"საზმაუ" ჩემთვის არის ბნელი კორიდორების, დანგრეული ურთიერთობებისა და ტუალეტის სუნის გამოცდილება - კვირის პალიტრა

"საზმაუ" ჩემთვის არის ბნელი კორიდორების, დანგრეული ურთიერთობებისა და ტუალეტის სუნის გამოცდილება

ისევ პირდაპირი უნდა ვიყო და ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დავსვა შეკითხვა, ამიტომ, წინასწარ გიხდით ბოდიშს თქვენი მყუდროების დარღვევისთვის: იქნებ დაასახელოთ ბოლო, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში რომელი საკითხი ან პრობლემა გააშუქა საზოგადოებრივმა არხმა, რომელიც ღირებული იყო და სწორედ ამ არხიდან შევიტყვეთ ობიექტური ინფორმაცია?

შეიძლება ჩემი შეკითხვა არაზუსტია, იმ თვალსაზრისით, რომ პირადად მე, უკვე 15 წელია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" შემთხვევითაც არ ჩამირთავს ტელევიზორი. ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთი არხის წამყვანმა განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფი შეიჭრა 1-ლ არხზე და 5-წუთიან ეთერს ითხოვს, მაშინაც არ ვენდე და ინტერესის გულისთვისაც არ გადამირთავს ამ არხზე. სხვა მედია საშუალებებით ვამჯობინე ინფორმაციის გაგება.

გულწრფელად მაინტერესებს ვის გახსოვთ 1-ლი არხის არსებობა, ვიდრე ტელევიზიის თავმჯდომარე არ გამოიცვალა და ძალით თავი არ შეგვახსენეს? იქნებ, ვინმემ განმარტოთ, რატომ ასოცირდება სიტყვის თავისუფლების ხელყოფასთან სურვილი, რომ "ჩამყაყებული" სიტუაცია შეიცვალოს "საზმაუზე"?

აქვე უნდა განვმარტო, მე არ ვარ შორიდან მაყურებელი მოქალაქე, ვინც ფასადურად იცნობს ამ არხის სიტუაციას და ხელაღებით აკრიტიკებს ან იცავს მას. დღევანდელ ბლოგში მსურს ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ "საზოგადოებრივთან" მიმართებაში.

საზოგადოებრივ არხზე 16 წლის გოგო მივედი, რა თქმა უნდა, შტატგარეშედ. დღე ვმუშაობდი, ღამე კი ვსწავლობდი, მინდოდა, მეტი გამოცდილება მიმეღო. ვერასოდეს ვფუთავ ლამაზად ჩემს ემოციებს, ამიტომ დღესაც პირდაპირ გეუბნებით: საზოგადოებრივ არხზე გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის იყო, დეგრადირების, სტრესის, არათანასწორუფლებიანობის, უსამართლობის, კორუფციული კლანების "თავზე ჯდომის" და არაპროფესიონალიზმის გამოცდილება. ჰო, კიდევ გამოცდილება ბნელი კორიდორების, დანგრეული ურთიერთობებისა და ტუალეტის სუნის.

საქმე ის არის, რომ 20 წლის შემდეგაც იქ სიტუაცია არ შეცვლილა. პირიქით, თუ ვინმე ფორმალურად მაინც დააპირებს, რომ სიტუაცია შეცვალოს, "საზმაუს" მაშინ ახსენდება სიტყვის თავისუფლება. მაშინაც და დღესაც, ვისაც ჰქონდა და აქვს სითამამე, სიმართლის შეგრძნება, განათლება, ინიციატივა სხვადასხვა რაკურსით აკეთოს სიუჟეტები, თითოეული მათგანი ან დისკრედიტირებულია ან უმუშევარი რჩება.

წლების შემდეგაც, როდესაც აღნიშნულ შენობას ჩავუვლი, ამძაღებული ტუალეტის სუნი მახსენდება და სახე მეჯღანება. ტუალეტის, რომლისთვისაც ათასობით ლარი მიდიოდა 1-ლ არხზე "რემონტის სახელით" და მერე ეს თანხა სად ქრებოდა არავინ უწყის. ეს სუნი კი უკვე კედლებშია გამჯდარი. ეს ის ტელევიზიაა, რომელსაც უნიკალური ოქროს ფონდი დღემდე "ბაბინებზე" აქვს შემონახული ( ამ საქმისთვისაც არაერთხელ მოიზიდეს თანხა მაგრამ...), ან რა მნიშვნელობა აქვს რაზეა ჩანაწერები, როდესაც არასოდეს იცოდნენ რატომ და როგორ გამოეყენებინათ ის და გადაცემები მხოლოდ დროის შესავსებად კეთდებოდა.

ეს არის ტელევიზია, რომელმაც ვერასოდეს შეიშნოვა საინტერესო ადამიანები და ინიციატივები და მათ ქუჩაში ყრიდა (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. მათ ისევ ვუსმენ სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებში და ისინი არასოდეს ასოცირდებიან "საზოგადოებრივთან").

ეს არის არაშემოქმედებითი ტელევიზია, რომელიც უსახური ამბიციების მეტს ვერაფრს ქმნიდა და ყოველი მენეჯერის შეცვლის შემდეგ, საუბარი მხოლოდ ტექნიკის შეცვლის სურვილით იწყებოდა. ტელევიზია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, როგორმე მორგებოდა არსებულ მთავრობას.

დღეს გულწრფელად მენანება თითოეული იქ დახარჯული წუთი ჩემი ცხოვრებიდან. როგორც კი შანსი მომეცა "რადიო იმედში" გადავედი და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი, რას ნიშნავს წერდე ან როგორ წერდე, როგორ აკეთებდე რეპორტაჟს.

ერთხელ მახსოვს "ჰოლი" რომ შეარემონტეს, მღვდელიც კი მოიყვანეს და აკურთხეს. მაშინ ასაკოვანმა კაცმა მითხრა, ვიდრე ეს შენობა არ გაქრება და ამის ადგილას სხვა არ აშენდება აქაურობას არაფერი ეშველებაო.

მესმის, დღეს საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ერთ ძალას ("ნაცებს") თავისი შესაძლებლობების გამოსაღვიძებლად სჭირდება, ვითომ თავისუფალი სიტყვის დაცვა, მეორეს, სავარაუდოდ (როგორც არც ერთ ახალ მენეჯერს არაფერი უკეთებია ფულის გარდა), ალბათ ხელის მოსათბობად. თუ ეს ასე არაა მაშინ, რატომ გეშინიათ დასვათ სწორი შეკითხვები, რატომ გეშინიათ გაატაროთ რადიკალური, მაგრამ დასაბუთებული რეფორმები, რატომ ერიდებით დაანახოთ ხალხს რეალური პრობლემები?!

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია "საზმაუს" ფასადური რეფორმები. მაგალითად, ზემოხსენებული მართლა, სუფთა კადრების გარეთ გამოყრა (თუკი ასეთი ვინმე დარჩა ამ ტელევიზიაში) ვის თავზეც ტყდებოდა და ტყდება ჯოხი ყოველთვის, ვინც "კაპიკებზე" მუშაობს, ხოლო კედლებს შეზრდილი, გამდიდრებული კორუმპირებული ჯგუფის ადგილზე დატოვება, იმ სახელით თითქოს დღეს იბრძვის და თავისუფალი სიტყვა უნდა გადაარჩინოს და მერე, ისევ ადგილების გადავსება სხვა ტელევიზიის კადრებით. თუ სცენარი ასე განვითარდა, ეს იქნება რეალური პრობლემებიდან თავის არიდება.

მესმის თქვენი "საზმაუს" თანამშრომლებო, დაიწყებთ ეს არის პირველი ტელე-რადიო მაუწყებლობა, როგორ ბედავთ ფიქრს, როგორ უნდა დაიხუროსო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დასრულდეს. ის, რაც იყო და რისთვისაც ღირდა ეს მაუწყებლობა, უკვე კარგა ხანია მას თქვენვე შეურაცხყოფთ. რაც მნიშვნელოვანია, ვერ უვლით და ვერც მოუარეთ.

მართლა, რომ ვინმე ფიქრობდეს ამ ქვეყანაში რომელიმე პრობლემის მოგვარებაზე, საზოგადოებრივი ტელევიზიის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხა თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა, თუნდაც მთელ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგებას, რომელიც ერთობ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ეს ერთ-ერთი იდეაა, თუმცა სხვაც ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს.

მაგრამ ვიდრე გაირკვევა, რა უნდა ერთ ან მეორე მხარეს, მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე გამოვხატავ სურვილს, ჩემი ჯიბიდან არ იხარჯებოდეს თანხა "საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის.

(გამოყენებული ფოტომასალა გაავრცელა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა მენეჯმენტმა)