SOS! მე შევიწროების მსხვერპლი ვარ! - კვირის პალიტრა

SOS! მე შევიწროების მსხვერპლი ვარ!

მე შევიწროების მსხვერპლი ვარ... მავიწროებენ ჩვენს ქვეყანაში თუ სხვაგან. მავიწროებენ ყველგან და ყოველთვის, რადგან როგორც ინგლისელი ხალხი იტყოდა ვარ straight (პირდაპირი), ანუ ჰეტეროსექსუალი.

მავიწროებენ, რადგან მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ლგბტ პირი ჩემზე მეტია ან, უფრო უპირატესია. მავიწროებენ, რადგან მასწავლიან, რომ მათ ჩემზე მეტი უფლებები და თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.

მაიძულებენ, რომ ყველა მათგანი უკლებლივ მომწონდეს, რადგან თურმე ადამიანი არა პიროვნულობის, არამედ სექსუალური თვალსაზრისით განისაზღვრება. მე, თუ პიროვნულად ვიღებ ან არ ვიღებ ვინმეს, ახსენდებათ თავისი სექსუალური მოთხოვნები და დაღს მასვამენ მთელი ცხოვრება.

მავიწროებენ, რადგან მაიძულებენ ვაღიარო ან ერთი, ან მეორე ე.წ ეროვნული ჯგუფი. ეს მეორე გაცილებით გახრწნილი და უბედურია. მაგრამ თუ ორივეს უარყოფ გაქვს სტიგმა: ან ლგბტ ხარ, ან კაცთმოძულე.

მავიწროებენ, რადგან ვარ ქრისტიანი და ეს დღეს ყველაზე დაბალ "რანგს" ნიშნავს. მამცირებენ, რადგან ვცდილობ ვიცხოვრო სულიერი ცხოვრებით, როცა ქვეყანაში მგლური კანონებია.

მამცირებენ, რადგან ვამბობ,- თუ არ არის დაცული მოქალაქის სიცოცხლე და თავისუფლება, აქ თავისთავად იგულისხმება, რომ არ არის დაცული არც ჩემი, არც შენი და არც გეის უფლება.

მავიწროებენ, რადგან ჩემი კანონი სახარებაა და დღეს აღარ ცხოვრობს არავინ 2000 წლის წინანდელი კანონით.

მავიწროებენ, როცა ვამბობ, რომ ჩვენ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკა გვაქვს და პოლიტიკოსებს ისე სურთ ახალ თემებზე გველაპარაკონ, თითქოს ძველი უკვე მოაგვარეს.

თუ ჩემს ქალაქში, თითქმის ორი თვის განმავლობაში 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, არაფერია. თუ შეურაცხყოფილი ან მოკლული ლგბტ პირი აღმოჩნდა, მაშინ ქვეყანა ბნელია.

შევიწროების მსხვერპლი ვარ, რადგან სკოლაში, უმაღლესში და სამსახურში, როცა ლგბტ პირი მოდის, ეგრევე ხაზს უსვამს თავის სექსუალობას, ჩემი სექსუალური მოთხოვნილებები კი არავის აინტერესებს.

მამცირებენ, როცა ვამბობ: მე არ ვარ მოდური. პროგრესულად მოაზროვნის სახელის მოპოვების გამო, რომელიმე მხარეს ვერ დავდგები, არადა, მაიძულებენ.

ღიად ვამბობ, რომ ნებისმიერი ტიპის მოქალაქის შეურაცხყოფა, მკვლელობა და დამცირება თანაბრად დასჯადია.

მავიწროებენ, როცა ვამბობ, - "უსახო" ან "უვიცი" "ადამიანები"გასწავლიან, რა არის ტოლერანტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ხარ. დღევანდელ აღვირახსნილ სამყაროში საკუთარი "მე" ხდება მთავარი კულტი. ორიენტაცია საკუთარ თავზე, საკუთარ სექსზე.

მამცირებენ, როცა ვამბობ, რომ ადამიანს სექსუალობა საერთოდ არ განსაზღვრავს. მას უკვდავი სული განსაზღვრავს და არა მისი გენდერული ორიენტაცია.

მე შევიწროების მსხვერპლი ვარ, როცა ვამტკიცებ, რომ სამყაროში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ვიდრე საკუთარი "მე", ვიდრე საკუთარი "სქესი". ღირებულებები, რომელებიც დღეს უპირობოდ ფეხქვეშ ითელება.

თქვენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, ჯერ კიდევ არ იცით, რაოდენ მრავალმხრივი და უზომოა ქვეყნად გამეფებული ბოროტება.

მე შევიწროების მსხვერპლი ვარ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, რადგან ჰეტეროსექსუალი ვარ. რადგან ვერასოდეს დავიცავ ვინმეს ფულის გულისთვის. რადგან ვერასოდეს გავხდები ყალბად "ეროვნული".

ქალბატონებო, ბატონებო და ლგბტ პირებო, გთხოვთ თქვენი ლექსიკიდან ამოიღეთ: "ეს ხომ საქართველოა, აქ სიბნელეა. ქართველები ჰომოფობები არიან", რადგან მთელ მსოფლიოში მსგავსი პროცესი მიდის.

გაიხსენეთ, რომ თქვენსა და თქვენი სატელიტი "ეროვნულების" გარდა, ამ ქვეყანაში სხვა ცოცხალი მოქალაქეებიც ვცხოვრობთ, საკმაოდ მტკივნეული პრობლემებითა და შინაარსიანი ღირებულებებით.

SOS! მე შევიწროების მსხვერპლი ვარ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს