მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ...
მოკლე ბიოგრაფიული შტრიხები, ანუ, რომელი მთავრობის მეხოტბე ვარ...
"რომელი მთავრობის მომხრე ხართ?!" - ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თუმცა, ალბათ, ლოგიკაც არის ამ კითხვაში, რადგან, თუ ვინმეს საკმეველს არ უკმევ, მით უფრო პოლიტიკოსებს, ხალხს, სულ ცოტა გიჟი ჰგონიხარ.

ჩემი, ოდნავ ხისტი, ბლოგების გამო, ნაცნობები მესამე პირში მეკითხებიან: "აი, ვიღაცამ გვითხრა, ნინო ცხვარაშვილი "ნაცებს" "შეეკრა" და აბა ჰკითხე ასეა თუ არა?" და ასე შემდეგ. ეს ვერაფერი თემაა საწერად, მაგრამ, რადგან ხალხს ჰგონია, მე ვიქნები თუ სხვა, თუ
სათქმელს პირდაპირ ამბობ, მაინცდამაინც ვიღაცისგან ანგაჟირებული პირი უნდა იყო, ან ფულის გულისთვის აკეთებდე ამას, ესეც იმ საბჭოური სისტემის ბრალია, რომლის შესახებაც ამ ცოტა ხნის წინ ვწერდი.

16 წლის ვიყავი საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მზადება, რომ დავიწყე. ვემზადებოდი ნიშნავს, სახლში, ჩემით ვაკეთებდი ამას, რადგან ფული არ მქონდა, რომ
პედაგოგთან წავსულიყავი. პირველ წელს ქულები დამაკლდა. მეორე წლისთვის კი, შემოიღეს შესავალი გამოცდები ჟურნალისტებისთვის, სადაც შენი გამოქვეყნებული 5 წერილი ან ინტერვიუ უნდა წარგედგინა. მე არ მქონდა საშუალება, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, ფულით მეყიდა საგაზეთო წერილები, რომ წელი არ გამეცდინა. დავიწყე რაღაცეების ჯღაბნა და ასე კარდაკარ დავდიოდი რედაქციებში და ვეუბნებოდი: "მე, ნინო ვარ, მომავალი ჟურნალისტი, იქნებ ნახოთ ჩემი მასალა, გთხოვთ". რა თქმა უნდა, ბევრი შრომა დამჭირდა, ჯერ ერთი ვინმეს გული, რომ მომელბო და მეორე, რომელიმე ნამდვილ წერილს დამსგავსებოდა და დაბეჭდილიყო. წერილები შევაგროვე, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ყოველგვარი ფულისა და პროტექციის გარეშე ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ დღიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, მე თვითონ გავიკვლიე ჩემი პროფესიული გზა. არ გეგონოთ მეამაყება, რომ უპატრონოდ მოვედი აქამდე! სულაც არა, გულიც კი მწყდება, რადგან ზუსტად ვიცი, მე, ვინმე, თუნდაც მცირედით, რომ დამხმარებოდა ჩემი ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი, რადგან საქმის ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა.

იმ დღიდან მოყოლებული ჩემით "ვიბრძვი". ათასჯერ დამახვედრეს ბარიერი, "უპატრონობის" გამო, მაგრამ ხომ იცით, სიბეჯითე და სისუფთავე კედელს ანგრევს. ყოველგვარი პროტექციის გარეშე შემოვიარე, არაერთი ჟურნალ-გაზეთი, ტელევიზია და რადიო.
არასოდეს ვყოფილვარ ის ჟურნალისტი, რომელიც კომფორტისთვის და ფულისთვის, სიმახინჯეებსა თუ უსამართლობაზე თვალს ხუჭავდა. ან იმისთვის, რომ დღეს ჩემს ოჯახს უჭირს და ასე აწყობს, ხეირობდა სიტუაციისგან. არც იმ კატეგორიას ვეკუთვნოდი, მთავრობა, რომლისგანაც ცუდად სარგებლობ (ასეთები, ჩვენი ისტორიის მანძილზე ბევრი გვახსოვს), ჩუმად იყო და მერე, როცა წავა, მაშინ დაიწყო "კაი ტიპობისთვის" აუგის თქმა ყოფილზე.

მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რადიო "იმედიდან", ვინც არ გაჩუმდა ქუჩაში უსამართლოდ დახოცილი ახალგაზრდების გამო... "იმედის" დარბევის გამო და სარჩელიც კი გააგზავნა ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსასამართლოში. რადიოში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში, გავდიოდი უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს. ეს მაშინ, როცა გვიკრძალავდნენ არ გვეთქვა ის, რაც მთავრობას არ აწყობდა. ბევრი მეუბნებოდა გავჩუმებულიყავი. ისევე, როგორც დღეს მეუბნებიან, რომ არ ღირს არაფრის თქმა, რადგან სამსახურს ვეღარასოდეს ვიშოვი, მაგრამ არასოდეს შევშინებულვარ.

ასეთი სიტუაციები, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ სიმართლე ზოგჯერ შენი სოციალური ყოფის წინააღმდეგაც მოდის და უნდა გაუძლო. მე, სინდისის სასარგებლოდ, არჩევანი ბევრჯერ გავაკეთე.

როგორც არაერთმა, მეც გავუძელი მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს, ქვეყნის უშუქობასა და ომს, ბევრი ვიბრძოლე და აი, დღემდე მოვედი. საზღვარგარეთ ცხოვრებამ და სწავლამ კი დამანახა ის ფაქტი, რომ მინიმალურიც კი არ კეთდება დღეს ჩვენთან. მხოლოდ მთავრობები იცვლება.

რაც მთავარია, მქონდა უდიდესი შანსი უცხოეთში კარგად მეცხოვრა, მაგრამ ნაბიჯი სწორედ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გადავდგი.
ვერაფერი "კაი ბიჭობაა" აკრიტიკო წინა ხელისუფლება, როცა უარეს ნაკლოვანებას ყოველდღე ხედავ. იმათი სათქმელი მაშინ ვთქვი. დღეს ამათი დროა.

ეს არის პასუხი იმ ადამიანთა ეჭვებზე, რომ იქნებ, როგორც ყველა "ნორმალური" ადამიანი ამ ქვეყანაში, მეც ვინმეს მეხოტბე გავხდი. არადა, ისევ "არანორმალურად" ვრჩები. კვლავ ვაგრძელებ "ბრძოლას" ქვეყნისთვის.

მე, არ ვარ, ის ჟურნალისტი, ის მოქალაქე, რომელიც დღეს, თუნდაც მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო გაჩუმდეს და სათქმელი არ თქვას. ეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: როცა ის საბჭოური სისტემა და მიდგომები შეიცვლება, რაც ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე არ შევცვალეთ. როცა რეალურად დავიწყებთ განვითარებული ქვეყნებისკენ სვლას. როცა ჩვენი ხალხი მართლა ამოისუნთქებს და ყველას ექნება თავისი საქმე. როცა ვიგრძნობ, რომ მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ ზრუნავს ხალხისთვის.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი.

მკითხველის კომენტარი (22)
მკითხველი
10 ივნისი 2016 12:05
ეს ახალგაზრდები მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც მოკვდება უკანასკნელი საბჭოთა მოქალაქე საქართველოში. მერე ვიღას გალანძღავენ, ვნახავ.
ლამარა
10 ივნისი 2016 09:01
ჩემო ნინო, რამოდენიმეჯერ გაქვს ნახსენები სიტყვა „საბჭოური“, 25 წელია და მეტი საბჭოური აღარაფერია არც ქარხნები, არც ფაბრიკები, არც ხელფასები, არც პენსიები... სამაგიეროდ არის ხალხის მყვლეფავი ბანკები, მოქაქანე პოლიტიკოსები, მიყიდულ-მოყიდული ტელევიზიები თავისი ჟურნალისტებით... ყველა წერს დაიფხანს გულს... მაგისთვის ჯერ არავინ დაუჭერიათ... ხოდა შენც წერე, ოღონდ ქართველ ემიგრანტებს პირიქით მოუწოდე, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, რამეთუ, ორი შვილი მართომ თურქეთის და სხვა ქვეყნების გარეშე გავზარდე, რა თქმა უნდა ბევრჯერ შიოდათ ცემს შვილებს, მაგრამ საქართველო წუთითაც არ დაგვიტოვებია... საქართველოს აქვს თავისი რესურსი, რომ მისი შვილები გამოკვებოს...
გიჟუა
10 ივნისი 2016 00:07
!!!-ს

ერთი პატარა ტორმუზი მიე რა!
მერედა ვინ გადაგიხდის?
ohobo
09 ივნისი 2016 18:31
კიდევ კარგი უცხოეთში არ გაფაიხვეწე,თორემ დედაენას დავკარგავდით!!!
ლიანა
09 ივნისი 2016 18:03
არ დაბრუნდეთო რომ მოუწოდებდი ამას წინათ და თან იძახი-იქაურ კეთილდღეობას აქაური სიდუხჭირე ვამჯობინეო- იქნება ჯობდა იმათთვისაც იგივე გერჩია? მაინტერესებს - აღარ გშია?
elene
09 ივნისი 2016 17:30
წარმატებებს გისურვებთ ნინო, ღმერთმა დაგლოცოთ! არ მიაქციოთ ყურადღება, თქვენი გზით იარეთ!!!
!!!
09 ივნისი 2016 15:49
ჟურნალისტი არც ერთი მთავრობის მეხოტბე არ უნდა იყოს.ის უნდა იყოს მართალი თავის და ქვეყნის წინაშე და არა ლაქუცა ლეკვი,საჭმელს ვინც გადმოუგდებს იმას მიელაქუცოს.
david67
09 ივნისი 2016 15:12
კი მაგრამ ამ დონეზე თავის ქება უხერხულობას არ გიქმნის?ანდა საერთოდ რატომ უნდა გვაინტერესებდეს თქვენი ბიოგრაფია. თქვენი სტატიები რეალობას მოწყვეტილია!კარგად და გრამატიკულად გამართულად წერა არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერს ზუსტად ასახავთ.
მსქროლავი ტროლი
09 ივნისი 2016 15:06
რაც მთავარია, მქონდა უდიდესი შანსი უცხოეთში კარგად მეცხოვრა, მაგრამ ნაბიჯი სწორედ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გადავდგი.

აგაშენათ ღმერთმა და დღევანდელ ამაღლებასაც მოგილოცავთ....მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ თქვენი ამასწინანდელი სტატია - "ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ სამშობლოში"! ძალიან წინააღმდეგობრივი ხომ არ არის თქვენი პოსტები?! გულით მსურს, მაგრამ მაგ სტატიას ვერ გპატიობთ, იქნებ გაგვარკვიოთ?!
MAO
09 ივნისი 2016 14:50
რბილად რომ ვთქვათ, არ არის ლამაზი ასეთი ვარ - ისეთი ვარ და ეს ვქენი - ის ვქენის საკუთარ თავზე წერა.

რუბრიკის სხვა სიახლეები