თუ სისტემურად არ შეიცვალა ყველაფერი, არჩევნებს აზრი ეკარგება - კვირის პალიტრა

თუ სისტემურად არ შეიცვალა ყველაფერი, არჩევნებს აზრი ეკარგება

არასოდეს მიფიქრია, თუ არჩევნებზე არ მიდის ხალხი, დამნაშავეა. ჩვენ ისეთი ქვეყანა და გარემო გვქონდა, რომ პრობლემას არა ხალხში, არამედ პოლიტიკოსებში ვეძებდი მუდამ. მხოლოდ თეორიულად მომწონდა ფრაზები, მაგალითად: "ყველა ცუდი მთავრობა იმ ხალხის არჩეულია ვინც არჩევნებზე არ წავიდა", მაგრამ გულის სიღრმეში ჩვენ ხალხს მაინც ვერ ვამტყუნებდი.

როგორ უნდა გაამტყუნო ადამიანები, როცა წლებია ასწავლეს, რომ მათი ხმა ნულის ტოლფასია. ფსიქოლოგიურად თუ სხვაგვარად ფაქტია, რომ ხალხს ეშინია "განსხვავებულის" შემოხაზვის. დღეს, ხალხი ხედავს, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმად დისტანცირებულია მათგან. სტერილური დაპირებები არჩევნების დღის დასრულებისთანავე ავიწყდებათ.

ხალხმა წინასწარ იცის ვის აირჩევენ. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ყვებიან, რომ საზღვარგარეთიდან ყველაზე მაგარი ფოიერვერკი ჩამოიტანეს და სახელისუფლებო კანდიდატი 21-შივე გამარჯვებას აღნიშნავს.

ხალხი გარწმუნებს, რომ ვინც ხმებს ითვლის ის იგებს მხოლოდ და უაზრობაა დროის ხარჯვა. ოპოზიციას, რომ მივცეთ ხმა მაინც სამთავრობო კანდიდატი გაიმარჯვებს და ჩვენი ხმა დაიკარგებაო- გეუბნებიან.

გასაგებია, შესაძლოა ჩემს მიდგომას არ დაეთანხმოთ, ბუნებრივია ხალხის ძალაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ განწყობას წლიდან წლამდე "ვიღაც" ქმნის და მერე ამბობენ, ხალხზე ზეწოლა არ არისო. ხომ ფაქტია, რომ ხალხს კარგა ხანია არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უხდება. ხომ ფაქტია, რომ კანდიდატებს საკუთარი დაპირებების თავადვე არ სჯერათ და ხალხი სათამაშოდ აქციეს.

ხალხმა იცის, რომ ძალაუფლება იმარჯვებს. თავისუფლება და არჩევანი კი ყოველ არჩევნებზე მარცხდება. წლებია მანკიერ, ჩაკეტილ პოლიტიკურ წრეში ვცხოვრობთ. ადამიანებს აღიზიანებთ ვიწროპარტიული მიდგომები. ხალხი კარგა ხანია ხედავს, რომ ხელისუფლებისთვის საკუთარი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის.

ამის შემდეგ კი, ისევ ხალხს შეურაცხყოფენ. მაგალითად პოლიტოლოგები ყოველი არჩევნების შემდეგ თითქმის ერთი და იგივეს ამბობენ " ჩვენი საზოგადოების არცთუ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, არც ისე ცოტაა, უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება ხმა მისცეს საკუთარ ნაცნობს ანუ პოტენციურ "პატრონს", რომლისგანაც დახმარებას მოელის".

რა თქმა უნდა პოლიტოლოგებო, რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე შეიძლება "გამოსტყუო რამე" პოლიტიკოსებს და არა სხვა შემთხვევაში. რადგან თვითმმართველობებში საქმეს, როგორც საბჭოთა პერიოდში დღესაც ნაცნობობით აკეთებენ. ამ თქვენი კომენტარით ხომ თავადვე მოწმობთ, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

ხალხმა არჩევნების წინ ვაჭრობაც ისწავლა. მე კი პირიქით მგონია,- ვაჭრობა მას პოლიტიკოსებმა ასწავლეს, რადგან ევაჭრებიან ისეთ რამეზე, რასაც ქვეყანა, რომ უყვარდეთ, ისედაც უპირობოდ უნდა აკეთებდნენ...

ეს ფრაზები პირადად მაქვს მოსმენილი "შეგიძლიათ გზა დაგვიგოთ, მცირე მანძილი მაინც, რომ წვიმიან ამინდში ტლაპოში არ ვიაროთ". "-კარგით, რაღაცას ვიზამთ, მაგრამ ხმა მოგვეცით". "შეგიძლიათ პენსია დამინიშნოთ 60 წელი შემისრულდა და რაღაც პრობლემაა...(?)’. "გასაგებია, მაგრამ ხმას ვის აძლევთ?!"

"არა უშავს არჩევნები მოდის და იქნებ ყურად იღოს ვინმემ ჩვენი პრობლემა!?"

წელს ჩემმა ნაცნობმა ასე რამ მითხრა, 63 წლის ვარ, სასწარაფო ოპერაცია მჭირდება და გამგეობაში მეუბნებიან, ჩვენ პატივს გცემთ ცოტას მაინც დაგიფინანსებთ, წინასაარჩევნო ხმა, ხომ ჩვენც გვჭირდებაო. როცა ძალიან აღვშფოთდი, რას ჰქვია პატივისცემა, ისინი ვალდებულები არიან-მეთქი, ჩუმად, არ გაიგონ, თორემ აღარ მომცემენ თანხასო. მერე ხმაში გიცვლიან იმას, რაც ისედაც გეკუთვნის-მეთქი? რა ვქნა, მერე სახლში დავრჩები და ვითომ წავედი არჩევნებზე, სხვა გზა არ მაქვსო.

რამდენი მაგალითი ჩამოვთვალო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო და პოლიტიკანებო? რამდენი? რომ შეიგნოთ, რომ თქვენს გამო აქვს ხალხს ნიჰილიზმი. სწორედ თქვენს გამო არ დადის ხალხი არჩევნებზე.

რომელი პოლიტიკური პროგრამა, პიროვნება ან, ე.წ ბეგრაუნდი დააინტერესებს ხალხს, როცა ყველაფერი იწყება და სრულდება ერთი ყალბი დღით.

დაუბრუნდით რეალობას, თუ მართლა გინდათ ქვეყნის მშენებლობა. თუ კომპლექსური მიდგომები არ იქნა და სისტემურად არ შეიცვალა ყველაფერი არჩევნებს აზრი ეკარგება.

ხალხს დღეს ძალიან უჭირს, მით უფრო ქვეყანას და დედაქალაქს, მაგრამ ხალხი ელოდება პირველ რიგში რეალურ კანდიდატს, რეალურ საქმეს და რეალურ ცვლილებებს. სხვა შემთხვევაში ეს უფსკრული გაღრმავდება და ისევ რევოლუციამდე მიგვიყვანს.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის სოციალურ ფუნქციას, თუ დაცულია საარჩევნო სამართლის ძირითადი პრინციპები. ამ პრინციპებიდან ორს გამოვყოფდი: ამომრჩევლის სტატუსის განმსაზღვრელი პრინციპები და არჩევნების ორგანიზაციის ზოგადი პრინციპები.

იქნებ ზოგჯერ მაინც გაითვალისწინოთ სამართლიანობა და კანონი, რომ ქვეყანას დავემსგავსოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს