არ მინდა პოლიტიკა, არ მინდა პრობლემები, მინდა, ვაკოცოთ, ვაკოცოთ ერთმანეთს ბევრი… - კვირის პალიტრა

არ მინდა პოლიტიკა, არ მინდა პრობლემები, მინდა, ვაკოცოთ, ვაკოცოთ ერთმანეთს ბევრი…

რა თბილი იყო სალომე ბებო... ლეჩხუმში, დილის 7 საათზე კართან რომ მოგვადგებოდა ბავშვებს, - აშენდა ქვეყანა, რაღა დროს ძილია, გაღვიძების დროაო,- დაგვძახოდა. ჩვენ კი, ქალაქის ცხოვრებით გათანგულებს, დილის ძილი გვენატრებოდა. მერე ფრთხილად მოვიდოდა და თავზე მკოცნიდა. ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარს, თავს კალთაში ვუდებდი და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ფეხზე ვეფერებოდი. სულ მახსოვს სალომე ბებოს კალთის სუნი და მისი თბილი კოცნა...

ახლახან ჩემს უახლოეს ადამიანს უკანასკნელი კოცნა გავატანე უკანასკნელ გზაზე. ეს თითქოს არ იყო ტკივილიანი კოცნა, რაღაცნაირი სითბო დამიტოვა და დამაფიქრა იმაზე, რომ დროსთან ერთად ჩვენც ვიცვლებით... გარდავიცვლებით... იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ შევხვდეთ და შევიცნოთ ერთმანეთი, სისუფთავეა საჭირო. არადა, ჩვენს ცხოვრებაში ჰაერიც აღარ დავტოვეთ გამჭვირვალე.

შინ მისულს ჩემი 2 წლის ძმისშვილი კალთაში ჩამიხტა. ელუ გამეტებით მიკოცნიდა თვალებს. მერე რაღაცას მელუღლუღებოდა. მეც გულში ჩავეხუტე და ფუმფულა ბარკლებზე დავწვდი...

სანამ ბლოგის წერას დავიწყებდი, მამაოს ვეამბორე ხელზე და ტაძრიდან გამოვედი. მოვდივარ სახლისკენ და ვფიქრობ, რამდენჯერ ვკოცნით ადამიანები დღე-ღამეში ერთმანეთს? აი, კიდევ ერთი, ქუჩაში ნაცნობი მხვდება და ვკოცნი... - არა მიშავს, - ვპასუხობ. - შენები დამიკოცნე, - ვაბარებ სახლში "საჩუქარს".

კოცნა ყოველთვის დადებით მუხტს აღძრავს და ჩვენს ემოციებს ამჟღავნებს... და, რა თქმა უნდა, რომანტიკული, სასიყვარულო კოცნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

მეცნიერებმა დაიწყეს მსჯელობა, როდის "გაჩნდა" პირველი კოცნა.

"კოცნა იმდენად ჩვეული და უძველესი ფორმაა ადამიანური ცხოვრებისა, რომ გვავიწყდება, ცოტა ხანს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, საიდან ავიღეთ ეს ჩვევა?"- კითხულობენ მეცნიერები.

"ერთი უდავოა - როცა საყვარელ ადამიანს ტუჩებში კოცნი, იწმინდება სისხლი, სხეული სტიმულირდება, იწვება კალორიები და რაც მთავარია, შეიგრძნობ უდიდეს ბედნირებას, რომელიც ცხოვრებას გიხანგრძლივებს", - დასძენენ ისინი.

რამდენიმე წლის წინ ბრიტანელებმა კოცნის დღედ 6 ივლისი გამოაცხადეს. დავდივარ ინგლისის ქუჩებში და ვეკითხები ხალხს, რა საჭიროა, კოცნას სპეციალური დღე მივუძღვნათ?

- წმინდა ვალენტინის დღე რომ არის, ხომ იცით? მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულთან ასოცირდება, ერთობ კომერციულია. გვინდა თუ არა, ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით. მეორე დღეს ეს აღარავის ახსოვს. კოცნა კი კაცობრიობის ბუნებრივი ჩვევაა. ჩვენც, ისევე როგორც მსოფლიოს, ბუნებრიობა გვაკლია, - მპასუხობენ ისინი.

სხვათა შორის, ბრიტანეთში დაარსებიდან რამდენიმე თვეში, კოცნის დღე საერთაშორისო დღედ იქცა. არაერთი ქვეყნის ცხოვრებაში კოცნა მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია. ევროპის ქუჩებში ბევრჯერ ნახავთ ახალგაზრდებს, გატაცებით რომ კოცნიან ერთმანეთს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში სახალხოდ კოცნა და ემოციების გამოხატვა კანონით აკრძალულია.

შერილ კირშენბაუმი კი ღრმად ჩააფიქრა ფაქტმა, როგორ მოიფიქრა ადამიანმა მეორისთვის არა ხელზე, არა ლოყაზე, არამედ ტუჩებში ეკოცნა? რამაც, როგორც თავად ამბობს, კაცობრიობის ცხოვრება შეცვალა. ამ ინტერესის საფუძველზე მან ფილემატოლოგია (მეცნიერება კოცნის შესახებ) ჩამოაყალიბა და კოცნის წარმოშობისა თუ განვითარების საკითხს იკვლევს.

სანამ კირშენბაუმი ამით არის დაკავებული, კოცნის საერთაშორისო დღე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება ორიგინალურად და სხვადასხვა ფორმით. მეც მინდა ჩვენთანაც აღინიშნებოდეს კოცნის დღე. არ მინდა პოლიტიკა, არ მინდა პრობლემები, მინდა ბედნიერ ახალგაზრდობას ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულს ვხედავდე, ერთმანეთს სიყვარულით რომ კოცნიან.

ვაკოცოთ, ვაკოცოთ ერთმანეთს ბევრი...

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი