რაში აინტერესებს ბიძია პენსს ქვეყანას შუშის სასახლიდან თუ მართავს ვინმე, წავა და ყურით გამოათრევს?! - გაკოტრებული ოპოზიცია - კვირის პალიტრა

რაში აინტერესებს ბიძია პენსს ქვეყანას შუშის სასახლიდან თუ მართავს ვინმე, წავა და ყურით გამოათრევს?! - გაკოტრებული ოპოზიცია

თქვენ მოგწონთ რასაც ოპოზიცია აკეთებს? ან, იგებთ რა მიზნები აქვს, რისთვის "იბრძვის", რატომ მოქმედებს? ხალხთან რომ თანხვედრაში არ არის და რეალურ პრობლემებზე საერთოდ არ რეაგირებს, ნათელია, მაგრამ მე კიდევ სხვა რაღაცები მაოცებს ხოლმე.

აი, მაგალითად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გვესტუმრა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებსაც შეხვდა. ჯერ ერთი, ასეთ დროს ხომ ოპოზიციას ერთი პირი არასოდეს აქვს, ყველა ცალ-ცალკე ცდილობს ეკეკლუცოს და თავი მოაწონოს უცხოელ პარტნიორს, ეს ემსგავსება გაბუტული ბავშვების ქმედებას, ყველა ერთად რომ გარბის უფროსთან ენის მისატანად და სხვადასხვაგვარად მიაქვს ამბავი.

ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ზოგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეხვედრის შემდეგ აჟიტირებული და ბედნიერი ყვებოდა ჟურნალისტებთან,- ისეთი რაღაცეები ვუთხარით პენსს, რომ აღარ ექნება ის წარმოდგენა ქვეყანაზე და მის დემოკრატიაზე, რაც ჰქონდაო.

ეს რა გასახარია? რომელიმე განვითარებული ქვეყნის ოპოზიცია ასე იქცევა?!

როგორ შეიძლება პრეზიდენტი ცალკე იქაჩებოდეს, ე.წ ოპოზიცია ცალკე და ხელისუფლება კიდევ სადღაც იყოს. ეს ქვეყნის განვითარებას არ ვნებს?

შესაძლოა ჩვენ შიდა პრობლემები გვაქვს, მაგრამ ბიძია პენსი თითს ხომ არავის დაუქნევს ამის გამო და არც აქვს უფლება.

რაში აინტერესებს ბიძია პენსს ვიღაცა შუშის სასახლეში გამომწყვდეული მართავს თუ არა ქვეყანას მალულად? წავა და ყურით გამოათრევს თუ - რა? ან რაში აინტერესებს როგორი კონსტიტუცია გვექნება? ეს ჩვენი შიდა, მოსაწესრიგებელი პრობლემებია.

უბრალოდ, ოპოზიცია ამას ისეთი მიდგომით აკეთებს, თითქოს პენსი ან ნებისმიერი სხვა უცხოელი, ვისთანაც აქამდე ხმა მიუწვდებოდა იყოს ამ ქვეყნის მოყვარე და მოამაგე და სხვა დანარჩენი, ჩვენი ხალხის ჩათვლით, მტერი.

ან თითქოს ის სხვა მოვა და დატუქსავს ხელისუფლებას და ერთი ხელის მოსმით "აგვიწყობს" ქვეყანას. შენ რას აკეთებ, ოპოზიცია, რომ ხარ და მკაცრი კრიტიკაც არ შეგიძლია?

კარგით, პენსს თავი დავანებოთ, საერთოდ სურს ოპოზიციას, რომ ხალხში ნდობა ჰქონდეს (რეიტინგზე აღარ ვლაპარაკობ)? ოპოზიცია, თუ ასეთი რამ ჩვენს რეალობაში არსებობს, დღეს აბსოლუტურად გაკოტრებული და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია. წელიწადზე მეტია მოსახლეობის 56%-ზე მეტი "გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის რიცხვს ეკუთვნის. ხალხის ეს რაოდენობა არათუ მცირდება, არამედ იზრდება. ვინმეს უფიქრია ამ ხალხთან დალაპარაკებაზე? მათი პრობლემების გაცნობიერებაზე?

რასაც ეს ადამიანები ამბობენ, ეს ქვეყნის პრობლემებია.

საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ამ ხალხის დამცირება იწყება მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობის ბრალდების კუთხით. ეს ზურგშექცეული ხალხი გეუბნებათ, რომ სწორედ თქვენნაირებმა დამართეს მათ აბსოლუტური ნიჰილიზმი.

ხალხს სჭირდება რეალური ურთიერთობები, ქვეყნის სისტემური ცვლილებები და არა მოძველებული სტილით დაპირებები.

შესაძლოა სხვადასხვა კვლევებს არ ენდობით, მაგრამ ასეთ კვლევებში მაინც გამოსჭვივის ხოლმე ხალხის ტკივილი: კორუფცია, ნეპოტიზმი, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები.

მუდმივად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას რადგან, სწორედ მათი დამსახურებაა ქვეყანაში ქაოსი, მძიმე სოციალური პრობლემები და თუნდაც ის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, როგორ ასმენს ოპოზიცია, ზოგჯერ ძალიან ინტიმურ და შიდა პრობლემებზე უცხოელ პარტნიორებთან და მერე ქვეყნის რეიტინგის დაწევა უხარია.

ქვეყნის ცხოვრება და ხალხის პრობლემები ისე განსხვავდება ოპოზიციის ე.წ "მისწრაფებებსა" თუ დაპირებებს შორის, როგორც ცა და დედამიწა. ფაქტია, ქვეყანას დღეს არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია და სწორედ ამიტომ მივექანებით კვლავ ინერციით, არც კარგი კეთდება რამე და არც ცუდი. ეს კრიზისი და ფეთქებადსაშიში სიტუაციაც დაუსრულებლად გრძელდება.

წინ კი ისევ ეს "ბუნდოვანი" არჩევნები გველის, არავის არაფრის განწყობა და იმედი რომ აღარ აქვს.

ამ უოპოზიციო ქვეყანაში, ხელისუფლების, ოპოზიციასა და ხალხს შორის უდიდესი უფსკრულის, ანუ ყოვლისმომცველი კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე კაცმა არ იცის როგორი შემოდგომა გველის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს