"ფრაზა - მე ქურდი ვარ, ისევ მოდური ხდება" - კვირის პალიტრა

"ფრაზა - მე ქურდი ვარ, ისევ მოდური ხდება"

ჩემი ეზოდან ნივთები მომპარეს. მეზობელი შეწუხდა, ბოლო 12 წელია არაფერი მოუპარავთ, მშვიდი ეზო იყოო. ხმამაღლა დავიმუქრე პოლიციას გამოვუძახებ-მეთქი. მეორემ "დამამშვიდა", პოლიცია ვერ გიშველის, მე, რომ სარეცხი მომპარეს, ეხლა ვფრთხილობ და შენც გაფრთხილდი, სულ ეს არისო.

ბუნებრივია ამ ფაქტს იმიტომ ვწერ, რომ მომხდარზე მეტად პოლიციის მიმართ ჩემი მეზობლების დამოკიდებულება მაღიზიანებს. ისიც ძალიან მაღიზიანებს, ჩვენს ქვეყანაში ნეგატივი რომ უკვე ჰაერში ტრიალებს და ამ ფონზე კრიმინალი იზრდება. არ ვიცი მეჩვენება თუ რა ხდება, მაგრამ, მხოლოდ ჩემს უბანში ბოლო ორი თვის განმავლობაში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ქურდობის შესახებაც ინფორმაცია გაცილებით ხშირად მესმის და საერთოდ ვგრძნობ, მიბრუნდება შიში, წლების წინ პატარა გოგოს შებინდებულზე სახლისკენ მიმავალ გზაზე, რომ მქონდა, ჩემთვის ვინმეს რამე არ დაეშავებინა.

პირველი კურსის სტუდენტი 16-17 წლის გოგო, სახლში დამოუკიდებლად არასოდეს დავბრუნებულვარ, გაჩერებაზე ყოველთვის ოჯახის წევრები მხვდებოდნენ. თითქმის ყოველ მეორე ღამეს გვესმოდა გოგოების წივილ-კივილი, როცა მათ ხელჩანთებს ართმევდნენ და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად, ცხოვრება შიშის ფონზე.

უკვე მაშინ მქონდა ზიზღის გრძნობა იმ ფაქტის მიმართ, რომ შეკითხვაზე, - როგორ დაეცვათ ჩვენს ქვეყანაში თავი პატიოსან ადამიანებს, არასოდეს მქონდა.

მერე, მიშა მოვიდა და რაც პირველი გააკეთა ქურდებთან და ქურდულ მენტალიტეტთან დაპირისპირება იყო. საკუთარ ტყავზე ვგრძნობდი, როგორ ძრწოდნენ უბნის ე.წ "კაი ტიპები". როგორ ჩაწყნარდა ეტაპობრივად ქალების კივილის ხმები და როგორ გახდა სამარცხვინო, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი: "მე ქურდი ვარ!"

ჰოდა, მეც თავისუფლად და დამოუკიდებლად პირველად ამ დროს მივედი სახლში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ დღეს აღშფოთებული მივვარდი დედაჩემთან და ვუყვირი: "ხედავ, რას ბედავს მიშა, ქვედა უბანში, ორი შვილის მამას შიოდა თურმე, ძეხვი და პური მოუპარავს და ესენი ციხეში უშვებენ?! გესმის?" ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.

დედაჩემმა თითი დამიქნია და მითხრა: "ხომ არ დაგავიწყდა მე რამდენი შვილი მყავდით, რამდენი ზამთარი გვშიოდა, რამდენჯერ წყალზე, ხახვზე და ვერმიშელზე, აბსოლუტურად, უპუროდ გადაგვიტანია და არასოდეს გვიფიქრია მოპარვაზე, ვინმეს მოტყუებაზე, გაცურებაზე,"ჩალიჩზე","ლევად" რაღაცის შერგებაზე?! იმიტომ, რომ ჩვენ პატიოსნად ცხოვრება ავირჩიეთ..."

მერე მივხვდი, რომ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, განსაკუთრებით იმ დროს, ერთი სამართლით, რომ არ გასამართლებულიყვნენ, ქურდობას და იმ ქაოსს რაც იყო ვერაფერი უშველიდა.

დღესაც კი, როცა "ნაციონალების" ცუდ საქმეებს იხსენებენ, პირველ რიგში იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ თურმე უამრავი ადამიანი, ვიღაცის ნაცნობი თუ ოჯახის წევრი, 2 კვირაში ერთხელ ვალდებული იყო ჩასულიყო პოლიციაში ხელის მოსაწერად. და, ჩემდა გასაკვირად, ეს თურმე ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა ყოფილა.

ასეთ ადამიანებს შევახსენებ, რომ არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი, თუ მეგობარი და ახლობელი მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილა, რადგან არასოდეს ჰქონიათ მოპარვის მცდელობის სურვილიც კი.

აქ ერთ ამბავს გავიხსენებ. წელს ლეჩხუმში დავისვენე 5 დღე. მასპინძელმა ოჯახმა არ იცოდა, რომ ჟურნალისტი ვარ და თამამად მითხრა, რომ ქურდების გაძლიერების ეშინიათ. ჩვენს საუბარს ერთი ასაკიანი მეზობელი შემოესწრო და ასეთი რამ თქვა: "ეჰ, რა სავალალოა, რომ ფრაზა: მე ქურდი ვარ, კვლავ მოდური ხდება"

ლეჩხუმელებმა გაიხსენეს, რომ მიშას დროს ერთი ახალგაზრდა კაცი, 4 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ცხენის წყალთან დაგდებული ლითონი უპოვია და ფულის გაკეთებას აპირებდაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე არ ასცდებოდაო. პროვოცირებისთვის არ დავუთმე: "ხალხო, რას ამბობთ, ეს ადამიანი მიტოვებულ ქარხანაში ან სადმე შენობაში, ხომ არ შეპარულა და თვითნებურად მოგლიჯა ლითონი, არამედ გზაზე მიმავალმა ცხენის წყალთან დაგდებული იპოვა-მეთქი". არ დამითმეს ლეჩხუმლებმაც. ასეთი სიმკაცე რომ იყო, იმიტომ ვიყავით ლაღად, რადგან ვეღარ ბედავდნენ ქურდობას. ახლა კი, ისევ შიში გაჩნდა მეზობლებს შორის, ჭიშკრების მაგრად ჩაკეტვა დავიწყეთ, რადგან წვრილ-წვრილი ქურდობა უკვე არისო.

მოკლედ, ჩემი ეზოს ამბავს ვუბრუნდები, პოლიციას, რომ დავუძახე, მითხრეს, - იმდენი საქმე გვაქვს გაცილებით სერიოზული და ამისთვის, როდისღა მოვიცლითო, ცოტა თქვენც გაფრთხილდითო. მე ვუთხარი, გთხოვთ, ამას ხმამაღლა ნუ ამბობთ, მინდა, პოლიციის იმედი მქონდეს და თუ მეზობლები გაიგებენ, რომ ასე მიპასუხეთ, ხვალ ვიღაც შეიძლება სახლშიც შემომივარდეს - მეთქი.

არა, პოლიციის იმედი გქონდეთ, მაგრამ ცოტა სიფრთხილე თქვენც გამოიჩინეთო, - მითხრეს, ხელი ჩამომართვეს და წავიდნენ...

...და ისევ ვიღვიძებ ყოველ დილით იმ განცდით, რომ დაუცველი ვარ ამ ქვეყანაში.

ვერ ვიტან იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად თაღლითობით და ქურდობით ცხოვრობენ, როგორც კი შანსი მიეცემათ... თუ პასუხისგებაში მისცემენ, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაზე აპელირებენ, თვითონ კი ერთხელაც არ დაფიქრდებიან იმაზე, რომ შესაძლოა მათაც შეეშალათ.

დასანახად მძულს მაღალჩინოსანი მილიონრები, მოპარვით რომ დააგროვეს და "მაღალ ეშელონებში" მაგარ ბიჭებად ითვლებიან. თევზი, ხომ თავიდან ყარს.

მძულს ჩემი გრძნობა პოლიციის მიმართ, რომელიც უფრო შიშს ჰგავს, ვიდრე ნდობას.

მძულს, როცა ვამბობ ფრაზას: "უკვე დაღამდა, უნდა გავიქცე, რომ შინ მშვიდობით მივიდე".

მეზიზღება ის განცდა, რომ თუ ჯერ არაფერი დაგიშავებია, როგორ ცდილობენ "გაგაფუჭონ", გაგსვარონ რამეში, რომ სათქმელი აღარაფერი გქონდეს.

ვერ ვიტან გრძნობას, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მას უნდა - ქურდობს, ბოზობს, თაღლითობს... მაგრამ თუ მინდა ვიყო ასეთი, როგორიც ვარ, თავს ვერ იცავ. საკუთარ ქვეყანაში "ჩვეულებრივი" მოქალაქეების უფლებები და თავისუფლება არ არის დაცული.

ხელისუფლებას, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა მასზე მოდის და არა ხალხზე, როგორც მას ჰგონია, შევახსენებდი, რომ ევროპული ღირებულებები უპირველესად ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვაა, ქვეყანაში სამართლიანობის განცდაა და არა იაფად ევროპაში ფრენა.

ასევე, ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

იხილეთ ასევე: ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს