უუფლებო ქართველი ერი - კვირის პალიტრა

უუფლებო ქართველი ერი

საქართველოში პროტესტის ფორმა აშკარად შეიცვალა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანას "მიტინგომანია" სნეულებად ჰქონდა ქცეული. საქართველოს 87% "ზვიადისტი" იყო, ისევე, როგორც მერე გახდა "შევარდნაძისტი" და შემდგომ "მიშისტი". პარადიგმები არ იცვლებოდა და დაუსრულებელი მიტინგები ერთ მიზანს ემსახურებოდა, ერთი ძალაუფლება როგორმე მეორეთი ჩანაცვლებულიყო. დღეს ასეთი პროცესისგან შორს ვართ. საპროტესტო გამოსვლები სოციალურმა პროტესტმა ჩაანაცვლა.

კონკრეტულ შემთხვევებს ვაპროტესტებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ ქუჩაში.

ტელეეკრანიდან თითქმის ყოველდღე მესმის ადამიანთა განწირული ხმები. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, ეს ერთადერთი ბერკეტია, რაც ჩვენს ხალხს თავის დასაცავად შემორჩა. რაც უფრო ხმამაღლა ყვირი და გამოხატავ ისტერიკას, მით მყარად იცავ შენს უფლებას, მით უფრო ხმამაღლა ეუბნები ხელისუფლებას, რომ შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ.

სოციალური პროტესტი კარგია, მაგრამ 21-ე საუკუნეშიც კი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სამართლებრივი გზით ვერ ახერხებენ თავის დაცვას.

ამასწინათ, ერთმა ნაცნობმა მითხრა: "ნინო, რაღაც პრობლემა მაქვს იქნებ მომისმინო და მედიის საშუალებით გავახმაუროთ, რადგან თავს ვერ ვიცავო". შევთავაზე, იურისტთან მისულიყო, რადგან გავიგე, რომ უფასო იურიდიული კონსულტაციის ოფისები არაერთ უბანში გაიხსნა. ისე ინდეფერენტულად შემომხედა და ჩაილაპარაკა, - უფ, ეგენი როგორ დამეხმარებიანო...

ამ ფაქტმა ერთობ დამაფიქრა. როგორც შევიტყვე, ჩვენში ადამიანები ცდილობენ, როგორმე ნაცნობის დახმარებით პრობლემა კონკრეტულ ტელევიზიებამდე მიიტანონ, რომ მათ პრობლემას მეტი ყურადღება მიექცეს.

ჩვენ ვართ უუფლებო ქართველი ერი.

სწორედ ამ ფრაზას ვეუბნები ყველას ვისაც ხალხი მაშინ ახსენდება, როდესაც არჩევნებზე ხმები სჭირდება. ვისაც ჰგონია, რომ ევროპულ ქვეყნებში მეტი მოქალაქეობრივი შეგნება აქვთ, ვიდრე ჩვენს ხალხს.

პირობითად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ დაუშვებდა ქალაქის მთავრობა "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისას მსგავსი დაზარალებულებისათვის მიეცა კომპენსაცია, მაგრამ ხელში ეჭირებოდა დოკუმენტი, რომ მათ თავის დროზე უარი თქვეს საკუთარი პროდუქტის დაზღვევაზე. ერთხელ და სამუდამოდ რაღაც, ხომ უნდა გახდეს ვალდებულება.

ვიღაცამ ხომ უნდა ასწავლოს, თუნდაც სოფლის მოსახლეობას, რომ დააზღვიონ საქონელი და მიეცეთ მათ ამის შანსი და საშუალება. არც ერთ ქვეყანაში განწირული ხმით არ ყვირიან ყოველი სტიქიის შემდეგ დაზარალებულები, თითქოს მათ ჭექა-ქუხილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუვლინა.

საერთოდ, ბევრ სფეროში კანონი ძირეულად შესაცვლელია.

ქუჩაში ვაპროტესტებთ ერთი ცნობილი ადამიანის "უკანონო" დაკავებას და იგივე გზით 10 უცნობი ადამიანის შვილი შეიძლება გაიწიროს, რადგან ამ უკანონობის უფლებას კანონი იძლევა.

გულწრფელად უნდა ვთქვა, პირველები ნაციონალები იყვნენ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ და აღფრთოვანებულ ხალხს, რომ უთხრეს, თქვენ არავინ ხართ, არ ირწმუნოთ თქვენი ძალების, ჩვენ რომ არა, არც არაფერი მოხდებოდაო. იმის ნაცვლად, რომ კანონი გაეხადათ უზენაესი და სასამართლო თავისუფალი.

დღევანდელი ხელისუფლება კი მცირე იმედსაც ბოლომდე გვინგრევს.

ამიტომ არის, რომ ჩვენს ხალხს არ სჯერა არათუ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის, არამედ თავისუფალი და მიუკერძოებელი იურისტების, სამართლებრივი გზით რომელიმე საქმის გადაწყვეტის და ამიტომ, განწირული ერთადერთ ბერკეტს იყენებს: გამოდის ქუჩაში და ისტერიულად ყვირის, ან კეტავს ქუჩებს ან შურისძიების მიზნით ფიზიკურად აზიანებს სხვას, ან...

90-იანი წლების "მიტინგომანიასა" და დღევანდელ სოციალურ პროტესტს შორის საერთო ის არის, რომ დღესაც არ ხდება ძალაუფლების კრიტიკა.

კვლავ მოდაშია: "დღეს მე ვარ სათავეში და რასაც მინდა იმას ვიზამ".

განვითარებული ქვეყნებიდან კი ერთი რამ განგვასხვავებს, მათ აქვთ კანონი და პასუხისმგებლობა. ჩვენ კი ვართ უუფლებო ერი.

ჩემი სურვილია სოციალურმა პროტესტმა იურიდიული კონსულტაციის ოფისებსა და სასამართლოებში გადაინაცვლოს, მაგრამ ხალხმა, რომ ისწავლოს კანონის დაცვა და პატივისცემა, ჯერ ის უნდა არსებობდეს ქვეყანაში და შემდეგ, ხელისუფლებას მიჰყავდეს აქეთ საქმე.

და ვიდრე, სამართალი კონკრეტული პიროვნებების შეხედულებით მოქმედებს და არა პრინციპებითა და კანონებით, ვიდრე ჩემი ხალხი თავის უფლებას ქუჩაში გამოსვლით იცავს, არ დამეზარება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენო: თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას, ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე სისტემას ყველა დარგში და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს