"მინდა სოციალურად დაუცველი გამოვიდე" - კვირის პალიტრა

"მინდა სოციალურად დაუცველი გამოვიდე"

დღეს იმ პრობლემაზე უნდა დავწერო, თუ როგორ არ გვაძლევს ჩვენი ქვეყანა განვითარების საშუალებას. ამაზე ხშირად მიფიქრია და სტიმული მომცა ერთმა ფაქტმა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. ბებიისა და შვილიშვილის წინმსწრები საუბარი არ გამიგია, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოზარდი გოგონა თავის ბებოს ეუბნება: "არ ინერვიულო ბებო, ცოტაც და რომ გავიზრდები იქნებ სოციალურად დაუცველი მეც გამოვიდე, რომ მშიერი არ ვიყოო"(!?) ყურებს არ დავუჯერე.

ჩემი სტუდენტობის დროინდელი ანეკდოტი გამახსენდა: პლაჟზე მოსეირნე გურულ ბავშვს ეკითხებიან, რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდეო. ის კი გურული სისხარტით პასუხობს: - რა თქმა უნდა, დამსვენებელიო. გამეღიმა და ირიბად გავხედე გოგონას, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ აბსოლუტური შოკი მქონდა.

არ მინდა, ფაქტის დრამატიზირება, მაგრამ თქვენს გარშემოც ხომ ბევრი ადამიანია, რომლებიც დაუსრულებლად ღელავენ არ მოუხსნან სოციალური დახმარება ან როგორმე მოხვდნენ ამ სისტემაში, რომ თვიდან თვემდე უბრალოდ იცოცხლონ.

ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების საშუალებას არ გვაძლევს. ვგულისხმობ, იმას რომ შეუძლებელია წლების განმავლობაში თავს იკლავდე პატიოსანი შრომით და დანაზოგს ვერ აკეთებდე. განვითარებას ვერ ახერხებდე "ჩალიჩის", მოპარვისა და ნაცნობის გარეშე.

ჩემი მეზობლის მაგალითს გეტყვით: ორი შვილის მამა 390 ლარზე მუშაობს რამდენი წელია და ეშინია სამსახურის დაკარგვის. განათლებული ბიჭია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით იმუშავა თავისი პროფესიით. მერე თავისმა მენეჯერმა იმიტომ გამოუშვა, რომ თავისიანი მიეყვანა მის ადგილზე. სხვა გზა არ ჰქონდა ამ დროს დაიწყო მუშაობა შავ მუშად იმ იმედით, რომ არ ეშიმშილათ და მერე კიდევ რაღაც იქნებოდა. არ იპარავს, მოჭრილ ხელფასზე ცხოვრობს და ვერც ცხოვრობს.

არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ქართველი ზარმაცია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პირობები, არ გვიცავს კანონი და არ გვაქვს განვითარების საშუალება, რაც ძალიან მოსაბეზრებელია.

როგორ შეიძლება 16-17 წლის გოგოს გეუბნებოდნენ, დაიწყე 200-300 ლარზე მუშაობა, გამოცდილებას შეიძენ და მერე რაღაც გამოჩნდებაო. 20 წლის თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ვერ ახერხებდე მცირედი დანაზოგის გაკეთებასაც კი და ვერც უკეთესი სამსახურის პოვნას. როგორ შეიძლება 20 წლის მუშაობის შემდეგაც გეუბნებოდნენ, არა უშავს დაიწყე 300 ლარიან ხელფასზე მუშაობა და მერე რაღაც გამოჩნდება.

50-ს გადაცილებულ ადამიანებსაც ისევ ასე ეუბნებიან, -   ქართველები ზარმაცები ხართ, ყველას პირდაპირ დირექტორობა გინდათ, დაიწყეთ მცირე ხელფასზე მუშაობა და მერე რაღაც გამოჩნდება, ეს რაღაც კი არასოდეს არ ჩნდება, ვერ ვითარდები და ასე გრძელდება დაუსრულებლად, ალბათ მანამ, ვიდრე არ დავიხოცებით.

დღეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის შიშია, მაგრამ მხოლოდ უმუშევრობაც არ არის პრობლემა. მუშაობენ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ. ეს არის პრობლემა! ან ამუშავებენ ადამიანებს ვირივით და არ იციან, როდის მოისვრიან თუ აღარ დასჭირდებათ.

ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი სამსახურიდან გაუშვეს. მენეჯერს უთქვამს, ბევრი გითვალთვალეთ იქნებ რაიმეში გამოგვეჭირე, მაგრამ ზედმეტად პატიოსანი ხარო, მაგრამ მაინც უნდა გაგიშვა, 40 წელი შეგისრულდა და იქნებ ახალგაზრდებს დავუთმოთ ადგილიო. ეს ახალგაზრდა კი მისი ნათესავია თურმე. ვთხოვე ეჩივლა კომპანიისთვის, მაგრამ ვერ რისკავს, ხომ იცი, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არ არის და ბავშვები მშივრები მყავსო, - მეუბნება.

მუდმივი არასტაბილურობის განცდა წლიდან წლამდე განადგურებს. დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ხალხს შორის არის აუტანელი. კანონი არ გიცავს, "შრომის კოდექსი" არ გიცავს.

ამ ფონზე კი ხალხის დამცირება, რომ მცირე ხელფასზე მუშაობის დაწყება ვიღაცას არ უნდა ან ზარმაცები ვართ, ჩემთვის მიუღებელია. მიუღებელია სამსახურს იწყებდე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მშიერი არ იყო და მხოლოდ სიცოცხლე შეინარჩუნო.

ჩემს ხელისუფლებას შევახსენებდი: ჯერ კიდევ 1944 წელს "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" მიერ დადგინდა, რომ "შრომა არ არის საგანი", არამედ ეს არის ადამიანის ღირსების საგანი, სადაც მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი, მიიღოს სიამოვნება და არ იმუშაოს მხოლოდ გადარჩენისთვის. მას შემდეგ 73 წელი გავიდა. თუმცა ჩვენი მთავრობის წევრებმა არ იციან, რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანს, მხოლოდ ლუკმა-პურის საშოვნელად არ ჭირდება შრომა. არსებობს უამრავი სხვა ასპექტი, რათა ადამიანმა არა ცხოველად, არამედ სამყაროს სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი. სამწუხაროდ, ეს დღესაც კი, საქართველოს არ ეხება.

ქვეყნიდან ათასობით გაქცეული მოქალაქე შედეგია იმ მცდარი პოლიტიკისა, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მთავრობები. იმ პატარა გოგოს სურვილი, რომელიც შესავალში მოგიყევით, ასევე შედეგია იმ მცდარი სოციალური პოლიტიკისა, რომელიც დღეს ქვეყანას ტანჯავს.

მე ჩემი ხელისუფლების მტერი არ ვარ, მით უფრო ჩემი ქვეყნის, მაგრამ მოსაბეზრებელია ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, რომ წინა ხელისუფლება ჩვენზე უარესი იყო და რეალურად ამ ჩამყაყებულ სისტემას არავინ ცვლიდეს.

ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა დადგეს იმის დრო, კაცმა თავისი პატიოსანი ცხოვრებით იცხოვროს და არა მხოლოდ გადაირჩინოს თავი, თავისი შრომით და არა პარვით გააკეთოს დანაზოგი, თავისი ოფლით და არა "ჩალიჩით" უზრუნველყოს თავისი სიბერე.

ეს კი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, თუ გვინდა წინსვლა და განვითარება და არ გვირჩევნია ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს