მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ... - კვირის პალიტრა

მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ...

"რომელი მთავრობის მომხრე ხართ?!" - ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თუმცა, ალბათ, ლოგიკაც არის ამ კითხვაში, რადგან, თუ ვინმეს საკმეველს არ უკმევ, მით უფრო პოლიტიკოსებს, ხალხს, სულ ცოტა გიჟი ჰგონიხარ.

ჩემი, ოდნავ ხისტი, ბლოგების გამო, ნაცნობები მესამე პირში მეკითხებიან: "აი, ვიღაცამ გვითხრა, ნინო ცხვარაშვილი "ნაცებს" "შეეკრა" და აბა ჰკითხე ასეა თუ არა?" და ასე შემდეგ. ეს ვერაფერი თემაა საწერად, მაგრამ, რადგან ხალხს ჰგონია, მე ვიქნები თუ სხვა, თუ სათქმელს პირდაპირ ამბობ, მაინცდამაინც ვიღაცისგან ანგაჟირებული პირი უნდა იყო, ან ფულის გულისთვის აკეთებდე ამას, ესეც იმ საბჭოური სისტემის ბრალია, რომლის შესახებაც ამ ცოტა ხნის წინ ვწერდი.

16 წლის ვიყავი საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მზადება, რომ დავიწყე. ვემზადებოდი ნიშნავს, სახლში, ჩემით ვაკეთებდი ამას, რადგან ფული არ მქონდა, რომ პედაგოგთან წავსულიყავი. პირველ წელს ქულები დამაკლდა. მეორე წლისთვის კი, შემოიღეს შესავალი გამოცდები ჟურნალისტებისთვის, სადაც შენი გამოქვეყნებული 5 წერილი ან ინტერვიუ უნდა წარგედგინა. მე არ მქონდა საშუალება, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, ფულით მეყიდა საგაზეთო წერილები, რომ წელი არ გამეცდინა. დავიწყე რაღაცეების ჯღაბნა და ასე კარდაკარ დავდიოდი რედაქციებში და ვეუბნებოდი: "მე, ნინო ვარ, მომავალი ჟურნალისტი, იქნებ ნახოთ ჩემი მასალა, გთხოვთ". რა თქმა უნდა, ბევრი შრომა დამჭირდა, ჯერ ერთი ვინმეს გული, რომ მომელბო და მეორე, რომელიმე ნამდვილ წერილს დამსგავსებოდა და დაბეჭდილიყო. წერილები შევაგროვე, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ყოველგვარი ფულისა და პროტექციის გარეშე ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ დღიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, მე თვითონ გავიკვლიე ჩემი პროფესიული გზა. არ გეგონოთ მეამაყება, რომ უპატრონოდ მოვედი აქამდე! სულაც არა, გულიც კი მწყდება, რადგან ზუსტად ვიცი, მე, ვინმე, თუნდაც მცირედით, რომ დამხმარებოდა ჩემი ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი, რადგან საქმის ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა.

იმ დღიდან მოყოლებული ჩემით "ვიბრძვი". ათასჯერ დამახვედრეს ბარიერი, "უპატრონობის" გამო, მაგრამ ხომ იცით, სიბეჯითე და სისუფთავე კედელს ანგრევს. ყოველგვარი პროტექციის გარეშე შემოვიარე, არაერთი ჟურნალ-გაზეთი, ტელევიზია და რადიო.

არასოდეს ვყოფილვარ ის ჟურნალისტი, რომელიც კომფორტისთვის და ფულისთვის, სიმახინჯეებსა თუ უსამართლობაზე თვალს ხუჭავდა. ან იმისთვის, რომ დღეს ჩემს ოჯახს უჭირს და ასე აწყობს, ხეირობდა სიტუაციისგან. არც იმ კატეგორიას ვეკუთვნოდი, მთავრობა, რომლისგანაც ცუდად სარგებლობ (ასეთები, ჩვენი ისტორიის მანძილზე ბევრი გვახსოვს), ჩუმად იყო და მერე, როცა წავა, მაშინ დაიწყო "კაი ტიპობისთვის" აუგის თქმა ყოფილზე.

მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რადიო "იმედიდან", ვინც არ გაჩუმდა ქუჩაში უსამართლოდ დახოცილი ახალგაზრდების გამო... "იმედის" დარბევის გამო და სარჩელიც კი გააგზავნა ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსასამართლოში. რადიოში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში, გავდიოდი უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს. ეს მაშინ, როცა გვიკრძალავდნენ არ გვეთქვა ის, რაც მთავრობას არ აწყობდა. ბევრი მეუბნებოდა გავჩუმებულიყავი. ისევე, როგორც დღეს მეუბნებიან, რომ არ ღირს არაფრის თქმა, რადგან სამსახურს ვეღარასოდეს ვიშოვი, მაგრამ არასოდეს შევშინებულვარ.

ასეთი სიტუაციები, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ სიმართლე ზოგჯერ შენი სოციალური ყოფის წინააღმდეგაც მოდის და უნდა გაუძლო. მე, სინდისის სასარგებლოდ, არჩევანი ბევრჯერ გავაკეთე.

როგორც არაერთმა, მეც გავუძელი მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს, ქვეყნის უშუქობასა და ომს, ბევრი ვიბრძოლე და აი, დღემდე მოვედი. საზღვარგარეთ ცხოვრებამ და სწავლამ კი დამანახა ის ფაქტი, რომ მინიმალურიც კი არ კეთდება დღეს ჩვენთან. მხოლოდ მთავრობები იცვლება.

რაც მთავარია, მქონდა უდიდესი შანსი უცხოეთში კარგად მეცხოვრა, მაგრამ ნაბიჯი სწორედ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გადავდგი.

ვერაფერი "კაი ბიჭობაა" აკრიტიკო წინა ხელისუფლება, როცა უარეს ნაკლოვანებას ყოველდღე ხედავ. იმათი სათქმელი მაშინ ვთქვი. დღეს ამათი დროა.

ეს არის პასუხი იმ ადამიანთა ეჭვებზე, რომ იქნებ, როგორც ყველა "ნორმალური" ადამიანი ამ ქვეყანაში, მეც ვინმეს მეხოტბე გავხდი. არადა, ისევ "არანორმალურად" ვრჩები. კვლავ ვაგრძელებ "ბრძოლას" ქვეყნისთვის.

მე, არ ვარ, ის ჟურნალისტი, ის მოქალაქე, რომელიც დღეს, თუნდაც მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო გაჩუმდეს და სათქმელი არ თქვას. ეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: როცა ის საბჭოური სისტემა და მიდგომები შეიცვლება, რაც ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე არ შევცვალეთ. როცა რეალურად დავიწყებთ განვითარებული ქვეყნებისკენ სვლას. როცა ჩვენი ხალხი მართლა ამოისუნთქებს და ყველას ექნება თავისი საქმე. როცა ვიგრძნობ, რომ მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ ზრუნავს ხალხისთვის.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი.