მოგვეცით საშუალება გავაკეთოთ არჩევანი "საბჭოთასა" და "ევროპულს" შორის! - კვირის პალიტრა

მოგვეცით საშუალება გავაკეთოთ არჩევანი "საბჭოთასა" და "ევროპულს" შორის!

არის თუ არა რუსული გავლენა საქართველოში?

ამ შეკითხვას პერიოდულად უბრუნდებიან ქართული თუ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და მერე ე.წ "პროევროპული ტელევიზიები" გარკვეულ შედეგებს საზოგადოების სალანძღავად იყენებენ. "რუსულ საბჭოთას" (მე ასე დავარქვი პროპაგანდა საერთოდ არ სჭირდება, რადგან ის ჯერ არსად "წასულა".

ყოველდღე, როდესაც ქუჩაში გამოვდივარ და თითოეულ ნაბიჯზე "საბჭოთა სისტემა" თვალში საცემია, ვფიქრობ, რატომ კეთდება მცდარი აქცენტები შეგნებულად? რატომ არ გვიჩნდება სურვილი დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც "საბჭოთას" უკავშირდება?

ვგულისხმობ იმას, რომ დღესაც არ ხდება ძალაუფლების კრიტიკა. იმას, რომ დღესაც, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ კანონებს. როგორც უნდათ ისე იყენებენ სახელმწიფო სტრუქტურებს. ძველბიჭობა, შანტაჟი და მუშტიკრივით საქმის "კეთება" ისევ ძალაშია (ამის ნათელი დასტურია თორდია-ფარცხალაძის საქმე). დაშინება და ფარული მიყურადება ისევ ძალაშია. ვინ ვისი "კლანის" წევრია იმის მიხედვით ხნავს ძალა აღმართს ნებისმიერ სტრუქტურაში და ურთიერთობაშიც. მენეჯმენტი არსად არ მუშაობს. უფრო სწორედ, მენეჯმენტი ჰგონიათ "ზემოდან" ყურება და არა მართვა.

პასუხისმგებლობები არის შერჩევითი. სამართალიც არის შერჩევითი. თავისუფალი სიტყვა არის ირიბი ზეწოლის ქვეშ. ადამიანი, რომელიც ჩემი ქვეყნის დედაქალაქიდან ქრება, მე აღარ ვგრძობ თავს დაცულად. არც სამართალდამცავების დისკრედიტაცია მომწონს, არც ქვეყნის ღირსების შელახვა, მინდა, რომ რუდუნებით ველოდებოდეთ გამოძიებას, როგორც ცივილურ ქვეყნებშია, მაგრამ, უბრალოდ, ხელისუფლება არ გაძლევს ამის საშუალებას.

აბა, რაღაზე ვსაუბრობთ? ამასწინათ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას მივაგენი, რომელიც წერდა, რომ საქართველოს 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო და ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდებოდა ის, რომ იმ დროს არავის სციოდა, არავის შიოდა და არავის ჰქონდა შიში, რომ ოჯახს ვერ გამოკვებავდა.

მე ჩვენი საზოგადოების კრიტიკას არ ვაპირებ, პირიქით ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რას ნიშნავს ადამიანის უფლება. რას ნიშნავს სახელმწიფო. რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები. ის მაგალითები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე პირდაპირ "საბჭოთასთან" კავშირშია.

მე, პირადად აღარ მინდა ამ დამახინჯებული ურთიერთობებისა და სისტემის დანახვა.

საზოგადოებამ დღესაც კი, მხოლოდ საბჭოთა სისტემის გემო იცის, "ჩაწყობის" გემო, მოპარვის გემო, "ჩემიანის" გემო, იცის, რომ ვინც სათავეშია, ის იმარჯვებს, ამ ყველაფერს, რაც მოაკლდა მხოლოდ ფულის დიდი რაოდენობით "შოვნა" და ოჯახის გამოკვებაა. სხვა არაფერი შეცვლილა.

ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან რას ნიშნავს ის, როგორც ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე, უპოვარი და პარლამენტარი ერთ პოზიციაში იყვნენ კანონის წინაშე.

ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგეს მხოლოდ ის, რომ ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლგბტ პირების დაცვასთან ასოცირდება და არა ყველა მოქალაქის თანაბარ უფლებებთან.

ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან რას ნიშნავს, ქვეყანაში ადამიანი იყოს მთავარი ღირებულება.

მიეცით საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი გააკეთონ საბჭოთა და ევროპულ სისტემებს შორის. თუ ჩვენსავე თავზე არ ვიგრძენით რას ნიშნავს უპირველესი პრიორიტეტი იყოს ადამიანი, რას ნიშნავს კანონი იყოს უზენაესი (ისეთი კანონი არა, მხოლოდ ხელისუფლების წევრებს რომ იცავს) ჩვენი მოქალაქეები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ მივისწრაფით ევროპისკენ ან რატომ აქვს ხალხს "საბჭოთას" ნოსტალგია.

და ვიდრე სურვილიც კი არ გვიჩნდება შევცვალოთ სისტემა, შევცვალოთ დამოკიდებულებები, ხელისფულებას შევახსენებ: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, სამართალსა და კანონზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს