ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ზრუნავს და არ იზრუნებს სისტემის დანგრევაზე, ხალხის მტერია! - კვირის პალიტრა

ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ზრუნავს და არ იზრუნებს სისტემის დანგრევაზე, ხალხის მტერია!

არ მინდა ამ თემებზე ვწერო, მაგრამ ასე მოხდა, ზედიზედ პრობლემებზე ვწერ, რომლებიც უზომოდ თვალში საცემია. მინდა ერთ დღეს დავივიწყო ყოველგავრი პრობლემა და ვწერო სასიამოვნო, საინტერესო ამბებზე, რომელიც დამიგროვდა თქვენთვის სათქმელი. მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ.

მე ვამბობ, მიეცით ევროპის ხალხებს ისეთი თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს და გარწმუნებთ ზუსტად 6 თვეში აბსოლუტურ ქაოსს მიიღებთ. მართალია ზოგი არ მიჯერებს, როცა ვამბობ ევროპელებს იმდენი თავისუფლება არა აქვთ, როგორც ჩვენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თავისუფლებას, ვგულისხმობ, ნებისმიერი თვალსაზრისით. ვისაც, როგორ უნდა ისე გექცევა, რასაც უნდა იმას გიკეთებს და დაზარალების შემთხვევაში თავს ვერ იცავ. ვისაც, როგორ უნდა ისე ასაღებს და ირგებს კანონს. იქნება ეს უბრალო მოქალაქე თუ მთავრობის წევრი. არის თუ არა ეს უსაზღვრო თავისუფლება?! იწუხებს თუ არა თავს ვინმე ამისთვის, რომ ამ მხრივ რაღაც შეიცვალოს?! მაპატიეთ, მაგრამ ვინმეში ხელისუფლებას ვგულისხმობ.

გავედი ქუჩაში და ხალხს ვეკითხები: - რატომ ვირჩევთ მთავრობას? - ხალხი მპასუხობს, რომ უმთავრობო ქვეყანა ჯერ არ გაუგონიათ და ირჩევენ, იმიტომ, რომ მათ უპატრონონ და მართონ ჩვენი სამშობლო. მე ვეკითხები: - რატომ ვერ დავლაგდით და ავაშენეთ ქვეყანა? - ხალხს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ხალხის მენატალიტეტზეა დამოკიდებული.

ხალხმა უნდა დააწყოს და დაალაგოს ქვეყანა - მპასუხობენ. ეს პასუხი შოკში მაგდებს და სახლისკენ ვბრუნდები. გზად ჩემი მეზობელი დამემგზავრა, რომელიც ჩემდა მოულოდნელად მეუბნება, " ეჰ, როგორ ვერ მოვიცალეთ, შევუტიოთ მერიას, რომ ეს ორმო ჩვენთან რომ არის, ამოავსონ. ან, იქნებ, ჩვენ გვექნა რამე! "

მე ემოციას ვეღარ ვმალავ. გესმით, რა მცდარ გზაზეა დამდგარი ქვეყანა?! გესმით, როგორ აზომბირებენ ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ხალხს?! აი, კიდევ ერთი მაგალითი, სახლში შესულს უახლოესი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ აქედან გაქცევას აპირებს. იგი ფიქრობს, რომ წავა და ქართველს არსად, აღარასოდეს გაეკარება. ის თვლის, რომ კიდევ ერთი საუკუნე გვჭირდება, ნორმალურ ქვეყანას, რომ დავემსგავსოთ, რათა ჩვენი მენტალიტეტი არ იცვლება. ეგრევე ვხვდები, რომ იმ უპასუხისმგებლო გადაცემებისა და ჟურნალისტების ბრალია, რომლებიც ხალხს ცილს სწამებენ და ყველაფერს მას აბრალებენ. ხალხი კი ქუჩაში დათრგუნული დადის.

ეს არის მცდარი და საშიში ტენდენცია, რომელიც ქვეყანას ვერასოდეს ააშენებს. მე ვიწყებ სტერეოტიპის დამსხვრებას: "ყველაფერი ხალხის ბრალია!", მე ვეუბნები "არას" არსებულ სისტემას!

მოკრძალებული თხოვნა მაქვს ხელისუფლებასთან და ხელისუფლებაში მომსვლელთა მსურველთათვის, ხომ ხედავთ 25 წელია არაფერი გამოდის პრობლემების ხალხზე გადაბრალებით? ხომ ხედავთ, რომ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნიტ? თუ მართლა ქვეყნის სიყვარული გაწუხებთ, ხომ შეიძლება ერთი წუთით შეჩერდეთ, დასხდეთ და დაფიქრდეთ. იქნებ, გეზი შეცვალოთ. ისეთი უნიკალური სახელმწიფო, როგორის აშენებაც ჩვენ გვინდა, ბუნებაში არ არსებობს და არც გამოგვდის. არა კანონი, არა ხელისუფლება, არა სამართალი, მხოლოდ ხალხის კულტურა და ზნეობა. ან, მხოლოდ მუშტიკირივით "მოგვარებული" საქმეები.

ხალხი ვერ ამოავსებს ორმოებს. ვერ მოაწესრიგებს მენეჯმენტს. ვერ განავითარებს ეკონომიკას. ვერ დაიცავს ადამიანის უფლებებს, სისტემის შეცვლის გარეშე ვერ გახდის დამოუკიდებელს სასამართლოს. თუნდაც ნაგვის დაყრა ქუჩაში, არ იქნება ჩემთვის ხალხის ბრალი, ვიდრე კანონი არ ამოქმედდება.

ამ ქაოსში კი, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა მოვიდეს სათავეში, რაგინდ პატიოსანი და ქვეყანაზე მოფიქრალიც არ უნდა ჩაერთოს პროცესებში, ყველა დაიკარგება, ყველას ეს ქაოსი შეჭამს.

ჩვენთან კი, მთელი დრო ეთმობა გადაცემებს, საიდანაც ხალხს მორალისკენ მოუწოდებენ, ყველანაირ არეულ სიტუაცის მას აბრალებენ და ცილს სწამებენ. ძალიან სასაცილოა. თანაც, ამ გადაცემებში ათასობით ლარი იხარჯება. ასე არწმუნებენ ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი ადამიანები ცხოვრობენ, სხვაგან კი კარგი, რაც სიცრუეა.

ევროპულ ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ და გადაცემები, წამყვანები, მოთხოვნები, სიტუაციები და საერთოდ ქვეყნის მდგომარეობა და მართვა, ანტიევროპულია.

ანტიევროპული კი არა ანტიეროვნული. ჯერ ჩვენ შიგნით, ჩვენივე ქვეყნისა და ხალხისთვის უნდა გვინდოდეს მოვაწესრიგოთ და დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და მერე, დავიწყოთ თავმოწონება და თანამშრომლობა ევროპელებთან.

ჩვენ უნდა გავერკვიოთ რა გვინდა და ვინ ვართ? მე კი, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ეს არ ვართ, რაც დღეს ხდება. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ხალხი არ აგვარებს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პრობლემებს. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, ყოველგვარი პირობების გარეშე არ მუშაობს დასაქმებული, როგორც მონა. არის მკაცრი სისტემა და ერიც და ბერიც მორგებულია ამ სისტემაზე. ეს სისტემა კი თითზე ჩამოსათვლელი პატიოსანი ადამიანებისგან შექმნილმა ჯგუფმა შეიძლება შექმნას.

უმეტესობა პოლიტიკური ძალისა, ხალხის შეურაცხყოფით მოდის სათავეში და კონკრეტულს ვერაფერს გვთავაზობს.

ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება სათავეში. ჩემთვის ეს ყველაფერი მხოლოდ სახეების ცვლილებაა. მე ვარ მტერი არსებული სისტემის და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ზრუნავს და არ იზრუნებს ამ სისტემის დანგრევაზე, ხალხის მტერია.

ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში უნდა დაინგრეს სტერეოტიპი: "ყველაფერი ხალხის ბრალია". ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

მე ვეუბნები "არას" არსებულ სისტემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი არჩევნები ირონია და წრეზე ბრუნვაა!

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი