"ჩადება" ისევ "მოდაშია" და ჩვენი ქვეყანა ისევ საბჭოთა სისტემით ცხოვრობს! - კვირის პალიტრა

"ჩადება" ისევ "მოდაშია" და ჩვენი ქვეყანა ისევ საბჭოთა სისტემით ცხოვრობს!

შესაძლოა ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ უნდა ვთქვა! ამ შემთხვევაში კოლეგიალური ვერ ვიქნები, ანუ ერთი, რომ იტყვის და ყველა მხარს უჭერს. ვერ დავუჭერ მხარს გამოხატვის თავისუფლების - ცრუ მქადაგებლობას. ვერ "გავაპრავებ" რეპერების კლიპს. ეს არ ნიშნავს, რომ მე მხარს ვუჭერ მათ დასჯას, ან ნარკოტიკის ჩადებას, მათ ძალით გაფუჭებას, ან 50 ათასი ლარის გადახდას. სულაც არა!

უბრალოდ ვამბობ, რომ მათი კლიპი შეურაცხმყოფელია! დიახ, შეურაცხმყოფელი და ეს უნდა ითქვას. ვერ დავიცავ რეპერებს და ვერ ვეტყვი (ზოგიერთი ტელე-წამყვანივით), რომ თქვენ ხართ თამამი და მაგარი ბიჭები, რადგან ვიღაცას და მით უფრო სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენეთ-მეთქი.

ვერც სამართალდამცავებს დავიცავ, რომლებსაც შეეშინდათ ეღიარებინათ, რომ შეურაცხყოფისთვის დაგიჭირეთო. მით უფრო არასამთავროებს ვერ დავუჭერ მხარს, რომლებიც ერთ-ერთი ტელე-ეთერის საშუალებით უმტკიცებდნენ რეპერებს, რატომ გადაფარეთ ოთხზე დამდგარი პოლიციელის კადრი, რომელსაც პირში ძვალი ეჭირა, რადგან ეს სიტყვის თავისუფლებააო.

აბსოლუტური სიცრუეა, ცრუ სიტყვის თავისუფლების მქადაგებლების - "არასამთავრობოების" მტკიცება, რომ განვითარებულ ქვეყანაში ამგვარი კლიპისთვის პასუხს არავინ აგებდა. მაქვს შეგრძნება, რომ მათ მიერ მიზანმიმართულად მიდის გამოხატვის თავისუფლების, შარჟისა და შეურაცხყოფის ერთმანეთში არევა, ისევე როგორც სხვა ცნებების, სხვა მოვლენების დროს.

ნახეთ ცნობილი რეპერის, ემინემის კლიპი, სად შეურაცხყოფს ის პოლიციელებს?! ის მღერის ძალის გადამეტებაზე. საერთოდ ვერ იტანდა პოლიციელებს, მაგრამ ეს ეთიკის ნორმებს არ სცდება. ემინემის კლიპში, რომელიმე მათგანი ოთხზე რომ დაეყენებინათ და პირში ძვალი მიეცათ, აუცილებლად მოსთხოვდნენ პასუხს.

ასეთ ფაქტს მოგიყვებით: ინგლისში, ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩაიცვა პოლიციელის ფორმა, თავზე ღორის ნიღაბი ჩამოიცვა, გადაიღო სელფი და დადო "ფეისბუკის" პირად გვერდზე. ეს ბიჭი დააკავეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს, საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს და გადაახდევინეს გარკვეული რაოდენობის ჯარიმა. არც ერთ ინგლისელ ჟურნალისტს პოლიციის წინააღმდეგ, რომ ის ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ხმა არ ამოუღია, რადგან ჩათვალეს, რომ ეს არა შარჟი, ან იუმორი, არამედ შეურაცხყოფა იყო.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის, ხალხისა თუ სამართალდამცავების შეურაცხყოფა, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ცხადდება გამოხატვის თავისუფლებად.

დღეს ჩემს ქვეყანაში არავინ იცის სად გადის ზღვარი თავისუფალ სიტყვას, კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. სად გადის ზღვარი გამოხტომასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ქაჯობასა და პროვინციალიზმს შორის, ამგვარი დამახინჯებული დამოკიდებულებების შექმნაში კი, დიდი როლი მიუძღვით ტელევიზიებსა და ე.წ არასამთავრობოებს.

მე, არ ვიცავ პოლიციას, რადგან ნდობა მის მიმართ არ მაქვს და ეს მისი ბრალია!

ჩემს ღრმა ბავშვობაში კარგად მახსოვს გზაზე დამდგარი ღიპიანი პოლიციელები, ვისთვის რა წაერთმიათ, რომ არ იცოდნენ. ყოველთვის შიში მქონდა მათ მიმართ. ვფიქრობდი, ნეტავ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ხალხი არ იგინება პოლიციელის მიმართ, არათუ შიში ან ზიზღი, არამედ სამართალდამცავების მიმართ ნდობა არსებობდეს-მეთქი. სამწუხაროდ, ეს უარყოფითი განცდა დღესაც მომყვება.

დღესაც კი პოლიციელი დანაშაულს დანაშაულითვე პასუხობს. ეს იმ რეჟიმის ბრალია, რომელიც ძალიან გვიყვარს და პროტესტს არ იწვევს ჩვენში.

თუ მაგარი ტიპები არიან რეპერები აბა, გააშარჟონ და თქვან, რომ "ჩამყაყებული" სისტემა გვაქვს. გააშარჟონ, რომ რეპერებამდე სხვა უამრავი ადამიანის შვილს ჩაუდეს და ეს "ჩადება" ისევ "მოდაშია", რომ ჩვენი ქვეყანა ისევ საბჭოთა სისტემით ცხოვრობს.

ჟურნალისტებმა, იმის ნაცვლად,- ამ ფაქტით თვალნათელი გამხდარიყო, თუ რა სისტემაში ვცხოვრობთ და აქცენტი, არა ერთეული პოლიციელების პასუხისმგებლობაზე, არამედ სისტემის დანგრევაზე გაეკეთებინათ, თამამად გამოაცხადეს: " თუ ეჭვს მივიტანთ, რომ ეს ბიჭები კლიპის გამო დააკავეს ჩვენ ხმას ავიმაღლებთ, რადგან ეს არის თავისუფლების შეზღუდვაო". მეგობრებო, ზუსტად ეს განცხადება არის ჩვენს მენტალიტეტში ღრმად ფესვგადგმული საბჭოთა აზროვნების გამოვლინება.

დავდივარ შეურაცხყოფილი მგზავრობისას, მომსახურებისას, ჩემი მოსაზრების გამოხატვისას, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას.

მნიშვნელობა არა აქვს რას დათმობ, კულტურულად მიმართავ სხვას თუ არა, გააკრიტიკებ თუ გალანძღავ. დღეს ერთ რანგში გადის წესიერი და აღვირახსნილი ადამიანი. დღეს უფრო მაგარი ხარ, თუ თამამად შეურაცხყოფ მეორეს.

ვარ ასე დაუცველი საკუთარ ქვეყანაში, რადგან ვიღაცის დაკნინება, ცილისწამება, შეურაცხყოფა ცხადდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად.

მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა საკუთარ ხალხს ემსახურება. სადაც პოლიცია სათანადო დონეზეა და პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს, სადაც "არასამთავრობოები" ზიზღით არ არიან შეპყრობილები და დიდძალი ფულის გამო საკუთარ ხალხს ილუზიაში არ ამყოფებენ.

მე მინდა ქვეყანა, სადაც ხალხი მხოლოდ ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად კი არ გამოდის ქუჩაში, არამედ ამ "ჩამყაყებული" რეჟიმის შესაცვლელადაც, ჩვენს მენტალიტეტში მყარად ფესვგადგმული მცდარი წარმოდგენების დასამსხვრევადაც, რომელიც ყოველდღე აქეთ გვანგრევს და ჩვენ ეს თავისუფლება გვგონია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს