მდუმარე ხელისუფლება, ანუ ჩვენ პატრონი გვყავს?! - კვირის პალიტრა

მდუმარე ხელისუფლება, ანუ ჩვენ პატრონი გვყავს?!

ეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? მაპატიეთ, მაგრამ აბსოლუტური "ბარდაკია", ქვეყანა მიექანება სრული ქაოსისკენ და, ამას დემოკრატიას ეძახიან. ხალხს თავისუფლება მივეცითო, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებს ყველაფერსო. ეს თავისუფლება კი არა "თუნდაც კისერი გიტეხიას" ვარიანტია.

ვიღაც ქვეყნის მთავრობასთან შეუთანხმებლად გარბის სხვა ქვეყნის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად და ხელისუფლება გვეუბნება არა უშავს დემოკრატიააო. სინამდვილეში კი ეს "გიჟი თავისუფალიას პონტია", რომელიც ქვეყანას აზარალებს.

სხვა ქვეყნის "პრანკერები" ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს "აცურებენ" და არა უშავს, ყურადღება არ მიაქციოთ, ეს მხოლოდ "იუმორისტული ჟანრიაო" - ისევ აქეთ გვედავება ხელისუფლება.

ღმერთო ჩემო, გაიხსენეთ მხოლოდ შსს-ზე ბოლო დროს რამდენი გახმაურებული და რეზონანსული საქმე მოდის. რომელი მათგანი გამოიძიეს? არ ვამბობ, რომ არ იძიებენ, მაგრამ როდის გაგვცეს თავდაჯერებული პასუხი რომელიმე ფაქტზე?

ეხლა მთავრობა აიღეთ, როგორც ჟურნალისტი, როცა რომელიმე პრობლემაზე ვეკითხები ხშირ შემთხვევაში მათგან პასუხი ასეთია: "კარგით რაა, თქვენ იცით და ჩვენ არა?".გასაგებია, რომ იცით და რას აკეთებთ ამისთვის? საზოგადოებისთვის ეს რა პასუხია?

მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება თავს ვალდებულად საერთოდ არ თვლის, რომ საკუთარი ხალხის მიმართ იყოს ანგარიშვალდებული.

მაქვს განცდა, რომ ჩვენ გვყავს მდუმარე ხელისუფლება, რომელიც რას განიზრახავს, რას გეგმავს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეებმა არ ვიცით. ხელისუფლება, რომელმაც არ იცის, რომ დემოკრატია არ არის ქაოსი, უპასუხისმგებლობა და ნებაზე მიშვებული ქვეყანა.

ისევ "პრანკერებს" ვუბრუნდები, ამ ქაოსს, რაც დღეს გვაქვს, დაემატა მინისტრ მღებრიშვილზე გამოქვეყნებული ჩანაწერი. რა თქმა უნდა, მინდა ვენდო ხელისუფლებას, დავიჯერო, რომ ეს ტყუილი მასალაა, მაგრამ ამის შანსს თავად ხელისუფლება არ გვაძლევს.

როგორ ფიქრობთ, ასე იქცევიან განვითარებული ქვეყნების მთავრობები? რას ჰგავს დეპუტატების კომენტარები?

შე მამაცხონებული, ცოტა სერიოზული განცხადებები მაინც გააკეთე. რა გიშლის ხელს გამოიკვლიო ჩანაწერების ავთენტურობა და სახალხოდ დადო, რომ ეს ტყუილია.

მე, პირადად ამაზე მეტად სხვა რამ მადარდებს. თუ ეს ტელეეთერით მოდად ქცეული ცილისწამებაა, ვის აქვს ამის კეთების უფლება ასე ხშირად, ჩვენ, რომ სახელმწიფო ვიყოთ?!

თუ ეს იუმორი და შარჟია, მაშინ გაგვარკვიეთ, რატომ აქვს ვინმეს, მით უფრო ქვეყნის გარე ძალებს უფლება თვეში ერთხელ მსგავსი "შარჟები" მოგვიწყონ?!

როგორ შეიძლება შენ გერქვას ხელისუფლება და ვიღაც სხვა ცდილობდეს შენი ქვეყნის აბუჩად აგდებას?!

მინიმუმ ორი ფაქტის დასახელება შემიძლია ევროპის ქვეყნებში "პრანკერების" მიერ რომ განხორციელდა. ჯერ ერთი ანკესს წამოგებული ტიპებიდან არც ერთი არ იყო მღებრიშვილის დონის ადამიანი (სტატუსს ვგულისხმობ), მაგრამ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ იყვნენ დისკრედიტირებულები, კეთდებოდა საკმაოდ სერიოზული და მკვეთრი განცხადებები იმ ქვეყნების მიმართაც, რომელ ქვეყნებსაც ე.წ. "პრანკერები" ეკუთვნოდნენ და მთავარი ის იყო, რომ ერთ შემთხვევაში ერთ-ერთი "პრანკერის" პასუხისგებაში მიცემაც კი მოახერხეს.

ვართ თუ არა ჩვენ ქვეყანა? სად არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია?

მინდა ვგრძნობდე, რომ გვყავს ხელისუფლება და მე მას ვერ ვგრძნობ. ის ქვეყნის შიგნით თუ მის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს დემოკრატიად ასაღებს.

მაქვს გრძნობა, რომ ხელისუფლებას ქვეყანაც, ხალხიც და იმიჯიც ფეხებზე ჰკიდია.

ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის მიუღებელია ხელისუფლებას არც ერთ ფაქტზე არ ჰქონდეს თავდაჯერებული და გონივრული პასუხი. მიუღებელია "ლებედ, რაკ და შუკასავით" ყველა თავისთვის იქაჩებოდეს და ქვეყნის სარგებელისთვის არავინ არაფერს აკეთებდეს.

მიუღებელია ყველგან და ყველაფერში ხელისუფლების წევრების პასუხი იყოს: " ეს არასერიოზულია", " არ ღირს პასუხად", " ეს ღიმილის მომგვრელია" და "ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ"...

ჩვენ გვყავს მდუმარე ხელისუფლება, რომელსაც სულ ცოტა უნდა რცხვენოდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს