წინასაარჩევნო ამაოების ბაზარი - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო ამაოების ბაზარი

ამაოების ბაზარი დავარქვი წინასაარჩევნო პერიოდს. ამაო დაპირებები, ამაო დებატები, ამაო ბრძოლები და რეალურად არაფრის მოლოდინი. როგორ შეიძლება რაიმეს მოლოდინი გქონდეს, როცა დამოკიდებულებები და სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ იცვლება?

ჩემმა ახლობელმა, რომელიც პედაგოგია შემომჩივლა პირადობის ნომრები მოგვთხოვეს რამდენიმე ადამიანსო. არ უთქვამთ რისთვისო. ორ დღეში გვითხრეს უბრალოდ გვაინტერესებდა საცხოვრებელი ხომ არ გამოიცვალეთო. ეხლა მეკითხება ოპოზიციას, რომ მივცე ხმა, არჩევნების შემდეგ ხომ არ გადაამოწმებენ, რომ სამთავრობო კანდიდატი არ შემოვხაზე და სამსახურიდან ხომ არ გამომიშვებენო?! მე ვუხსნი, რომ კანონში სხვა რამ წერია, შენი არჩევანი თავისუფალია-მეთქი, მაგრამ გულის სიღრმეში მეთვითონ არ მჯერა რას ვამბობ.

როდესაც ჟურნალისტებმა აღმზრდელების შესახებ გარკვეული ჩანაწერი გაავრცელეს გულისფანცქალით ველოდი უმრავლესობის კომენტარებს. ვფიქრობდი, ალბათ კომენტარები დახვეწეს, როგორც საარჩევნო კლიპებს ხვეწავენ არჩევნებიდან არჩევნებამდე-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, უბრალოდ იმედიანი თვალებით გვაუწყეს, რომ ეს ტყუილია და ჩვენც უნდა დავიჯეროთ.

არ მინდა დავიჯერო ოპოზიციის და მით უფრო "ნაცების" ბრალდებები, მაგრამ შეიძლება უმრავლესობა მკაფიო და დამაჯერებელ პასუხს ვერასოდეს ამბობდეს? კი, ბრძანა პრემიერმა ცოტა ნათლად ელაპარაკეთ ჩვენს მოსახლეობასო, მაგრამ სად გვყავს პატრონი?! ვინ შეიბერტყა ყური? ან, უმრავლესობის რომელი დეპუტატი ჩაიგდებს თავს საფრთხეში მკაფიო და ინფორმაციული კომენტარების გამო?

გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ამიტომ გაჰყვიროდა იმ წვიმიან ამინდში, თბილისს 1 ლარად გვართმევენო, მაგრამ რა არგუმენტი დაუპირისპირა მას უმრავლესობამ? თავად პრემიერმა მხოლოდ ის გვამცნო, რომ 650 მილიონიანი პროექტია და კარგია! მაგრამ, რა იგულისხმება ამ კარგში, მაინც ვერაფრი გავიგეთ.

მთავრობების მიმართ უნდობლობის განცდა საბჭოეთიდან გამოგვყვა, ეს ხალხის ბრალი არ არის. მაგრამ, ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის ნდობა დაებრუნებინა. შეიძლება არც არასოდეს უცდია, რადგან ხალხი მათთვის მხოლოდ გამოსაყენები ინსრუმენტია.

ახლაც, ჩვენი მთავრობა ტყუილადაც არ ამბობს: ჩვენთვის მთავარი თავისუფალი მოქალაქე და მისი ღირსებააო. ტყუილადაც არ გვაიმედებს, რომ ამა თუ იმ ფაქტს გამოვიძიებთ და სათანადო კვალიფიკაციას მივანიჭებთო.

რად უნდათ თავის შეწუხება, ახერხებენ იმას, რომ: ყველამ ვიცით, ვინც სათავეშია, ყველაფერი იმისია. ისევ წნეხში არიან წინასაარჩევნოდ ადამიანები. კვლავ ახერხებენ, რომ ყველა მხარდამჭერ აქციაზე ტაშისმკვრელები ჰყავდეთ. წელს კი, უმრავლესობის ერთ-ერთი რაიონის მერობის კანდიდატმა ისიც თქვა თამამად, რომ თუ არ შემოხაზავთ 41-ს პროექტებს აღარ დაგიფინანსებთო.

ისე იცოდეთ, აფიქრებინო ადამინებს ის, რაც შენ გინდა მხოლოდ, ეს ტოტალიტარიზმთან მჭიდრო კავშირშია!

ამ პროცესებში გულისამაჩუყებელი კი ის არის, რომ თავად ხელისუფლებას თავის მთავარ ოპონენტად და ოპოზიციურ ძალად "ნაცების" დარჩენა აწყობს. ყველამ იცის, რომ თუ მეორე ტური გახდა საჭირო და კალაძესთან ერთად უდუმაშვილი დარჩა, არჩევნებზე აღარავინ მივა. აკი, თქვა კალაძემ ერთ-ერთ სააგენტოსთან თუ დებატებია რატომ ელისაშვილი, გამოკითხვებით მეორე ადგილზე უდუმაშვილიაო.

მოკლედ არ მინდა არ ამაოების ბაზარზე საუბარი გავაგრძელო. უბრალოდ, მე პირადად, ჩემი ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ვერასოდეს ვიგებდი, მხოლოდ ერთ ცალკეულ კანდიდატს, როგორ შეიძლებოდა გაეკეთებინა რაიმე კარგი, სხვას კი ცუდი თუ მთლიანი სისტემა არ შეიცვლებოდა?

ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღესაც იგივე განცდა მაქვს. ყველა სფერო ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ადამიანის უფლებები კი ბევრ სხვა კომპონენტთან. შენ, რომ მოინდომო რომელიმე უბანი ედემის ბაღად აქციო ამას ვერ შეძლებ იმ მახინჯი სისტემის გამო, რომელიც დაგხვდება, თუნდაც თვითმმართველობებში. ამას ემატება ის დაუოკებელი სურვილი აკეთო ორჯერ მეტი ფული, რაც ვერ ამოირეცხა ჩვენი პოლიტიკოსების ტვინებიდან.

თითქმის ყველა ჩემს ბლოგში ვწერ, რომ კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ერთხელ და სამუდამოდ ჩამყაყებული სისტემის მოშორება, ადამიანის უფლებების გაძლიერება და თითზე ჩამოსათვლელი პატიოსანი და მართლაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოფიქრალი ადამიანები, რომ რაღაც შევცვალოთ.

მაგრამ დღესაც კი, 2017 წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩვენ ვხედავთ უამრავ პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიგოს არჩევნები და როგორ მოირგოს სკამი საკუთარ ცხოვრებაზე.

რაზეც გული მწყდება და რაც ყველას აკლია, ეს არის ნება, რომ ეს ყველაფერი გაწირონ იდეისათვის. საქართველოს დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ ვხედავ, შეგნებულად ვფლანგავთ დროს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს