"მარშრუტკის" მძღოლების ფენომენი, ანუ როცა შენს ქვეყანაში ადამიანის ღირსება ნულის ტოლია - კვირის პალიტრა

"მარშრუტკის" მძღოლების ფენომენი, ანუ როცა შენს ქვეყანაში ადამიანის ღირსება ნულის ტოლია

ყოველთვის ვწერ, რომ მოძველებულ, ქაოსურ სისტემას ვერ ველევით. ამის გამოვლინებას ყოველ ნაბიჯზე ვხვდები. კიდევ ერთხელ, მთავრობის გასაგონად ვამბობ, - როცა რამე არ მომწონს, როცა შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ, კი არ უნდა მაიძულოთ ვიჩხუბო, ან ვინმე დავაშინო, არამედ ნებისმიერ სექტორში უნდა იყოს სპეციალური სამსახურები, რომლებიც დამიცავენ და პრობლემას მომიგვარებენ.

მე მინდა ვიყო ჩემი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე და ჩემს მთავრობას ეს არ უნდა.

ე.წ "მარშრუტკის" მძღოლები არიან ცალკე წარმოქმნილი სპეციალური "კასტა", რომელსაც არასოდეს არაფერი ეშველება.

მათი უმრავლესობა მასიურად დაუბანელი, წვერგაუპარსავი, გაღიზიანებული და უზრდელია - აი, ასე დავახასიათებდი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს, რომელთაც სულ რომ მილიონი მისცე, მაინც უკმაყოფილო იქნება. მე არ ვიცი მათი შემოსავლები, მაგრამ გამაგებინეთ რატომ უნდა ეწუწუნოს და ამადლოს მუდმივად მძღოლმა მგზავრს თავისი შემოსავალი? რატომ უნდა გადაწყვიტოს ე.წ მარშრუტკის მძღოლმა მომხმარებლის მგზავრობის პირობები, ამ ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს?

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი რამდენიმე დღის წინ მეუბნებოდა, სპეციალური ბრიგადებია გამოსული ქალაქში, რომ აღმოაჩინოს, რომელ "სამარშრუტო ტაქსს" არ აქვს კონდენციონერი ჩართულიო. ხედავთ? თურმე, იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი ამ მხრივ, რომ ტრანსპორტის სამსახური დარღვევის აღმოჩენას ცდილობს.

რაც ზაფხული დაიწყო, ვინმეს გინახავთ ე.წ "მარშრუტკაში" კონდენციონერი?! ამ ჩვენი საუბრიდან, მეორე დღესვე საინფორმაციო სააგენტოებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 1-ლი ივნისიდან კი არ უნდა ჩართულიყო, არამედ 1-ლი ივლისიდან ჩაირთვებაო.

მოკლედ, მგზავრებსა და მძღოლებს შორის ტრადიციული ბრძოლა დაიწყო, ხოლო შპს "თბილისის მიკროავტობუსში" თერმომეტრს აკვირდებიან. სინამდვილეში კი ხალხის გამაიმუნება გრძელდება.

ეს არის თვალსაჩინო ფაქტი იმისა, რომ ადამიანის ღირებულება და ღირსება ჩვენს ქვეყანაში ნულის ტოლია.

რამდენჯერმე ვცადე "მარშრუტკის" ცხელ ხაზზე" დარეკვა. აი, ის ნომერი რომელსაც ინტერნეტში მივაგენი 2-200-340, თორემ ვალდებულების მიუხედავად ის არც ერთ "მარშრუტკაში" გამოკრული არ არის. ბევრი ვიწვალე დავკავშირებოდი, თუნდაც იმისთვის, რომ გამეგო ამ "ცხელ ხაზზეც" ისევე უზრდელად გპასუხობენ, როგორც "მარშრუტკის" მძღოლები თუ პრობლემა ნამდვილად აინტერესებთ? სამწუხაროდ, კონტაქტი ვერ შედგა.

ასე, რომ ვირტუალური სამსახურიდან ინფორმაციას, მხოლოდ მედიის საშუალებით ვიგებ, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის.

ჩვენს ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, შპს "თბილისის მიკროავტობუსს" სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ტყუილებისთვის უნდა დაკისრებოდა, რომელსაც მისგან ხშირად ვისმენთ, - თანხებს თვითონ ფარავს, ყველგან ცხელი ხაზის ნომერი გამოკრულია, კონდენციონერი ყველგან ჩართულია და ახლა არკვევენ, რომელიმე მგზავრი რაიმეთი ხომ არ შეწუხდა.

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი ტრანსპორტის გრაფიკია. გრაფიკის მიხედვით ყოველ 10 წუთში უნდა მოდიოდეს ტრანსპორტი, მაგრამ ვისაც როგორ უნდა ისე დადის. გახსოვთ, აქეთ, რომ გაგვლანძღეს, მგზავრების მოუთმენლობის ბრალია, როცა ტრანსპორტი გადაჭედილია, ნუ ახვალთ მეორეს დაელოდეთო? ჩავატარე ექსპერიმენტი, არ ავედი გადაჭედილ ტრანსპორტში და დაღლილობის მიუხედავად დაველოდე მეორეს.

მეორე 14 წუთში მოვიდა, ისიც გადაჭედილი და სუნიანი. დაველოდე მესამეს, რომელიც 24 წუთში მოვიდა და ღამე, რომ ქუჩაში არ გამეთია, წავყევი მეოთხეს ცალფეხზე დამდგარი.

შპს "თბილისის მიკროავტობუსს" შევახსენებდი: ხომ არ დაგავიწყდათ 2014 წელს ყვითელ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა 5 ადამიანით, რომ განისაზღვრა? ჯერ იტყვით, მერე გავიწყდებათ, ეს უპრინციპობას გულისხმობს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის ღირსებას, საცობებს ქმნის ქალაქში და ქაოსი დაუსრულებლად გრძელდება.

დანიშნულების ადგილზე ხშირად უკვე გადაღლილი და გაუბედურებული მივდივარ, ამასთანავე გალანძღული და ვერ ვიგებ რატომ? ვერ ვიცავ თავს. ვერ ვეძებ სამართალს და ასეა, ჩემსავით არაერთი მგზავრი.

გამოდის, რომ მძღოლებიც თავს იმართლებენ და სატრანსპორტო კომპანიაც. ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან ერთმანეთზე და არც ერთი მათგანი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსწორებაზე არ ზრუნავს.

მგზავრებისთვის კი წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.

ჩემს ბლოგს ასე მარტივად ვერ დავასრულებ. გთხოვთ მოქალაქეებო შევეჩვიოთ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი არა ჩხუბით და ურთიერთდაპირისპირებით, არამედ მოვითხოვოთ ამოქმედდეს შესაბამისი სამსახურები და სისტემატიურად გავასაჩივროთ დარღვევები.

რადგან უპატრონო და უპასუხისმგებლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, დავიწყოთ ახლა. ვწერ იმ შემთხვევებს, რომელიც ბოლო პერიოდში გადამხდა. თქვენც შემომიერთდით და არ დაიზაროთ ჩაიწერეთ ყველა ნომერი და ფაქტი, რაც ამ დღეებში მოხდა და დაწერეთ, რადგან ჩვენი ხმა იქცეს ძალად, რომ რაიმე შევცვალოთ ამ ქვეყანაში.

TMC 026 - "სამარშრუტო ტაქსი" 149 . საღამოს 20.08 მრბოლელის სისწრაფით იარა. ფეხზე მინიმუმ 8 მგზავრი ვიდექით, რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შექმნა და მგზავრები კარგად გაგვლანძღა.

იმ "მარშრუტკებს" ვერ ჩამოვთვლი, სადაც კონდენციონერი არ მუშაობს, რადგან მასიურად არ მუშაობს არსად.

ვერც იმ "მარშრუტკის" ნომრებს ჩამოვთვლი უკულტურო მძღოლები რომ მართავენ, რადგან ასეთებიც მასიურად არიან.

TMC-025 –"სამარშრუტო ტაქსი" 2. ქალბატონი კარგად გალანძღა იმისთვის, რომ მგზავრმა იკითხა, მიზეზი მაინტერესებს რატომ არ არის ჩართული კონდენციონერიო?

ახლა თქვენ გააგრძელეთ, მაინტერესებს, ვინმე დაინტერესდება თუ არა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს