"პოლიტიკურად მოდელირებული ღმერთისთვის" ბრძოლა გრძელდება - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურად მოდელირებული ღმერთისთვის" ბრძოლა გრძელდება

რა ხდება საპატრიარქოში?

"ღმერთი, რომელიც მოკვდა პოლიტიკურად მოდელირებული ღმერთია", - წერდა სამიოდე ათეული წლის წინ ამერიკის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური, ალან უოტსი, რომელიც ვარაუდობდა, რომ "პოლიტიკურად მოდელირებულ ღმერთს" დაავადების ფორმა ჰქონდა და ის, სხვა ხალხებსაც მოივლიდა.

ვფიქრობ, ის არ ცდებოდა, რადგან თანამედროვე ყოფაში ვითომ ღმერთს მოიეჯაჭვეთ, ვითომ ეკლესიას ვიცავთ, ვითომ სიმართლის სამხელად ხმაურს ვტეხთ და სინამდვილეში მივეჯაჭვეთ სახელმწიფოს, ფულს, სექსს, საკუთარ თავს და ძალაუფლებას.

რეალურად ღმერთსაც არ სურს, რომ მასზე მიჯაჭვულები ვიყოთ, რადგან ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი ცხვრის ტყავში გახვეული მგელი, მეტი ცრუ მქადაგებელი ქრისტიანი, სიმართლის სახელით ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, მეტი ყალბი მრევლი, ჭუჭყი და ქაოსი უნდა გამოვლინდეს, რომ დავინახოთ: არც საპატრიარქოში და მით უფრო დედა ეკლესიაში არაფერიც არ ხდება.

საერთოდ, წინასწარ გაწერილ და დადგმულ სპექტაკლებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ვინც საჯაროდ გამოჩნდა საპატრიარქოს ამბებთან დაკავშირებით ორიოდე სასულიერო პირის გარდა, ერიც და ბერიც ერთ თამაშს თამაშობს.

"პოლიტიკურად მოდელირებული" ღმერთისთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვადასხვა ფრთა იბრძვის და ყველა ჩაება ამ პროცესებში ვისაც ქრისტიანობა და ეკლესია ეჩოთირება თვალში. ყოველ შემთხვევაში მე ასეთ განცდას მიტოვებს.

ამ დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან საპატრიარქოს ე.წ. იურისტის ედიშერ ქარჩავას ინტერვიუ იყო. იმდენად ხელოვნურად ჩანდა ყველაფერი, წინასწარ გაწერილი სიტყვა-პასუხი და აქედან გამოწვეული ირონია კარგად გამოსჭვიოდა საპატრიარქოსადმი "გულანთებულ" ქარჩავას სახეზე, რომელმაც თავისი ჭკუით ვიღაცეები ამხილა.

მე, საპატრიარქოს დამცველად არ გამოვდგები. არც სხვაზე მაგარი ქრისტიანი ვარ, უბრალოდ, ამ პროცესებში სიმართლეს ვერსად ვხედავ. არცერთი "შეტევა" ეკლესიის მიმართ არ არის გულისტკივილით ნამოქმედარი და ამიტომ.

გულწრფელად ვფიქრობ, ეს ქაოსი, რომელსაც ხელოვნურად ქმნიან, მხოლოდ მათთვის წარმოადგენს რეზონანსს, რომლებიც ეკლესიაშიც კი ავტორიტეტებით საზღვრავენ ყველაფერს, ვისაც ღმერთის არსებობაც კი, მხოლოდ ფულის საკეთებლად, ცოდვების გასასამართლებლად და კარგი ცხოვრებისთვის სჭირდება.

ეს ადამიანები ხშირ-ხშირად ზომავენ ეკლესიის რეიტინგს და ავიწყდებათ, რომ სულიერებას რეიტინგი არ სჭირდება.

ეს ხალხი თავის მსგავს საზოგადოებაზე ახდენს გავლენას, ვისთვისაც სულიერება ტრადიციულ რელიგიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ცოცხალ ღმერთთან.

ადამიანები, რომლებსაც არათუ "უღვაწიათ" სულიერად, არამედ სანთელიც არ დაუნთიათ, ეკლესიის მსახურთ თამამად აცხადებენ შუასაუკუნეების ადამიანებად. იწყებენ განსჯას, თუ რა უფლება აქვს მოძღვარს ჰყავდეს ჯიპი, რატომ აქვს სახლი, რატომ სუნთქავს...

სად წერია, რომ მღვდელი მაინცდამაინც უპოვარი და მათხოვარი უნდა იყოს? სად წერია, რომ მღვდელი უშეცდომოა? ნაკლოვანებები ბუნებრივია ან უფრო სწორად გარკვეული პრობლემები, რადგან ეკლესიაც ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ ვეჭვობ, რომ ვინმე წუხდეს ამ პროცესებში უღმერთობაზე.

ერთხელ დავწერე: სამყაროს ერთადერთი ფობია აწუხებს და ეს არის ფსიქოფობია, რაც ბერძნულად სულიერების სიძულვილს ნიშნავს.

არც ერთი სიტყვა ეკლესიის პრობლემების წინააღმდეგ ნათქვამი არ არის სიყვარულით ნათქვამი. ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ იქნება თუ არა პრობლემა დედა ეკლესია იარსებებს, რადგან მისი არსებობის თავი არის ქრისტე და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას".

ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი გამახსენდა, რომელიც თავის ერთ-ერთ ნაშრომში - "მოიპოვებენ თუ არა სულები სიმშვიდეს", წერდა:

"გლობალური განრისხება სხვა ხალხებსაც ელოდებათ, რადგან დემონები მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ჩვენი ფსიქიკის ზედაპირზე ამოვიდნენ".

შემდეგ ის ამბობს: "მომავალში მსხვერპლი იქნება ყველა ის ერი, ვინც დარწმუნებულია საკუთარ უცოდველობაში, საკუთარ განსაკუთრებულობაში, რადგან ჩვენ დამნაშავე გვიყვარს და მის მიმართ დიდ ინტერესს გამოვხატავთ, რადგან ეშმაკი გვაიძულებს ვერ დავინახოთ ჩვენს თვალში დირე, ძმის თვალში კი ბეწვსაც ვამჩნევთ".

ადამიანებო, ქრისტიანობამ შეძლო და წინ აღუდგა დემონს არა ლოზუნგებით, არა საჯარო მიმართვებით და პროპაგანდით, არამედ ადამიანიდან ადამიანამდე მიტანილი ჭეშმარიტებით. ჩვენ ეს ჭეშმარიტება დღეს არ გვჭირდება, გვაწუხებს.

კარგად მახსოვს საფრანგეთში ერთ-ერთ ტაძარში ერთ ფრანგ, ქრისტიან მღვდელთან მივედი (სხვათა შორის ის კარგად იცნობდა რამდენიმე ქართველ სასულიერო პირსაც) და საუბრისას მეგობრულად ვუთხარი, რა ცუდია მამაო, რომ 7 ადამიანიც კი ვერ გროვდება წირვისთვის. მან ჯერ გაიკვირვა, მერე გაეცინა და მითხრა: "პირიქით, ეს ძალიან კარგია! სჯობს იდგეს ორი ადამიანი, ვისაც ნამდვილად სწამს და ხვდება ყოველდღე ცოცხალ ღმერთს და ასევე, მაგალითს აძლევს სხვა ხალხებს თუ რელიგიის წარმომადგენელს, ვიდრე სავსე იყოს ტაძარი ვირტუალური მრევლით და ურწმუნოებით".

დარწმუნებული ვარ ეს პროცესები, რაც საპატრიქროს ირგვლივ ხდება 2018 წლამდე გაგრძელდება და ასე ადვილად არ დასრულდება, თუმცა, არ მგონია, ამაზე მეტი ხმაურის გამოწვევა შეძლოს "გეგმის ავტორმა", თუ არ ჩავთვლით მოსალოდნელ ახალ-ახალ "სერიებს". სასულიერო პირებზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მრევლის განვითარება. ეკლესიას კი, სწორი პოზიციის შემთხვევაში, აღნიშნული პროცესებიდან დივიდენდების მიღებაც შეუძლია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს