"ზიზღის სახეები" - კვირის პალიტრა

"ზიზღის სახეები"

შეგნებულად დავასათაურე ასე, მაგრამ არა იმისთვის, რომ აგრესიას აგრესიით ვუპასუხო, არამედ, უბრალოდ Evening Standards "დავესესხე" სათაური. ჩემი ერაყელი მეგობარი, რომელმაც ბრძოლაში დედა, ძმა და 4 თითი დაკარგა, მიყვებოდა რომ ბრიტანეთში ჩემს ჩასვლამდე მცირე ჯგუფების აქციები ხშირად ეწყობოდა და ბრიტანელები ქვეყნიდან უცოელების უპირობო გაყრას ითხოვდნენ.

ყველა მსგავს აქციას, ჩვენგან განსხვავებით პოლიცია შლიდა და მიუთითებდა მათ, თუ სადმე კრიმინალს ან კანონდარღვევას ხედავდა, მიემართათ ან პოლიციისთვის, ან სასამართლოსთვის.

ამ პროცესში საინტერესო ის იყო, რომ მსგავს გამოსვლებს მასიურად ბლოკავდა ინგლისური მედია. მხოლოდ Evening Standard-ი აქვეყნებდა მარშის დროს სპონტანურად გადაღებულ ფოტოებს და ქვეშ ორ სიტყვას აწერდა: "ზიზღის სახეები".

ჩემს თავზე დამწყდა იმ დღეს გული, აბსოლუტური იგნორის ნაცვლად ე.წ ქართული მარშის პირდაპირი ეთერი სოციალურ ქსელში გავაზიარე და ქვეშ მივაწერე: "ზიზღის სახეები". მანამდე კი ქართულმა მედიამ ამ "მარშს" იმხელა რეკლამა გაუკეთა, რომ ხალხი მრავლად გამოიყვანა ქუჩაში. ალბათ არის რაღაც, რაც ძალიან გაღიზიანებს და ვერ ითმენ, რომ არ თქვა.

ჰოდა, კორკოტას სასაუბრო ენით (სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს) "პლეხანოვზე" ეგზალტირებულ ჩავლას ვეხმიანები. "კორკოტებს" შეგახსენებდით, რომ ძალით ძველბიჭობა აღარ არის ჩემს ქალაქში მოდაში, "ჩემი უბანი, ტო.."-აღარც ეს არის მოდაში და "პლეხანოვს" კარგა ხანია აღმაშენებლის გამზირი ჰქვია.

არ ვიცი, მიზანმიმართულ ბოროტებას აქვს თუ არა ადგილი, მაგრამ ფაქტია, რომ არამდგრადი ფსიქიკის ადამიანებად ვიქეცით. ისიც ფაქტია, რომ მსგავსი "მარშის" უკან დატრენინგებული პროვოკატორები დგანან.

ბრიტანეთისგან განსხვავებით ჩვენთან არც სასამართლო მუშაობს და არც პოლიცია. პროსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება და პოლიციამ რეიდი დაანონსებული "მარშის" წინ ჩაატარა მხოლოდ. ეს კი, მაფიქრებინებს, რომ კანონი პოლიციას ფეხებზე ჰკიდია და უშუალოდ აღმაშენებლის ბორდელები, შესაძლოა რომელიმე მსხვილი პარლამენტარის ბიზნეს-საქმიანობაც იყოს.

მაგრამ ბორდელები რა შუაშია მხოლოდ? "მარშრუტკაში" ჩეხი ბიჭი ამოვიდა, კარგა ხანს მგზავრებმა თვალებით დაზვერეს და მერე იმ იმედით, რომ მას ქართული არ ესმოდა: "ყველა აქ რატომ მოეთრევაო..." ერთი კარგად გალანძღეს. ხშირად ვხედავ ფერადკანიანს, როგორი ზიზღის სახეებს აყოლებენ. ჩვენთან კანონი რომ კანონობდეს, ამგვარ ფაქტებს ვინც არ უნდა იყოს ქართველი თუ უცხოელი, პოლიცია არ უნდა არჩენდეს, მაგრამ ქვეყანას პატრონი არა ჰყავს და ეს "მარშისტებს" არ ანაღვლებთ.

"კორკოტებო" ჩაიარეთ იმ თქვენს "პლეხანოვზე" დილის 9 საათზე ყველა უცხოელის მაღაზია-რესტორნები ღიაა და შრომობენ, შეხვალ შიგნით და გიღიმიან, წესიერად გელაპარაკებიან, თბილად მოგმართავენ.

ეხლა მოიძიეთ ქართველების მაღაზია-რესტორნები, შუადღის 1 საათამდე არც ერთი ღია არ არის. ქართველები, ვიდრე კარგად არ გამოიძინებენ სამსახურს არ იწყენებ. ეს მინისტრებსაც ეხებათ. მერე, შეიარეთ შიგნით, თუ რამე არ იყიდე შეიძლება გცემონ, რამე თუ ჰკითხე გაგლანძღონ, აუტანელი აგრესია და დამოკიდებულება აქვთ.

რომელი უფრო კრიმინალია კარგად შეადარეთ.

შეიძლება რაიმე არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა ვაიძულოთ მთავრობა ცივილურად გადაჭრას პრობლემები. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ აქ კანონის ამოქმედებასა და ცივილიზაციაზე ლაპარაკი ზედმეტია.

დღეს, როდესაც თავზე გვექცევა ქვეყანა "კორკოტა მარშისტებს" არ ანაღვლებთ! როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ კანონებს, მაგრამ ესეც არ ანაღვლებთ "მარშისტებს", შანტაჟი და დაშინება ისევ ძალაშია და არ ანაღვლებთ, ვინ ვისი კლანის წევრია იმის მიხედვით ხნავს ძალა აღმართს ჩემს ქვეყნაში და არც ეს არ განაღვლებთ.

მე მაქვს გრძნობა, რომ ყველა ვინც ამ "ზიზღის სახეების" მარშზე იდგა, არასანდო პიროვნებაა. ამ დღეებში ერთ-ერთი "მარშისტის" ინტერვიუ წავიკითხე. ტიპი ამბობდა, არასოდეს ვყოფილვარ ბორდელშიო, მხოლოდ ერთხელ, ინტერესისთვის შევიხედე "პლეხანოვზე", შევხედე ტიტველ ქალს და მერე გარეთ გამოვედიო.

ჩემს ქვეყანას დღეს გაცილებით დიდი და სერიოზული პრობლემები აქვს და ამ ყველაფერზე დუმილი უბრალოდ სირცხვილია.

21-ე საუკუნეში ქსენოფობიით ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ სირცხვილია.

14 ივლისი კი, ეს ზიზღის დღეა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს