"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"

რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა. სამარშრუტო ტაქსის კარში, ჩანთა ჩაჰყვა და მანქანამ რამდენიმე მეტრი ათრია. 60-ს მიღწეულმა ქალბატონმა, "მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ მძღოლმა მანქანა დაძრა... სახსრები სულ დალეწილი ჰქონდა. მცირე დაზიანებად შეაფასეს ექიმებმა, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, სახლში გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მსგავსი შემთხვევები, არცთუ იშვიათი ყოფილა ჩვენს ქალაქში. ეს ინფორმაცია, საავადმყოფოში, ექიმებისგან გავიგე. ამასწინათ, ახალგაზრდა გოგოს, გრძელი კაბა მოჰყოლია კარში და ხალხს ყვირილი, რომ არ მოესწრო, რამდენიმე წამში გოგონა, მანქანის ბორბლებს ქვეშ აღმოჩნდებოდა.

ანუ ზემოთ მოყვანილი ამბავი, მხოლოდ უბედური შემთხვევა არ არის. აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.

მგზავრები ვერ ვიცავთ თავს, რადგან კანონისა და სიმკაცრის არავის ეშინია და თუ, რამის თქმას გაბედავ, დარჩები გალანძღული. სულ ეს არის.

ამ ფაქტიდან, დიდი ხანი არ იყო გასული და ერთ-ერთ ე.წ მარშუტკაში, შევესწარი, როგორ უხეშად მიმართავდა მძღოლი, შუახნის ქალბატონს. ვიდრე გავაჩერებ, რატომ სწრაფად არ გადმოდიხარ კართან, შენ გელოდოო?! ქალი ხმას არ იღებდა. მძიმე ჩანთით აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ძლივს მიაღწია, კარამდე. მერე, ჩასვლა ძლივს მოასწრო, რომ ისეთი სისწრაფით დაძრა მძღოლმა მანქანა, კარი თავისით მიჯახუნდა. ჩემი მეგობრის უბედურება გამახსენდა.

ვერ მოვითმინე და შევეცადე, აბსოლუტურად მშვიდად, მძღოლისთვის მიმემართა: "მაპატიეთ, თქვენ გაწერილი გაქვთ რამდენ ხანში უნდა იყოთ დანიშნულების ადგილზე?! - შენღა მაკლდი რაა!? - შემომიღრინა. ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ პასუხი ინფორმაციისთვის მჭირდებოდა.

აგრესია ვერ შეიკავა და "შემიკურთხა", სიჩქარესაც მოუმატა. ერთი-ორ ადგილზე, ავარიული სიტუაციაც შექმნა და ასე შემდეგ... ვიდექი მე და ჩემსავით, ბევრი სხვა ბედს მინდობილი, მოლოდინით, როდის გააჩერებდა მანქანას, როდის დამშვიდდებოდა." მარშუტკიდან" ჩასვლისას, ვუთხარი, რომ აუცილებლად ვუჩივლებდი...

დარწმუნებული ვარ ასეთ ვითარებაში ყველა ის ადამიანი არაერთხელ აღმოჩენილა, ვისაც ამ ტრანსპორტით უწევს გადაადგილება ქალაქში. ასეთი მძღოლები, ხომ სანთლით საძებარნი არ არიან?!

მოკლედ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, აღარც ჯანმრთელობა გაქვს და აღარც ნერვები.

ეს ჩემი გულისტკივილი, მოკლედ ასე გამოითქმის: აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია ჩვენს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა.

თქვენ გგონიათ, მძღოლს რომ "დავემუქრე", არ ვეცადე გამერკვია, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ამა თუ იმ დარღვევის დროს? - ვეცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ან, რას მეტყოდნენ ცხელ ხაზზე თუ მერიაში რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ფაქტია, ერთ მძღოლს მაინც, რომ დაკისრებოდა რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ეს მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის...

ყველაზე მეტად გულსატკენია ხალხის გაღიზიანებაზე საუბარი იმ პირებისგან, რომლებსაც ქვეყნის ბედი აბარიათ. ისინი, მოსახლეობას ბოღმისაგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის პრემიერ-მინისტრიც. მე მათ ვეკითხები: ხალხს, თუკი ჩვენი უფლების დასაცავად, ერთადერთი ბერკეტი გვაქვს და ეს "ბერკეტი" ჩხუბია, როგორღა გავთავისუფლდეთ?!

რომელ ქვეყნაში ცხოვრობენ მოქალაქეები ალალბედზე და საკუთარი ჩხუბის ამარა?! - გთხოვთ, იქნებ დაფიქრდეთ და გვიპასუხოთ.

მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, მე არ ვაპირებ მძღოლების აუგად მოხსენიებას და აქედან გამომდინარე, მთელი ერის დამცირებას, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

ამ შემთხვევაშიც  მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ვიღაცას აქვს უფლება იყოს უზრდელი და კანონდამრღვევი, მაგრამ მე და ბევრ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვქონდეს უფლება დავიცვათ ჩვენი ღირსება, სიცოცხლე...

ჩვენო ხელისუფალნო, არცერთი სახელმწიფო მორალზე არ დგას. ჩვენ, გვჭირდება სწორი მმართველები, რომ გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტანჯვისაგან.

შეგახსენებთ, ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე," სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ნინო ცხვარაშვილი

ჟურნალისტი