"ქართველ ხალხს ჯერ უნდა შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების და..." - კვირის პალიტრა

"ქართველ ხალხს ჯერ უნდა შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების და..."

ერთი გულწრფელი შეკითხვა მაქვს: ნეტავ, როდესმე დასრულდება ჩვენს ქვეყანაში სნობიზმი და პროვინციალიზმი?!

შემეძლო თავი ამერიდებინა ამ საკითხისათვის, მაგრამ ის ისე მკვეთრად იჭრება ჩემს ცხოვრებაში, ანგრევს მას, ზოგად ურთიერთობებს, შემოქმედებას, პიროვნულ თავისუფლებას.

თითქოს რაღაც არ მოგვწონს და, როცა არ მოგვწონს, ვითხოვთ კანონს, დასჯას, დაცვას, თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მაქვს გრძნობა, რომ არცერთი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცით. მაგრამ ხომ ვითხოვთ...

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არა კანონზე, არამედ პირად ურთიერთობებზეა აგებული და ეს არ გვაწუხებს.

ერთხელ დავწერე, რომ "საბჭოთა სისტემა" რუსებზე უკეთ ჩვენ ავითვისეთ-მეთქი. ამას იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს ცხოვრებაში, რომ ამ ცოტა ხნის წინ 25 წლის ბიჭმა მითხრა: ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ საბურთალოზე უფრო სხვა შეგნების ხალხი ვცხოვრობთ, ვიდრე ვარკეთილსა და გლდანშიო.

გამახსენდა, ბოლო დროს ყველაზე დიდი ალიაქოთის მომწყობმა ბათუმში ტელეეთერით განაცხადა, კვერცხები იმიტომ ჩავცხე თავში თავის დროზე "ნაციონალებს", რომ ეს გამოხატვის თავისუფლებააო. (ისე, ტელევიზიები ღირსნი კი არიან ამგვარი კომენტარისა, რადგან წლებია ხალხს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მცდარ წარმოდგენებს უქმნიან, მაგრამ ეხლა ამაზე არ ვლაპარაკობ).

სხვა მაგალითებიც მრავლადაა: "გორელმა "პალაჟენიე" როგორ უნდა დამიყენოს ბათუმშიო" - ამ განაცხადმა ერთი ცნობილი ტიპი გამახსენა - ერთ-ერთი ტელეარხის დილის პროგრამის ხელმძღვანელი იყო (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) თავის კორესპონდენტს ეუბნებოდა, შენი სახლის ტელეფონი 68-ით, რომ იწყება რა კაცი უნდა იყოო... მოდი, კაცად გაქცევ, ფულს გაგაკეთებინებ, შენი ტელეფონის ნომერი 36 მაინც დაიწყებაო. ეს მაშინ იმდენად შოკი იყო, რომ ვინერვიულე, მეორე დღეს კი მივედი და პირში ვუთხარი, რაც სათქმელი მქონდა.

ასეთი აზროვნება და ასეთი სისტემა, როგორითაც ჩვენ ვცხოვრობთ ღრმად ფესვგადგმული "საბჭოთა სისტემაა".

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც 11 საათზე იღვიძებს. მხოლოდ მოქალაქეები კი არა ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები და ჩინოვნიკები 11-მდე სამსახურებში არ არიან. ამის თქმის უფლებას პრესცენტრის წარმომადგენლები მაძლევენ, რომელთაც თუ გაუბედე და 11-ის ნახევარზე მაინც დაურეკე, აგრესიულად მოგახლიან: "აცადეთ რაა, გაღვიძება". ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის პასუხისმგებელმა პირებმა დილას არ იციან, საღამოს რა ღონისძიება აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი სპონტანურად ხდება.

ქვეყანა, სადაც პასუხი არ აქვს არც ერთ პრობლემაზე და სადაც მინისტრებთან ინტერვიუები მხოლოდ ნაცნობობით შეგიძლია ჩაწერო და არა დაგეგმილი განრიგის მიხედვით.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მენეჯერები ისევ თამამად ამცირებენ დაქირავებულს: "თუ არ მოგწონს წაბრძანდი სადაც გინდა (დაიმახსოვრეთ, ეს მონური ფსიქოლოგიაა! - ნ.ც.), ჩივილით კი ვერსად მიჩივლებ". და არის დაქირავებული "ხელ-ფეხ შეკრული", რადგან ეს ბოლო ფრაზა მართალია.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არა თუ დამოუკიდებელი სასამართლო, გამართული შრომის კოდექსიც კი ჩანასახში არ არსებობს. ქვეყანა, სადაც პირობითად ვართ დაყოფილები "პრორუსულებად" და "პროევროპელებად". არც ევროპაა პანაცეა, მაგრამ აქ ევროპისკენ სწრაფვა არაფერ შუაშია, რადგან "საბჭოური სისტემა და აზროვნება" არ გვეთმობა. სადაც კანონი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება სხვა დაისაჯოს, ჩვენ კი პასუხიმგებლობის აღება გვიჭირს.

სიყალბის, პირადი გარიგებების, "ძალით კაი ტიპობის", კორუფციის, "ჩალიჩის" ქვეყანა, რომელიც იწყებს დღეს და არ იცის რისთვის...

სახლიდან გამოსვლისას, ეთნიკურად სომეხმა ჩემმა მეზობელმა მკითხა: "ჰა, ნინოჯან, ვიფრენთ 30 ლარად ევროპაში, როგორც რუსეთში?" ვიდრე ჭიშკარს ჩავკეტავდი, თავი არ ამიწევია ისე ვკითხე: "სხვა განსხვავებას ვერ ხედავთ?" პასუხმა არ დააყოვნა: "თქვენ რა, ქალაქში არ დადიხართ ხალხი რა დღეშია? პური ჩვენ არა გვაქვს და სამართალი. ეხლა ჩემს ბიჭს მანქანა დაუმტვრიეს და რადგან მე არავინ ვარ, მეშინია რამე აქეთ არ აგვიტეხონ, წავიდე ნაცნობი ვიპოვო..."

და ვიდრე, პროვინციელები პროვინციელებს "ქაჩავენ", ვიდრე, ქვეყნის პრობლემად რჩება პატიოსანი და "არასაბჭოური" მენტალიტეტის მქონე პირების სათავეში მოსვლა, სიამოვნებით ვეტყოდი ჩემს ხალხს მერაბ მამარდაშვილის იმ სიტყვებს, რომელსაც ის წლების წინ წერდა:

"ქართველმა ხალხმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს. ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?

შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისგან დაიბადება ენერგია ფერიცვალებისა..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს