დიახ, მე ევროპა იმისთვის მინდა, რომ სახლში ონკანი კარგად მუშაობდეს - კვირის პალიტრა

დიახ, მე ევროპა იმისთვის მინდა, რომ სახლში ონკანი კარგად მუშაობდეს

ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელსაც შემთხვევით ტელევიზიით მოვკარი თვალი, ჟურნალისტს უთხრა, - ევროპა იმისთვის არ მჭირდება, რომ სახლში ონკანი კარგად მუშაობდესო..." -  გაიცინა და აღარ დაასრულა, მაშ, რისთვის სჭირდება ევროპა. პოლიტიკოსის ასეთმა პასუხმა საგონებელში ჩამაგდო, გამიღვივა ეჭვი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან რატომ გვჭირდება ევროპა და მხოლოდ სიტყვების "რახარუხია", რომ ჩვენ ევროპისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

ვიდრე ჩემს გულისტკივილს გაგანდობთ, გულწრფელად გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას. იმედი მაქვს, ტექნიკური საკითხების მოგვარება დროში არ გაიწელება, მაგრამ გთხოვთ, იქნებ ჩვენი ცხოვრების წესით და ღირებულებებით დავიწყოთ ევროპასთან დაახლოვება.

პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ იმ დაახლოებულ ერთ ნაბიჯსაც ვერ ვგრძნობ ჩვენს ქვეყანაში.

აი, მაგალითად დღეს გავიღვიძე და წყალი არ მოდიოდა. ცხელ ხაზზე დავრეკე. ისე აღარ გიყვირიან ოპერატორები, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გაწვდიან. შეიძლება გითხრან მთელი დღე არ იქნება წყალი და უცებ, ნახევარ საათში მოვიდეს, ან გითხრან, რომ სამუშაოები უკვე სრულდება, მაგრამ ორი დღე მაინც უწყლოდ იყო.

იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს ამ ქვეყანაში. არ არსებობს პოლიტიკური ნება. თვეებია ვაკვირდები, არ იციან რატომ წყდება წყალი? არ იციან, რატომ სკდება ზუსტად ერთი და იგივე ქუჩის მონაკვეთზე მილი. რატომ არ გვაქვს თვეში ერთხელ მაინც დენი? რატომ ვბრუნდებით 90-იან წლებში და ასეთ პირობებში პოლიტიკოსები რატომ გვარწმუნებენ, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით ევროპას?

გავდივარ გარეთ. ვცდილობ შევინარჩუნო კარგი ხასიათი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან წარამარა ორმოში ვვარდები. თუკი წვიმს, ან თოვს გაცილებით რთულად არის საქმე, რადგან დიდწილად არ არსებობს გზა ჩემს ქალაქში, რომელიც მოწესრიგებულია. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ევროპული ღირებულებები ესმოდეთ პოლიტიკოსებს, როცა თბილისის მერი დავით ნარმანიაა.

შეიძლება უარყოთ, მაგრამ ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ავტოავარიისას იღუპება, ხელისუფლების კისერზეა, რადგან რეგულაციებსა და კანონის სიმკაცრეს სჭირდება პოლიტიკური ნება. უმეტესწილად "ზებრა" გადასასვლელებზე არ არის ნიშანი და კამერა. არ არსებობს სიმკაცრე, კანონი.

მივდივარ ყავის საყიდლად. გამყიდველი უზრდელად და უკმეხად მპასუხობს. პირდაპირ ვამბობ, ესეც პოლიტიკური ნებაა მოწესრიგდეს მომსახურების სერვისი.

ე.წ. "მარშუტკის" მძღოლი ძალიან ცუდი მძღოლია და ვერ ვიცავ თავს. დაცულობა ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს თუ შეძლებ, უფრო ხმამაღლა და აგრესიულად იყვირო, ვიდრე ამას "მოწინააღმდეგე" აკეთებს, რომ ის დააშინო, სხვას არაფერს.

დამისახელეთ ერთი დარგი, სადაც ქვეყნის სასარგებლოდ კანონი იცვლება და სისტემა ხდება გამჭვირვალე? ასეთი მაგალითები არაერთია და როდესაც "ერთ ნაბიჯზე" მელაპარაკებით, იმ ერთ ნაბიჯს ევროპისკენ გადადგმულს, ჩვენი მოსახლეობა მყისიერად უნდა გრძნობდეს.

არ მეხათრება ხმამაღლა გითხრათ: დიახ, მე ევროპა იმიტომ მჭირდება, რომ სახლში ონკანი კარგად მუშაობდეს. შემეძლოს თავის დაცვა, როცა უკანონოდ მექცევიან, შემეძლოს თავის დაცვა იმ დროსაც, როცა ცუდად მემსახურებიან. არსებობდეს შრომის თანამედროვე კოდექსი და ასე დაუსრულებლად. თუ ამას არ განუმარტავთ მოსახლეობას და პარალელურად არ აგრძნობინებთ მათ უფლებებს, მაშინ ნუ შეშფოთდებით, რომ მოსახლეობის 30% ისევ რუსეთზე ფიქრობს.

ჩემთვის ევროპა არის დაცულობა და ღირებულებები, სადაც უპირველესი ფასეულობა ადამიანია. მე არ მაინტერესებს პოლიტიკა. ჩვენ ეს საქმე პოლიტიკოსებს ჩავაბარეთ და ვხედავთ, რომ ვერაფერს აკეთებენ. მხოლოდ ცარიელ სიტყვებს, ერთმანეთის ლანძღვას და დანგრეულ ქვეყანას ვხედავთ.

ჩვენს ქვეყანაში არის მხოლოდ ძალადობა და როცა ვგრძნობ, რომ ვარ აბსოლუტურად ხელ-ფეხ შეკრული, მაშინ გულწრფელად ვკითხულობ, როდისღა გადავდგით ნაბიჯი ევროპისკენ? როდის გვექნება სურვილი დავუახლოვდეთ ევროპას არა გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით.

წარმოიდგინეთ, დღეს გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. მაშინ რა გვიხარია? თქვენთვის აქვს მნიშვნელობა რა გვერქმევა, თუკი არ ვვითარდებით და ძველი "კლანური" სისტემა მუშაობს ისევ?

პოლიტიკოსმა ისიც თქვა, - წადით და ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ევროპაშიო. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ ხალხს აგდებთ სინდისზე, ვითომ ევროპელები მორალურად ცხოვრობენ. იქნებ ჯერ თქვენ გაერკვეთ რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და საკუთარი ქვეყნის მართვა.

სისულელეა დაველოდოთ მთელი მოსახლეობა ერთ აზრზე როდის დადგება; როდის გაიღვიძებს ყველა კარგ ხასიათზე; როდის შეიცვლება ე.წ. "ეროვნული მენტალიტეტი" იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ქვეყნის მართვა დაიწყოს! სასამართლომდე უნდა მუშაობდეს არაერთი შესაბამისი ინსტანცია, ნებისმიერი საკითხისთვის( თუნდაც მაღაზიის გამყიდველმა, ან სტომატოლოგმა მოგატყუოთ) და თუ არ იცით რას ნიშნავს ეს, გადახედეთ ცივილურ ქვეყნებს. ადამიანები უნდა მოერგონ კანონებს და წესებს, პარლამენტარიდან დაწყებული უბრალო მოქალაქით დასრულებული. მკაცრად უნდა იყოს მათი ქცევის ნორმებიც კი გაწერილი და არა, ჩხუბით აგვარებდნენ ყველაფერს, ისე, როგორც მათ საქმეს წაადგება.

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას.

გამოსავალი ერთობ მარტივია, თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, გამჭვირვალე სისტემას ყველა დარგში და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს!