გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო! - კვირის პალიტრა

გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო!

ტაქსი გავაჩერე. ჩვენი აუტანელი "სისტემის" თანახმად, ვიდრე თავს შევყოფდი ფანჯარაში, რომ ადგილი და თანხა დამეზუსტებინა, მძღოლი უკვე რაღაცას ყვიროდა. ძლივს გავარჩიე: "ჩქარა დაჯექი, ჩქარა". მეც ინსტიქტურად ჩავჯექი და ვხედავ სულ სხვა მიმართულებით დაიძრა. ვკითხე: "აქეთ არ მივდივარ, ხომ უნდა მკითხოთ და ადგილი დავუზუსტე - "არამიანცის საავადმყოფო". "ეგ სად არის?" - ისე იკითხა მანქანა არც შემოაბრუნა, არც შეანელა. "მეტრო 300 არაგველი გაგიგიათ?"- ვეკითხები. "და შენ ხომ იცი?!" საკმაოდ თავდაჯერებულად მიბრუნებს კითხვას.

ვთხოვე, გაეჩერებინა. კიდევ კარგი დამემორჩილა. ტაქსიდან გადმოსვლისას მეკითხება: "რა, აქ არის?" "ჯერ ქალაქი ისწავლეთ... ისედაც ძალიან დამაზარალეთ, საშინლად მეჩქარება" - ვეუბნები.. ფული მომთხოვა, ყვირილი დამიწყო და მგონი შემაგინა.

ჩემს ქალაქში ვინმე თუ ზრდილობიანი მხვდება უკვე მიკვირს, მით უფრო მძღოლი. ეს არ არის ერთეული შემთხვევები და ამიტომ ვწუხვარ.

ტაქსი იშვიათად მჭირდება ხოლმე, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ,- არათუ გეჩქარებოდეთ, არამედ გიჭირდეთ რამე, უარესს ტაქსის მძღოლი დაგმართებთ. მათმა უმრავლესობამ არ იცის ქალაქის ქუჩები, ცნობილი დაწესებულებები, უბნები და მეტროსადგურის დასახელებებიც კი.. ამასთანავე, განსაკუთრებით ბოლო დროს, არ მინახავს ტაქსის მძღოლი, რომელიც კულტურულად ურთიერთობს, პირიქით, "ტვინს გიბურღავს", აქეთ აგრესიულ შეტევაზე გადმოდის, სახეში გაბოლებს ან მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენს და ბოლოს გაურკვეველ თანხას გახდევინებს.

მორიდებით გირჩევთ, თბილისში, რომ ჩამობრძანდებით ერთი დღე მაინც დაათვალიერეთ ქალაქი. ამაში ცუდი რა არის? როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე ქალაქში რომ ჩავიდე და ტაქსაობა გადავწყვიტო, არ ვიცი ქუჩები, სულ რომ შიმშილით ვკვდებოდე და გავრისკო, სულ ცოტა იმას მაინც ვიტყვი, მაპატიეთ სათანადოდ ვერ მოგემსახურეთ, მომავალში აუცილებლად ვისწავლი-თქო.

მძღოლებს რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ყველა უცხოპლანეტელები ვართ, მით უფრო დედაქალაქში, არ გვშია, არ გვწყურია, არაფერი გვიჭირს, მილიონრები ვართ, რა გამართლება აქვს თქვენს ასეთ ქმედებებს?

იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც უნდა იყოს მომხმარებლის და მგზავრების უფლებები და უსაფრთხოება დაცული. მახსოვს, ერთხელ დაიწყო ტაქსების ერთიან სისტემის ჩამოყალიბებაზე საუბარი, მაგრამ ერთი ამბავი ატყდა, ტაქსის მძღოლებს მშივრებს ტოვებენო. შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში უკუღმა დაიგეგმოს რაღაც, რადგან როგორც ყოველთვის, ერთი კორუმპირებული თავზე აჯდება დანარჩენ 1000-ს და რეალურად არაფერი იცვლება ხოლმე.

მე კი მინდა იყოს ერთიანი სისტემა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. რატომ უნდა გიფასებდეს სხვადასხვა ტაქსის მძღოლი სხვადასხვა თანხას ერთი და იგივე მონაკვეთზე? რატომ არ უნდა იყოს დადგენილი ერთ კილომეტრზე ფიქსირებული თანხა? რატომ არ უნდა ისჯებოდეს მძღოლი მგზავრის შეურაცხყოფისთვის? რატომ უნდა დადიოდეს ტაქსი ავტობუსის ხაზზე? რატომ არის მძღოლების უმრავლესობა უზრდელი?

ერთხელ რედაქციიდან ჩემი რესპონდენტი მინდოდა ტაქსისთვის გამეყოლებინა, ავლაბარი არ იცოდა მძღოლმა სად იყო. ვიცი ჩემი ნაცნობები მეტყვიან, რა დროს ავლაბარია რუსთაველი და ფილარმონია აღარ იციან სად მდებარეობსო.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კომპანიამ დაიწყო გამოძახებით მუშაობა და გადავწყვიტე შემთხვევითი ტაქსი აღარ გავაჩერო.

აქ კიდევ სხვა პრობლემას წავაწყდი. რატომ ხდება, რომ არც ერთი ქართული კომპანია წესიერად არ გელაპარაკება? საერთოდ, ყველა ქართველს რატომ აქვს ეს გონორის ტონი ხმაში?

რამდენჯერმე ერთ-ერთი უცხოური კომპანიის ტაქსი გამოვიძახე, ახლობელმა მირჩია და კმაყოფილი დავრჩი. არც ერთხელ არ უკითხავთ ეს ქუჩა ხომ ნამდვილად აქ არის? ზუსტად მიმიყვანა დანიშნულ ადგილზე.

როცა ასეთი რამ ხდება არჩევანს კულტურული მომსახურების და არა ეროვნების კუთხით ვაკეთებ. თუ ჩემს პოზიციაზე გაბრაზდებით, მაშინ გკითხავთ: თუ თქვენ ქვეყანა და თქვენი მოქალაქეები გიყვართ, რატომ არ უწევთ კონკურენციას უცხო წარმომავლობის კომპანიებს? რატომ უნდა იცოდეს სხვამ ჩემი ქალაქის ქუჩები უკეთესად, ვიდრე ქართველებმა? რატომ გვემსახურებიან უფრო კულტურულად ისინი, ვიდრე ჩვენები?

ვინმეს რეკლამას კი არ ვუკეთებ, ან რაიმე მოწოდებისთვის კი არ ვწერ ამ ბლოგს. უბრალოდ მენატრება წესიერი მომსახურება. მიუხედავად ჩემი გაბრაზებისა, დღესაც რომ ტაქსი დამჭირდეს, მძღოლს ჯერ ვუღიმი და გამარჯობას ვეუბნები და მერე გადავდივარ საქმეზე. სამწუხაროდ, საპასუხო რეაქციას არასოდეს ვიღებ.

უბრალოდ, ვისურვებდი კეთილგანწყობილ მძღოლებს, სწორი სიტყვა-პასუხით, კულტურული დამოკიდებულებით, ვინც იცის ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები, ვისურვებდი დაგეგმილი და დაზუსტებული ფასები იყოს მთელ ქალაქში და არა იმის მიხედვით გღლიტავდნენ, თუ როგორ ხასიათზე გამოვიდა მძღოლი იმ დღეს სამუშაოდ და რამდენი ესაჭიროება მის ცოლ-შვილს სასწრაფოდ.

ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ გამოსავალზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს