ორად გაყოფილი ქვეყანა, ანუ "საგიჟეთი" - კვირის პალიტრა

ორად გაყოფილი ქვეყანა, ანუ "საგიჟეთი"

ჩვენ ვართ ორად გაყოფილი საზოგადოება. ერთნი მუდმივად ქვეყნის მოამაგენი, მეორენი კი მუდმივად მტრები. მხოლოდ ერთს შეუძლია გადაარჩინოს ქვეყანა, სხვა კი დამანგრეველია. მხოლოდ ერთი მხარეა ქვეყნის მოყვარული, სხვანი მოძულენი. ვინც სათავეშია იმის მიმართ მხოლოდ დითირ-ამბები გამოდგება, სხვა შემთხვევაში "ცერად" გიყურებენ, მიუღებელი ხდები.

უკვე მერამდენე ხელისუფლების დროს მესმის უფროსების დარიგება: "ხო, ეგრეა შვილო, მაგრამ მაინც ხმამაღლა ნუ იტყვი, არ გაგახარებენ".

თუ, არც ერთის ხარ, არც მეორის, მაშინ ვინ ხარ? არასოდეს გაღიარებენ. ვინ მესამე? მესამე გაკრეფილია!

ეროვნულობის სახელით მხოლოდ ერთნი სჩადიან სისულელეებს და მეორენი ყოველთვის ანტიეროვნულებად საღდებიან, ვიდრე "როლებს" არ გაცვლიან.

ან, ერთი მხარე უნდა იყო ან მეორე. ან, კორუმპირებული, ან დევნილი. ან, "სასტავში" ან "გარეთ". ხომ შეიძლება ერთსაც და მეორესაც რაღაცის გამო აკრიტიკებდე, ან რაღაცის გამო მოგწონდეს? ჩვენთან ეს არ შეიძლება.

ვარდების რევოლუციის დასაწყისისას, მახსოვს კანცელარიასთან ვათენებ-ვაღამებდით რეპორტაჟებისთვის. მაშინ არა მხოლოდ მოქალაქეებისგან, არამედ ზოგი მოქმედი ჟურნალისტისგანაც მესმოდა,- შევარდნაძემ აფხაზეთიც რომ დაიბრუნოს, არ მინდაო (არადა, წლების განმავლობაში ხმის ამოუღებლად მსახურებდნენ მას).

მერე, სააკაშვილის წასვლის პერიოდში იგივე მესმოდა: მიშამ ოქროს კოშკებიც რომ ააგოს, აღარ გვინდა. არადა, მიშას ლაქუცების მეტი ვინ ჰყავდა წლების განმავლობაში. 2012-მდე დაუშვა შეცდომები და მხოლოდ ერთეულები ვიღებდით ხმას და ეს ტიპები ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ. ამდენი სიყალბე წარმოუდგენელია!

ალბათ "ოცნების" დროც დადგება, მაგრამ ვგრძნობ, ეს კომფორმისტი მედროვეები აღმოჩნდებიან ისევ ყველგან.

მიშამ "იმედის" ჟურნალისტს ხელი აუკრა მიკროფონზე: - "თქვენ ისეთივე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრიო". "ბატონო მიშა რუსთავი-2" თავისუფალია? ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი დემოკრატიის პერიოდში, რომ დაგვარბიეთ?

ჰო, გაყოფილ საზოგადოებაზე ვსაუბრობდი. გულს მირევს ორად გაყოფილი საზოგადოება. რადიკალიზმი ყველაფერში.

აუცილებელია ერთმანეთი სისხლის სამართლის საქმეში დავადანაშაულოთ, რომ არჩევნები ჩავატაროთ?

აუცილებელია ერთმანეთს ვეძახოთ, მე ვარ ვინც ვარ, თქვენ არაფრად ღირხართ, რომ რაღაც შეიცვალოს?

აუცილებელია ყოველთვის მთავრობა იყოს მაძღარი და სხვა დანარჩენი მშიერი?

აუცილებელია მხოლოდ ხელისუფლებას ჰქონდეს გავლენები და ხალხს არა?

აუცილებელია ერთნი მუდამ იდევნებოდნენ და მეორენი დანაშაულის მიუხედავად მეფობდნენ?

აუცილებელია მოქმედი ხელისუფლების მიმართ არასოდეს გქონდეს კრიტიკის უფლება?

აუცილებელია ყოველი ხელისუფლების ცვლილების დროს ვკარგავდე მეგობრებს?

აუცილებელია სიმართლის სახელით ქუჩიდან კბილების ღრჭენით ებრძოდე ხელისუფლებას, ვიდრე მის ადგილზე არ აღმოჩნდები და მერე, იგივე დანაშაულს იდენდე, შენც ფეხებზე იკიდებდე ყველაფერს?

აუცილებელია 5 ათას ლარიანი ხელფასი ყველას აბრმავებდეს?

ეს უფრო ცხოველურ ომს ჰგავს. ომს, რომელიც წლებია გრძელდება. მილიონების შოვნის ან, თანამდებობის დაკავების მიზნით იბრძვიან და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

რატომ არ შეიძლება სათავეში ახალგაზრდა, პატიოსანი და მართლა ქვეყანაზე მოფიქრალი გუნდი მოვიდეს და ყოველგვარი კორუფციისა და მაფიოზური ცხოვრების იქით ნორმალური პოლიტიკა გაატაროს?

რატომ არის ჩვენი ხალხი მუდამ წაგებულ მდგომარეობაში?

რატომ რჩებათ ყველა დანაშაული და შეცდომა ყველა ხელისუფლებას ჩვენთან?

რატომ არ შეიძლება ვიღაცის "კლანურ წრეში" მოაზრების გარეშე ვცხოვრობდე და თავს კარგად ვგრძნობდე ჩემს ქვეყანაში?

რატომ არ შეიძლება რევოლუციისა და სტრესის გარეშე შევცვალოთ რამე თუ ცვლილება გვინდა?

რატომ....? რამდენი რატომ დავასახელო.

რატომ არ გვიჩნდება ცვლილების სურვილი, თუნდაც არჩევნების დროს, როცა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, უკვე მერამდენედ, მხოლოდ შანტაჟს გვთავაზობს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს