მე პატრიოტი არ ვარ! ჩემთვის პატრიოტიზმი ნაძირლების თავშესაფარია - კვირის პალიტრა

მე პატრიოტი არ ვარ! ჩემთვის პატრიოტიზმი ნაძირლების თავშესაფარია

წესით სუნი უნდა გცემდეთ. ჰო, სუნი. ყარს ყველაფერი: სისტემა, გარემო, სამშობლო... ჩვენში, უკვე თაობებია ილექება სისასტიკის, სიბნელისა და უვიცობის ნარჩენები.

მე, პატრიოტი არ ვარ. ჩემთვის პატრიოტიზმი ნაძირლების თავშესაფარია.

ასე იყო და იქნება, მანამ პოლიტიკაში ადამიანების მობილიზება არ მოხდება. ვიდრე, საზოგადოება არ განიწმინდება მძიმე დაავადებისგან, რასაც საბჭოთა მენტალიტეტი ჰქვია. ვიცი გული გიჩუყდებათ ამ ფრაზაზე. ვიგრძენი, როგორ მოემზადეთ პატრიოტები ჩემს გასაკრიტიკებლად. ეგრევე რუსეთი, უფასო ქალი და "კალბასი" გახსენდებათ და გიყვართ "კომუნისტური საბჭოთა", რომელსაც ვერ თმობთ.

თამამად ვამბობ: საქართველოს ჰყავს მტერი და ეს არის "კომუნისტური საბჭოთა მენტალიტეტი", რომელიც ღრმად დაილექა ჩვენს სულსა და გონებაში და უკვე ყარს. ამ მთავრობის პირობებშიც კი არ ცხადდება მთავარი მტერი და არ იწყება მასთან ბრძოლა. მხოლოდ "ბრტყელ-ბრტყელი" სიტყვები, რომ ძალადობისგან, თუ რაღაც მსგავსისგან უნდა გადაარჩინოს ქვეყანა ან ერთმა, ან მეორე პოლიტიკურმა ძალამ.

არაერთხელ მომისმენია, უთქვამთ, - კორუფცია, ქრთამი, ნაცნობობით საქმის კეთება, ყველაფერზე "ჩალიჩი", - რუსეთიდან შემოტანილი ფენომენიაო. შესაძლოა ასეა, მაგრამ ჩვენ, ხომ ეს კარგად ავითვისეთ, იმდენად კარგად, რომ დღესაც არ გვეთმობა.

ხელისუფლების განცხადებები, რომ ჩვენ განვითარების გზაზე ვდგავართ, ჩემთვის ყალბია. ჯერ ერთი ჩვენი ცხოვრების პირობები სხვა შედეგს გვიჩვენებს, მეორე, მომდევნო 25 წელიც ასე ვიქნებით, ვიდრე სისტემის დანგრევის მსურველები არ გამოჩნდებიან საზოგადოებასა და პოლიტიკაში.

მუდმივად რაღაც "გვჭამს შინაგანად", ხომ ასეა? რაღაც გვაწუხებს, ზოგჯერ კარგი ცხოვრების მოთხოვნით ვაპროტესტებთ კიდეც, მაგრამ როგორც კი მთავარი მიზეზი ჩნდება, უკან ვიხევთ, - "კომუნისტური საბჭოთა" გვიყვარს და ვიცავთ მას.

"ყავის მსმელია მხოლოდ, მაგრამ რა ვქნა არ გაუშვა სამსახურიდან, ჩემი ძმაკაცის შვილია"; "იპარავ? ვიცი სამართალი რას მკარნახობს, მაგრამ არ ვაკეთებ, რადგან მესმის შენი"; "ბიჭო, გამიჩალიჩე რა ეს ამბავი, მე ვერ ვაკეთებ"; "ჩემიანია, გაუკეთე ეს საქმე თორემ..." " შვილები ჰყავს სარჩენი, მოიპარავდა, აბა რა, ფული არ ჰქონდა"; "ჩემი ნაცნობი რისთვის ხარ გამიჩითე კარგი სამსახური" და ასე დაუსრულებლად.

ჩვენ საბჭოური ცხოვრების წესი მოვირგეთ ძალიან კარგად, რადგან ინდივიდუალური გადარჩენის მიზანი გვამოძრავებდა და გვამოძრავებს დღესაც.

არც ერთ სტრუქტურაში, იქნება ეს სამინისტრო, თუ დაქვემდებარებული უწყება არ არსებობს დარგის განვითარებისთვის საჭირო გათვლები (რატომ ასე და არა ისე), არ არსებობს სტრატეგია, სახელმწიფოებრივი ხედვა და რაც მთავარია არ არსებობს დაგეგმვა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ვიგებთ მთავრობის ესა თუ ის გადაწყვეტილება ან ხელშეკრულება საზიანოა თუ სასიკეთო ქვეყნისთვის? იმიტომ, რომ ყველა დარგში სისტემა გაუმჭვირვალეა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე და ასეც ხდება.

გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებით ხდება და არა პრინციპებითა და კანონებით, როგორც ცივილურ ქვეყნებშია და რაზეც მუდმივად ვწერ ჩემს ბლოგებში. რა თქმა უნდა, მთავრობას არ ენდომება ამა თუ იმ სექტორის რეფორმა, ვაითუ "დალაგებული" "ნაჩალიჩარი" ურთიერთობები დაენგრეს, უწყებების მუშაობა გამჭვირვალე გახდეს, "ჭუჭყი" გამოჩნდეს...

როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ქვეყანა განვითარების და კეთილდღეობის გზაზეა, როცა ყველგან და ყველაფერში კონკურენტუუნარო გარემოა და მოთხოვნა ხარისხზე საერთოდ არ არის. არასწორი ხალხი არასწორ ადგილზე და მორჩა, ქვეყანა წინ ვერ მიდის.

სამაგიეროდ, ასეთი ხალხი თამამად საუბრობს პატრიოტიზმზე. მანკიერ ჯაჭვში კი გვეშინია ვიყოთ განსხვავებულები, ვაითუ "მტრად" შეგვრაცხონ. ვაითუ, ამ "კაი ტიპების სასტავში" მიუღებელი ვიყოთ. უპირველესი თურმე სახელმწიფოა. სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ იდეაში არსებობს 25 წელია. სადაც მითი დამოუკიდებელი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების შესახებ მცადრია.

სადაც, ადამიანები კარგად ახერხებენ არსებობას აუტანელი სისტემის დროსაც. მთავარ მიზეზად კი გადარჩენას ასახელებენ: "რა ქნას ვერ ირჩენს თავს, ხომ არ მოკვდება?!"

მაშასადამე, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ხერხი დამრჩენია: მეც უკანონო უნდა გავხდე.

არავინ ფიქრობს შექმნაზე. არავინ ფიქრობს გამოსავალზე. არავინ ფიქრობს სისტემის დანგრევასა და ნამდვილ სახელმწიფოზე. მე უნდა "ვიჩალიჩო"! შენ უნდა "იჩალიჩო"! მან უნდა "იჩალიჩოს"!

მე პატრიოტი არ ვარ! პატრიოტიზმი ჩემთვის თქვენნაირების თავშესაფარია. ჩემთვის სამშობლოზე წინ ჭეშმარიტება დგას. ეგ თქვენი მყარად აგებული "კომუნისტური საბჭოთა" ურთიერთგაგება კი ჭეშმარიტების მტერია. როგორ შეიძლებოდა ეს "გაგების სისტემა" თაობების განმავლობაში არ გაგვეწყვიტა. არ გაგვჩენოდა სურვილი ნორმალური სახელმწიფო გვეშენებინა, ადამიანური ღირებულებებითა და ურთიერთობებით?!

ჰო, მიდით ბიჭებო, უდრტვინველად იცხოვრეთ საბჭოთა მენტალიტეტით, აკეთეთ ფული, "იჩალიჩეთ", მერე ცხარედ იკამათეთ ხალხის დასანახად და კონსტიტუციურ პრეამბულაში თამამად ჩაწერეთ: " ჩვენი მისწრაფება: ნატო და ევროპული ღირებულებებია".

პ.ს. რა ვქნა, გულიანად მეცინება.