რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?! - კვირის პალიტრა

რატომ არ უნდა ვუთმობდეთ ტრანსპორტში ადგილს?!

შეკითხვა ასე მინდოდა დამესვა: "უნდა ვუთმობდეთ თუ არა ტრანსპორტში ადგილს ერთმანეთს?" და ერთი კონკრეტული მაგალითით დამეწყო, მაგრამ ჯობს, პირდაპირ ვუპასუხო ჩემსავე დასმულ შეკითხვას: "რა თქმა უნდა, არ უნდა ვუთმობდეთ!". უფრო სწორად, ეს ვალდებულება არ უნდა იყოს. ვიღაცის სალანძღავი არ უნდა ხდებოდე. ვიღაც მორალს არ უნდა გიკითხავდეს. ვიღაც ნერვებს არ უნდა გიშხამავდეს. არ უნდა იღებდნენ ახალგაზრდები, თუ "ჯანმრთელები" უარყოფით ენერგიას დილას, როცა სადმე მიეჩქარებათ, ან საღამოს, როცა მშვიდად სურთ იმგზავრონ სახლისკენ მიმავალ გზაზე.

მესმის, უკვე აფორიაქდით. ეს ერთობ არაპოპულარული აზრია თქვენთვის და ვგრძნობ, ეგრევე "უზრდელების" სიაში ჩამწერეთ. მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, უფრო მეტი უზრდელობაა, როცა, უფროსი თაობის არც ერთი წარმომადგენელი მადლობას არ ამბობს, ადგილს რომ ვუთმობ. ისეთი გონორით სხდებიან "მოპოვებულ" ადგილებზე, გეგონება, ეს ადგილი მათი კუთვნილებაა, ან უკვე ცარიელი იყო.

სკოლის ასაკიდან მოყოლებული, თუ ოდესმე დამითმია ადგილი ჩემზე უფროსისთვის, არასოდეს უთქვამთ "მადლობა", რაც ყოველთვის მაღიზიანებდა. ეს არის უარყოფითი მაგალითი უფროსი თაობისგან ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, მათ არ აქვთ უფლება, მთელი ახალგაზრდობა ლანძღონ, როცა რამე არ მოეწონებათ.

ეს ბლოგი არ არის რევანში უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ისინი მადლობას არასოდეს ამბობენ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უნდა ითქვას. ბევრი ფაქტი მინახავს, როცა ვიღაც სხვას ადგილს უთმობს და პარალელურად მორალს უკითხავს მესამე პირს, რომელიც "თვალში ეპატარავება". მერე მთელი ერის ან ახალგაზრდობის ზნეობას ფეხქვეშ თელავს. ამას ხომ ჯობია, რომ ეს ე.წ. "სიკეთე" არ გააკეთო და არც სხვა დაგესლო?!

21-ე საუკუნეში ჩემი კეთილგანწყობა ნებისმიერ სხვა სიტუაციაში შემიძლია გამოვხატო, ან არ გამოვხატო. ეს ჩემი ნებაა, მაგრამ რა უფლება აქვს სხვას, ჭკუა გასწავლოს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემთვის ეს არის საბჭოური აქცენტები, აღვზარდოთ მორალური ერი!? საერთოდ არ მესმის, რა შუაშია ადგილის დათმობა მორალთან?

მოკლედ, მე მინდა მთავარი გითხრათ. ესეც თქვენთვის არაპოპულარული აზრია, მაგრამ ცივილურ ქვეყნებში მსგავსი პრობლემები არავითარ მორალზე არ გადის. ეს ყველაფერი ხელისუფლების მოსაწესრიგებელია. დიახ, უცნაურია, მაგრამ ხელისუფლების!

როდესაც წინა ხელისუფლებამ უთხრა ახალგაზრდებს, არ შეწუხდეთ, ადგილი დაუთმოთ სხვებსო, ამას შესაბამისი გაგრძელებაც უნდა ჰქონოდა. მაგალითად, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. გამოიყოს სპეციალური ადგილები ტრანსპორტში ინვალიდების, მოხუცებისა და ბავშვებისთვის. კარგად მახსოვს, არაერთ ევროპულ ქალაქში, როცა ადგილი დავუთმე ასაკოვან ადამიანს, არ დაჯდა. მიმანიშნა ერთ-ერთი სკამის თავზე გაკეთებულ ნიშანზე და მითხრა, მთავრობა ზრუნავს ჩემთვის, თქვენ არ ხართ ვალდებული, შეწუხდეთო.

მაგალითად მეტროში, განაპირა სკამები კართან ახლოს მხოლოდ ინვალიდებმა, ბავშვებმა ან იმ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, ვისაც ფეხზე დგომა არ შეუძლია. ასევეა მოწესრიგებული ავტობუსებშიც ეს საკითხი. არაერთხელ მინახავს, ვაგონი ცარიელია, მაგრამ ისე, დროებით მაინც არავინ ჯდება იმ სკამზე, სადაც ნიშანია, რომ მოხუცებულს ეკუთვნის. ან პირიქით, ხალხი ბევრია, მოხუცებული ან ინვალიდი არსად ჩანს, მაგრამ იმ სკამებს, რომლებიც ასეთ ადამიანებს ეკუთვნით, არავინ იკავებს. თუკი დროებით მაინც დაიკავებ, შესაბამისი პირის გამოჩენისთანავე უნდა ადგე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დაარღვევ.

სახელმწიფო ასეთ ქვეყანაში მიცავს მეც. თუ ვინმე გაგლანძღავს (რაც შეუძლებელია მოხდეს), მიმართავ მეტროპოლიტენის პოლიციას. ასე კი არ დგანან პოლიციელები, როგორც ჩვენთან მომჩვარული, ხელების ქნევით, თავჩაქინდრულები, რომ ვერ გაარჩევ პოლიციელია, თუ შეშინებული მოქალაქე...

ასე რომ, უზნეობას კი არ ვქადაგებ, ვამბობ, რომ "სიხარულით" არ უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი, არამედ გვქონდეს ცივილური ურთიერთობები. არაფერია ცუდი იმაში, თუ გსურთ ვინმესთვის შეწუხდეთ, ამას ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ ეს თქვენი თავისუფალი ნება უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთანაბრდებოდეს სტრესს.

მე მინდა სწორედ აღიქვას ხელისუფლებამ, რას ნიშნავს სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მიცავდეს მეც, როგორც ახალგაზრდას, თუ როგორც მოხუცებულს. დღევანდელ, პრობლემებით სავსე სამყაროში, შენ არ ხარ ვალდებული იფიქრო, ვიღაც შენზე მეტად დაღლილია, სახლში ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, თუ რაღაც სჭირს, ან წაუკითხო შენი დღის წესრიგი და თავის მართლება დაიწყო. როცა უარესი პრობლემები შენც შეიძლება გქონდეს. სწორედ სახელმწიფო აგვარებს ამგვარ "წვრილმან" პრობლემებს და სინამდვილეში, ასეთი "წვრილმანი" პრობლემების მოწესრიგებით ხდები ნამდვილი სახელმწიფო და არა მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხით ევროინტეგრაციის შესახებ.

ანდაც, რომელ ავტობუსებზე, ან ე.წ "მარშუტკაზე" შეგვიძლია ვისაუბროთ. უბრალოდ შეურაცხმყოფელია საქართველოში ტრანსპორტით მგზავრობა, მაგრამ ეს სხვა თემაა..

მსგავსი პრობლემების წარმოჩენას შევეცდები სხვა ბლოგებშიც. რადგან ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ნამდვილ, ცივილურ სამყაროს. რადგან თქვენ, ალბათ იცით, რომ საზოგადოების განვითარების, თუ აღზრდის არანაირი კანონები არ არსებობს, ეს ჰეგელიდან წამოსული, მარქსის მიერ განვითარებული ილუზიაა, რომელსაც რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს... სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოშიც მორალს ქადაგებენ. არადა, განვითარებული სახელმწიფოები მორალზე არ დგას. ნებისმიერი "ნორმალური" სახელმწიფო დგას მკაცრად გაწერილ კანონებზე.

მე არ ვამბობ, უნდა დაუთმოთ თუ არ უნდა დაუთმოთ ადგილი ვინმეს, ეს თქვენი სურვილი უნდა იყოს. მე არ ვამბობ, ვიყოთ გულგრილები, მაგრამ როგორც თვლით საჭიროდ, ისე უნდა იცხოვროთ. მე ვამბობ, აუცილებელია განიტვირთოს უარყოფითი განწყობა ტრანსპორტში და აქვე ვასახელებ გამოსავალს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ან ზნეობრივ ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.