ეს, ის კრიტერიუმებია, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს. სხვა საკითხავია, როგორ ვიყენებთ ამ ფასეულობებს.

მაგრამ, როგორც კი სურვილი ჩნდება, ადამიანთა გულებში, აღიარონ შეცდომები და ჭეშმარიტ გზაზე დადგნენ, მაშინაც "უძლურია" ღმერთი წინ აღუდგეს, ადამიანივით "დაიბოღმოს", უსასრულოდ ბრაზობდეს, ან რა შეცდომა, თუ დანაშაულიც არ უნდა იყოს, უარი თქვას მიტევებაზე.

ღმერთს ვებარებოდეთ! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ნინო ცხვარაშვილი