ამირჩიეთ მერად, რადგან ბაბუაჩემი ხოხბის ბიძაშვილი იყო, თანაც ვიცი, არის თუ არა კალაძე მაფიოზი - კვირის პალიტრა

ამირჩიეთ მერად, რადგან ბაბუაჩემი ხოხბის ბიძაშვილი იყო, თანაც ვიცი, არის თუ არა კალაძე მაფიოზი

ელისაშვილმა თქვა, ჯერ არ ვიცი დავაყენებ თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე ჩემს კანდიდატურასო, მაგრამ მეორე მხრივ დაიმუქრა, - ვინც შეეცდება არჩევნები გამიყალბოს ყვრიმალებს დავუმტვრევო. ჯერჯერობით არ ჩანს ელისაშვილი უფრო ბრაზიანია, თუ "ნაციონალების" მერობის კანდიდატი. მედია კი, ნამდვილად გაშმაგებულია და არკვევს: არის თუ არა მაფიოზი კალაძე და სად ჰყავს უდუმაშვილს დამარხული ბებია-ბაბუა.

ე.წ ექსპერტები ამბობენ, წინასაარჩევნო პროცესები ჯერ ძალაში არ შესულაო, მაგრამ კიდევ რისი მოლოდინი გაქვთ მაინტერესებს? გგონიათ ხალხი მეტს ელოდება? - ნამდვილად არა! იქნებ ელით კანადელი შერიფიც ჩაერთოს პროცესებში, რომ უფრო გაიხალისოთ ცხოვრება?

როცა გვშია, ქალაქში სუნთქვა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ წრეზე ბრუნვის პოზა გველის, ხალხისთვის ამგვარი აქცენტები გასართობადაც აღარ ღირს.

ტყუილად გაქვთ იმედი, ბატონებო, აღარ დარჩა ქალაქში ხალხი, ვინც იტყვის, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაციონალები" უფრო ბევრნი არიან, ოღონდ ეგენი არ მოვიდნენ და დაე, ისევ "ოცნება" იყოსო.

არაერთი ჩემი ნაცნობის თქმისა არ იყოს, დღეს "ოცნებას" ზუსტად იგივე შანსი აქვს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისა, როგორც "ნაციონალებს", მაგრამ ფილმი ხომ "ჰეფი-ენდით" სრულდება ხოლმე, ამიტომ რა თქმა უნდა საბოლოოდ "ოცნება" გაიმარჯვებს, არა იმიტომ, რომ ხალხი აირჩევს, არამედ იმიტომ, რომ როგორც წესი და რიგია, ჩემს ქალაქში სახელისუფლებო კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს და მერე "ნაციონალებს" დააყვედროს.

პირველი, რაც დასახელებულმა თუ დაუსახელებელმა კანდიდატებმა გამოავლინეს არის ის, რომ ვიღაც ძალიან გაბრაზებულია, ზოგიც ნელ-თბილად. ვიღაც რეჟიმის დამარცხებისთვის ემზადება, ვიღაც ხალხს ბრძოლის დასაწყებად მოუწოდებს.... ძალიან მოსაწყენია არა? აღარც კი ისმინება.

25 წელია ვიღაცას ვებრძვით და ვამარცხებთ. 25 წელია ერთმანეთს, როგორც სახელმწიფოს მტრებს ისე ველაპარაკებით და არა როგორც ოპონენტებს და ზუსტად ამდენივე წელია არავინ ლაპარაკობს შენებასა და საქმის კეთებაზე.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მერია ისევ თამამად გვეუბნება, როგორი "ხოშიც" მაქვს ისე ვიქცევიო და გვექცევა ქალაქი თავზე, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებით "ხოშიან" მერიას. სამაგიეროდ "ბრძოლისთვის" მზად არის. ნეტავ როგორ უნდა "იბრძოლოს?" -  ხმლით, ფარით თუ კისერზე წურბელებით?

დღეს ჩვენს ქალაქში აღარც უიმედობის, აღარც ინდეფერენტულობის, აღარც პროტესტის განცდა, არც მოგება-წაგების ინტერესი, მით უფრო წინასაარჩევნო განწყობა და მოლოდინი არ არის და არც იქნება.

დღევანდელი პროცესები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საარჩევნო კანდიდატები ალთას არიან, ხალხი კი ბალთას.

ერთადერთი, რაც დღეს მოსახლეობას დააინტერესებს ეს არის რეალური კანდიდატი და გულწრფელი სიტყვა, ანუ ხალხს სურს პოლიტიკა რეალობაში მოაქციოს, პოლიტიკოსებს კი ისევ არა.

მესმის თქვენი, ასეთი რამ თავში როგორ უნდა გაივლოთ. მერე ხომ შეიძლება ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს, რაღას იზამთ? მთელი თქვენი ეს გაშმაგება და ბრძოლები გვერდზე დაგრჩებათ. დედაქალაქს კი ვინღა დაანგრევს?

ხალხმა უკვე იცის, პოლიტიკოსები კი დღესაც ვერ სწავლობთ, რომ როცა რეალურად რამე კეთდება, ამას მტკიცება არ სჭირდება, რადგან მოქალაქეები თავის თავზე მყისიერად გრძნობენ. როცა ასეთი მგრძნობელობა უბრალოდ არ არსებობს, ესე იგი არც არაფერი კეთდება.

ამიტომაც სჯობს ხალხის დასანახად ერთმანეთს მტრებივით ებრძოლოთ, ჩვენ მაინც ვერ გავარჩევთ ვინ იქნებით სათავეში, გავაგრძელებთ ჩვეული მოწყენილობით ცხოვრებას.

ვიცი იუმორი არ მივარგა, ამიტომ აღარ გავაშარჟებ, ყოველი შემთხვევისთვის მინდოდა მეთქვა: ჩემი დიდი ბაბუის, ბაბუის ბაბუა ხოხბის ბიძაშვილი იყო, ოღონდ მართლა! თან ვიცი არის თუ არა კალაძე მაფიოზი და ამასთანავე, კანადელ შერიფთან შორეული ნაცნობობაც მაკავშირებს.

იცოდეთ მაინც, რა იცით, რაში გამოგადგეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს