ქართული კინო მოკვდა, უყურეთ ჩცდ-ს - კვირის პალიტრა

ქართული კინო მოკვდა, უყურეთ ჩცდ-ს

"ჩემი ცოლის დაქალების" არც ერთი სერია სრულად ნანახი არ მაქვს, ამიტომ ვერ გავაკრიტიკებ. უბრალოდ, მაინც ვიტყვი, რომ არ მომწონს. ბლოგს სათაური სპონტანურად დავარქვი და ვიტყვი, რომ ეს სერიალი მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაქვს სხვადასხვა გადაცემებში ნანახი და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ თბილისელ ბიჭებს რცხვენიათ საკუთარი ცოლების წარმატებები. დედაქალაქის ცენტრში აქცენტით მოლაპარაკე (ამას რეალობასთან კავშირი აქვს) სიმდიდრებსა და ქაჯობაზე დახარბებული ოჯახები თუ დაჯგუფებები ერთმანეთს ექიშპებიან.

და ჩემს თავს ვეკითხები: რომელი საუკუნის თბილისზე ან პრობლემებზე გვიყვება ეს ფილმი? მოკლედ არ ვიცი, ჯობს შევწყვიტო ჩემი შთაბეჭდილებების თხრობა, რომ რამე არ შემეშალოს. მით უფრო ამ სერიალზე არ ვწერ დღეს. იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ქართული ფილმები (თუ ასეთი რამ არსებობს) და სერიალები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და იმდენად არ მიზიდავს, რომ ერთი სერიის თავიდან ბოლომდე ნახვის სურვილიც არ მიჩნდება.

თუნდაც, საზღვარგარეთ კონკურსებზე გატანილი ფილმების ფაბულა, უმეტეს შემთხვევაში აგებულია 90-იანი (ომის წლების) თბილისურ ცხოვრებაზე. " ჩემი უბანი, შენი უბანი", დანებით აბსოლუტურად გაურკვეველი საქმეების გარჩევა. ბრძოლა არანაირი იდეისთვის. უბრალოდ მტკიცება,- მე უფრო მაგარი ვარ და ბოლოს საზოგადოების ლანძღვა, რატომ ხმას არ იღებს და ასე შემდეგ.

კაცმა არ იცის რა შთაბეჭდილებას ვუქმნით მსოფლიოს ასეთი ფილმებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მიუხედავად ქაოსისა და ერთჯერადი ურთიერთობებისა, დღეს აქ სულ სხვა გამოწვევები და პრობლემებია. მაშ, რატომ ვცდილობთ დავანახოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 90-იანი წლების პრობლემების თვალით, ვერ ვიგებ.

საქართველოში კინორეჟისურა ყოველთვის სტილისტური მრავალფეროვნებით ხასიათდებოდა. ერთდროულად, ერთმანეთის გვერდიგვერდ იქმნებოდა ფორმით განსხვავებული და აზრობრივად დამოუკიდებელი ფილმები.

ქართულ კინოს საამაყო წარსული აქვს და რამაც დღეს ეს ბლოგი დამაწერინა, არის ჩემი გაოცებაც და გულისტკივილიც, რომ 26- დან თითქმის 34 წლამდე ახალგაზრდებმა, რომ აღარაფერი ვთქვა თინეიჯერებზე, არ იციან თითქმის არც ერთი ძველი ქართული ფილმი.

მესმის, ქართული კულტურის განვითარება არავის ადარდებს და არასოდეს არის თანხები და ხელშეწყობა მისი განვითარებისთვის.

კინომცოდნე არ ვარ, ამიტომ პროფესიულად ვერ ჩავუღრმავდები ამ საკითხს, მაგრამ მეჩვენება, რომ ცივილიზაციამ თითქოს აგვიკრძალა გრძნობების დაფარვა.

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით წინ წამოვიდა მშრალი ირონიის პრესტიჟი. როგორც ჩანს, სადღაც განდევნილი რეალობის, ემოციების, იუმორის განცდა, ინფანტილური ცნობიერებისთვის ხელოვნების "დაბალი" ჟანრების საშუალებითაც მიიღწევა.

ქართული კინო მოკვდა!

და მივედი იქამდე, რისი თქმაც მინდოდა ყველაზე მეტად. ამასწინათ ნაცნობს ვუთხარი ასეთი ფრაზა: მადლობა, "მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით" (ფრაზა ფილმიდან: "მხიარული რომანი") მერე, მთელი საათი დამჭირდა ამეხსნა რას ნიშნავდა ეს. თან დავამატე: "ეჰ, რა ტყუილად გაჭმევ პურსა" (ფრაზა ფილმიდან: "ქვევრი"). ამან გაურკვევლობა გააღრმავა.

ჩემდა სამწუხაროდ, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ იყო, მუდმივად ვხვდები ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც არაფერი გაუგიათ ქართული ფილმის და მით უფრო ამ ფილმებიდან წამოსული იუმორის შესახებ. არ იცნობენ ქართული ფილმის მრავალფეროვნებას და იმ ფრთიან ფრაზებს, რომლებსაც ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში მუდმივად ვიყენებდით.

ვიხსენებდი ჩვენი ბავშვობის პერიოდს გვიან სტუდენტობამდე, მე და ჩემი დედმამიშვილები როგორი სიხარულით ველოდებოდით ქართულ ფილმს, ვიცოდით ყველა ცნობილი ფრაზა, როგორი ზეიმი იყო მთელ ოჯახში ქართული კინოს ნახვა. ფრაზებს, რომლის შინაარსსაც აქტუალობა არ დაუკარგავთ დღეს, მაგრამ, რა სამწუხაროა, რომ უკვე არაფერი იციან ამის შესახებ.

ზემოთ ვსაუბრობდი მშრალ ემოციებზე და დავწერ, რომ დღეს მკერდის გამოჩენაზე, ჩახდასა და ერთჯერად ურთიერთობებზე აგებული ფილმები თუ გადაცემები გახდა აქტუალური. სამწუხაროდ, კულტურის სფეროში მომუშავე ჩემს კოლეგებსაც არ აქვთ სურვილი გადახედონ ისტორიას და იცნობდნენ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ კინოსა თუ თეატრში.

უხერხულობის გამო ვერ დავწერ იმ დიდი არტისტების გვარებს, რომელთა შესახებ სტაჟიორი-ჟურნალისტები - 26-27 წლის გოგო-ბიჭები კითხულობენ, - ვინ არისო?!

და კიდევ ერთი: რამდენჯერ ყოფილა მოგვხათრებია ქუჩაში მდგომი სახალხო არტისტების, რომლებიც ე.წ "მარშრუტკას" ელოდებოდნენ, გათოშილები და ბევრჯერ შეგვითავაზებია მე და ჩემს მეგობრებს მიგვეყვანა დანიშნულების ადგილზე.

გარკვეული პერიოდის წინ ჩავედი მეტროში და ვხედავ ნოდარ მგალობლიშვილი, ერთ კუთხეში მორიდებით დგას. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ერთი დამწყები იუმორისტი შემოვიდა (გვარს შეგნებულად არ ვამბობ). ჩოჩქოლი ატყდა, იცნო ხალხმა. ორი ბიჭი ერთდროულად წამოდგა, ადგილი დაუთმო, ყველა უღიმოდა.

ჩემი "მოუთმენლობა" აქაც გამოვიჩინე და ხალხს მივმართე აქ დგას ასაკოვანი სახალხო არტისტი, იქნებ ამისთვისაც გაგეღიმათ და დაგეთმოთ ადგილი-მეთქი.

ხალხმა ერთი კარგად შეათვალიერა ცნობილი არტისტი და უცნობი სახეებით, ისევ თავის ილუზიაში ჩაიძირა.

არ ვიცი, როგორი იქნებოდა ქართული კინო დღეს, ის ძველი რომ განვითარებულიყო, მაგრამ ერთს ვიტყოდი ზოგადად, ქართულ კულტურაში, სხვადასხვა მიმართულებით, უდიდესი საგანძურია ჩადებული, რომელსაც მოვლა, მოფრთხილება და განვითარება სჭირდება...  რადგან, მჯერა, სადაც კულტურა კვდება, იქ საზოგადოებაც ვერაფერს ხედავს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს