"ბრექსიტი" და საქართველოს გზა ევროპისკენ - რატომ არ ესმით ქართველ პოლიტიკოსებს ევროპული ღირებულებები?! - კვირის პალიტრა

"ბრექსიტი" და საქართველოს გზა ევროპისკენ - რატომ არ ესმით ქართველ პოლიტიკოსებს ევროპული ღირებულებები?!

"ბრიტანეთი მცდარ გზაზე დგას"-ასე შეაფასა CNN-ის ჟურნალისტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გამოსვლა Brexit-ის მომავალთან დაკავშირებით. ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობას ევროკავშირიდან გასვლის დაწყება მხოლოდ პარლამენტის ნებართვით შეუძლია.

დღეს არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრთა უმრავლესობა Brexit-ის წინააღმდეგია.

BBC-ის ჟურნალისტის თქმით კი აშკარაა, რომ ტერეზა მეი ღილაკზე თითის დაჭერას დროში მაქსიმალურად წელავს. არადა, არსებობს რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს ბრიტანეთის პარლამენტს რეფერენდუმის შედეგი გარკვეულ ვადაში შეასრულოს. ერთადერთი აქცენტი, რაზეც ტერეზა მეიმ საკუთარ გამოსვლაში გააკეთა, ევროკავშირთან "თავისუფალი ვაჭრობის" შენარჩუნება იყო, რადგან ბრიტანული ბიზნესგარემო მოსვენებას კარგავს შეუცნობლის მოლოდინში.

აქ, ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. კატეგორიულად არ ვიზიარებ ზოგი ქართველი ექსპერტის მოსაზრებას, რომ "ბრიტანელ ხალხს თავისი იდენტობა აქვს და ის მათივე პოლიტიკოსებისგან განსხვავებულია. რომ, ხალხმა თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო და "ბრექსიტი" კარგია".

პირიქით, ბრიტანელებმა რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ დაიწყეს "ქექვა გუგლში" და იმის გარკვევა თუ რა მოხდა რეალურად და რას მისცეს ხმა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პოპულისტური დემაგოგიის გამარჯვება. თამამად ითამაშეს ხალხის შიშზე, ემოციებსა და კარჩაკეტილობაზე. ისინი ვინც იმარჯვებდნენ ბრიტანეთის გამოსვლის ინიციატივით, თავიდანვე არ ჰქონდათ პროგრამა, არ იცოდნენ და არ იციან დღესაც რა უნდათ მომავალში. ეს იყო შიში გლობალიზაციისა და მიგრანტებისა, რომელსაც თავად გაუხსნეს გზა, ლიბერალური პოლიტიკის სახელით.

ისიც უნდა ითქვას, რომ 2017 წელს ევროპის 10 ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და საინტერესოა რა ძალები გაიმარჯვებენ, რა პროცესები დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან.

თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაძლევს პესიმისტური განწყობის საფუძველს. კატეგორიულად არ ვეთანხმები ქართველი პოლიტიკოსებისა და რიგ შემთხვევაში პოლიტოლოგების მოსაზრებას, რომ ევროკავშირი იშლება და ჩვენ სად გვინდა გავწევრიანდეთ? ხშირად ვგრძნობ ჩვენი პოლიტიკოსებისგან ინდიფერენტულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მათგან ეს უფრო ფორმალურ ფრაზებს ემსგავსება, ვიდრე რეალურ ნაბიჯებს.

ამოვიჩემეთ ასოცირების ხელშეკრულება (რომელიც არ სრულდება და ამაზე ვრცელ ბლოგს აუცილებლად დავწერ), მაგრამ არ ვამბობთ, რომ საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა. მეგობრებო, ევროკავშირი, ნატო - ს მსგავსად დღეს გამოწვევების წინაშეა, მაგრამ ეს პროცესი აქტიური ფაზით მალე შეიცვლება.

ის ადამიანები ვინც ახალ სამყაროს ქმნიან ჯერ არ ჩანან, მაგრამ მიმდინარე წელი იქნება საკმაოდ საინტერესო ამ კუთხით და  "ახალი" მსოფლიოს კონტურები შემოდგომისთვის გამოიკვეთება.

ჩვენთან კი რა ხდება? გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, მაგრამ შეუძლებელია ეს ციტირება არ მოვიყვანო, რომელიც გაზეთიდან ამოვიკითხე: "ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, მას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს დღევანდელ ევროპაზე. ევროკავშირის წევრობა ძალზედ დიდი პრობლემაა, ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, რადგან დღეს ევროკავშირის პრობლემა არის გადარჩენა და წევრების შენარჩუნება".

ეს არის ღია მაგალითი იმისა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ან პოლიტოლოგებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, წარმოდგენა არ აქვთ იმ ღირებულებებზე, რისთვისაც შეიძლება ევროპისკენ მივისწრაფოდეთ.

პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ: ჩვენ მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია კი არ უნდა გვინდოდეს ან თავს ვიწონებდეთ "ასოცირების ხელშეკრულებით", რომელიც სინამდვილეში არ სრულდება, არამედ უნდა გვინდოდეს ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ევროპისგან, რას ვაძლევთ და რას ვიღებთ მისგან, ისე რომ ჩვენი იდენტობა და კულტურა არ დავკარგოთ.

პირობითი ტერმინი კი არ უნდა იყოს, გვერქმევა თუ არა ევროპის წევრი ქვეყანა, არამედ გვინდოდეს იმ ჩამპალი, საბჭოთა სისტემის რღვევა, რომელმაც მოსპო ადამიანის ღირებულებები, დაგვანგრია შინაგანად და გარეგნულად.

მაგალითისთვის ავიღოთ ასოცირების ხელშეკრულება, ვიტყოდი, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც მჭიდროდ არის ასოცირებული ევროკავშირთან, შესაძლებელია ჩვენზე გარე, უარყოფითი ზეგავლენები შევარბილოთ. დღეს "გაზპრომზე" და რუსეთზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ უკვე უნდა გვქონდეს ჩვენი ალტერნატიული გზები. ყველა დარგში ვაყალიბებდეთ სისტემას, რომელიც არაპროფესიულ, საშიშ გარემოს მოსპობს.

შესაძლოა ევროპა ამ ეტაპზე კრიზისშია, მაგრამ თამამად ვამბობ, დღესდღეობით ეს არის ყველაზე დიდი, პროგრესული სივრცე, რომელზეც  ხელი მიგვიწვდება და ამას სათანადოდ არ ვიყენებთ.

ევროპასთან პოლიტიკური, ისევე, როგორც ეკონომიკური ასოცირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამის არ გამოყენება დაუშვებელია.

მხოლოდ ასოცირების ვალდებულებების შესრულებით შეგვიძლია დარგები გავხადოთ გამჭვირვალე.

დავუბრუნდები იმ პირობითად "ქაოტურ" სიტუაციას, რაც დღეს ევროპაშია, 2017 წელს საკმაოდ საინტერესო გადანაწილებები და პროცესები მოხდება მსოფლიოში. ქართველ პოლიტიკოსებს კი არ აძლევს საფუძველს ეს "კრიზისი" თითზე დაიხვიონ.

ჩვენ თუ მაჩანჩალებივით ვივლით, არ დავნერგავთ იმ ღირებულებებს, რომელსაც ცივილური სამყარო ქმნის, არ გავაანალიზებთ ვინ ვართ, რა გვინდა და რას წარმოვადგენთ დღეს მსოფლიოში, რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა ჩვენ საერთოდ არსად აღმოვჩნდეთ.

თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას, გამჭვირვალე სისტემას და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.