ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით! - კვირის პალიტრა

ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით!

არჩევნები, როცა ამომრჩეველი გაცილებით მაღლა დგას, პოლიტიკოსებზე

გულწრფელად ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს. მისი ხელისუფლებაში მოსვლით, ხალხმა, ისიც კი ისწავლა, რომ ხმის მიცემა "ფულიანი ბიძისთვის", იმ იმედით, რომ ის მთელი ცხოვრება, შენს ოჯახს გამოკვებავს, აბსურდია. საერთოდ, ხალხმა ბევრი რამ ისწავლა. ამის დაჯერება, არ უნდათ პოლიტიკოსებს და რას არ აბრალებენ ამომრჩეველს.

ვიღაცას ხალხის მსოფლმხედველობა არ მოსწონს, ვიღაცას ანალიზის უნარი. მავანის აზრით კი, ხალხს მეტი დაპირებები უნდოდა და ამიტომ არის ნიჰილიზმში... აღარ გვინდა არანაირი დაპირება, შეგიძლიათ დაიჯეროთ?! მით უფრო მისტიკური. ამიტომ დუმს ამომრჩეველი. შეგნებულად კი არა, უბრალოდ გაოგნებულია.

ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უდიდესი უფსკრულია. ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკოსები ამას ვერ ხედავენ. პირიქით, ისინი ხალხს ბოლოჯერ და შეგნებულად წირავენ.

მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გვიწუნებენ. არადა, თუ გენდნენ და საუბარი გააბეს შენთან მოქალაქეებმა, გეუბნებიან, რომ ეს არის არჩევნები, როცა ხალხს არჩევნები სწყურია და ასარჩევ სუბიექტს ვერ ხედავს.

ეს არის არჩევნები ელექტორატის გარეშე ან ხელისუფლებას სურს ასე, ჩატარდეს არჩევნები ამომრჩევლის გარეშე, რომ "ნაციონალებმა" და "ოცნებამ" კიდევ ერთხელ, გაინაღდონ ძალაუფლება. სწორედ, ხალხის ნაწილის თქმით, სასაცილოა საუბარი პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე, როცა პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და დღევანდელი გარემო, აბსოლუტურად პარალიზებულია.

ელექტორატის "გულის ასაჩუყებლად" დესტაბილიზაციაზე, აქტიურად დაიწყო საუბარი. იქნებ, როგორმე გამოვარდეს ხალხი და დაიცვას ხელისუფლება. ამავე დროს, ამ ყველაფერს ისეთი ელფერი დაჰკრავს, რომ ყველა ხმის ამომღებს, ქაოსში ჩაითრევენ და რუსეთომანობას დააბრალებენ.

ამ ფანდებს მოსახლეობა აღარ "ჭამს". არც ხმის ამოღებას აპირებს. ამომრჩევლების, დაახლოებით 60 პროცენტი, რომელიც ხელისუფლებას პრობლემად გადაექცა, მშვენივრად გრძნობს, რომ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, ხელისუფლებას ეკისრება.

რა სავალალოა, რომ ხელისუფლება ვერ გაიზარდა. რომ, გასული 4 წელია, როგორც ოპოზიცია ისე ესაუბრებოდა, საკუთარ ხალხსაც კი.

რადგან, თქვენ ხალხს არ ეკონტაქტებით, მე გეტყვით მათ განწყობას (ნაწილისას, რა თქმა უნდა). ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით, რადგან ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამისა არ იყოს, "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალებიც" ხალხის წინაშე თუ გრძნობენ თავს, "ცოტა" უხერხულად, თორემ ერთმანეთთან მეგობრულად და კომფორტულად არიანო.

როგორ გინდა ენა მოგიბრუნდეს და თქვა, ხალხი ბრძენი არ არისო. აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამ, ნაციონალებისგან შეითვისა და არც, არასოდეს ყოფილა "ნაციონალების" რეალური ოპონენტი. აქედან გამომდინარე, ერთი მოვა უმრავლესობით, თუ მეორე, დესპოტიზმი გაიმარჯვებს თუ უნიათობა, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ძალადობა, განუკითხაობა, უწესრიგობა და უცოდინრობა გამართლდება. რადგან ერთსაც და მეორესაც ეს ყველაფერი, უკვე შერჩათ.

ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ხალხს ვერ გამოიყვანთ ქუჩაში და ვერც დააშინებთ დესტაბილიზაციით. პოლიტიკოსების უაზრო ხრიკები კი, ხალხისთვის კარგა ხანია გაცვდა. დღეს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავალალოა, რომ მომდევნო 4 წელიც, ქვეყანა ინერციით სვლას გააგრძელებს.

დღეს, სწორედ მოსახლეობა ითხოვს გონივრულ, ქვეყანაზე მორგებულ, სისტემურ ცვლილებებს. არადა, ძველი, პოლიტიკური ნიადაგი, გამოფიტულია.

ეს არის არჩევნები, როცა ამომრჩეველი გაცილებით მაღლა დგას, პოლიტიკოსებზე. ეს არის არჩევნები, როცა პოლიტიკოსები არჩევნების ჩატარებას ელექტორატის გარეშე გეგმავენ.

მაგრამ, ზუსტად ვიცი, ამ მდუმარე პროტესტის ფონზე, ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე, დიდ სიურპრიზს უმზადებს საზოგადოება პოლიტიკოსებს.