"გაკონტროლებული სიგიჟე", ანუ გაინტერესებთ როგორი ზამთარი გველის? - კვირის პალიტრა

"გაკონტროლებული სიგიჟე", ანუ გაინტერესებთ როგორი ზამთარი გველის?

იმ დღეს, ჩემმა მეგობარმა "1984" გამახსენა. მერე, დიდხანს ვმსჯელობდით ჯორჯ ორუელზე, როგორც გენიალურ მწერალზე და ძალიან გვტკიოდა გული, რომ რიგი მოვლენები "1984"-ში მოყვანილი, არის არა ჩვენი წარსული, არამედ კარგად მიესადაგება და აღწერს ჩვენს დღევანდელ ვითარებას.

ვიდრე "გიწინასწარმეტყველებთ" როგორი ზამთარი გველის, ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ ორუელის წიგნიდან: "თვით ოთხი სამინისტროს სახელებიც კი, რომლებითაც ჩვენ გვმართავენ, წარმოადგენს ერთგვარ უტიფრობას ფაქტების თავდაყირა დაკიდების თვალსაზრისით. მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია ომის საკითხებით, ჭეშმარიტების სამინისტრო - სიცრუით, სიყვარულის სამინისტრო - წამებით, დოვლათის სამინისტრო კი - შიმშილით. ისინი ორაზრის მიზანმიმართული ვარჯიშებია, რადგანაც მხოლოდ დაპირისპირებათა შერიგებით თუ შეინარჩუნებს ხელისუფლება თავის თავს. სხვაგვარად ვერანაირად ვერ გაწყდებოდა ძველი წრებრუნვა..."

ჩვენი პოლიტიკური ელიტა სულაც არ არის ორიენტირებული გაჯანსაღებისკენ. ამიტომ ისმის გასული საუკუნის შეკითხვები კვლავ და კვლავ: "გადავიტანთ ამ ზამთარს?". "გამოჩნდება ოდესმე რეალური ლიდერი?", "კრიზისი ხომ არ გაღრმავდება?", "რევოლუციამდე ხომ არ მივალთ?..."

ეს "დამყაყებული" პოლიტელიტა კი ცდილობს დარჩეს სათავეში კარგა ხნით. დიდხანს ვებრძოლე ჩემს თავს არაფერი მეთქვა უმრავლესობის წევრზე, რომელმაც თიანეთში განვითარებული მოვლენების დროს ამაყად განაცხადა, რომ ის "მეორე" ჩემი ნათესავია და თავს ვალდებულად ვთვლიდი თავის დროზე წინ წამომეწია და დავხმარებოდიო.

ეს პირდაპირი ლუსტრირებაა იმისა, რომ კარგა ხანს ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. როცა წლების წინ რადიო "იმედის" წამყვანი ვიყავი ეს ბატონი უმრავლესობის წვერი ხშირად მსტუმრობდა გადაცემებში, ერთად განვიცდიდით "ნაციონალების" მიერ დაშვებულ შეცდომებს, მივუთითებდით მათ. მერე მამამისი დაიჭირეს, ბატონი ომარი კარგი ურბანისტი იყო და ციხიდან მირეკავდა ერთად განვიცდიდით, თუ რის შეცვლა შეგვეძლო ასეთ სიტუაციაში, რის გამომზეურება და ხმამაღლა თქმა.

და ბოლოს, რა გამოვიდა? მოვიდა ადამიანი სათავეში და არათუ იგივე შეცდომებს უშვებს, არამედ, ამ შეცდომებს ამართლებს კიდეც!?

მისი ზემოთ მოყვანილი ფრაზა (ანგარიშვალდებულება ნათესაობასთან დაკავშირებით) არის ლუსტრირება მთელი უმრავლესობის. ლუსტრირება იმისა, რომ ქვეყნის სათავეში შევარდნაძეა, სააკაშვილი თუ ივანიშვილი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ არ იცვლება. მთავარია სათავეში მოვხვდეთ და კარგად ვერგებით ამ მომპალ სისტემას.

მაშ, რა საჭიროა გამოვცვალოთ ხელისუფლება თუ სისტემა არ დაინგრა? თუ მიდგომები არ შეიცვალა? რა საჭიროა ყოველი ხელისუფლება ატყუებდეს ხალხს, რომ ჩვენი გეზი განვითარებული ქვეყნებისკენ არის მიმართული, როცა იქ ნათესაობა კანონზე წინ არ დგას. მაგრამ ნათესაობას ამის გამო არ კარგავენ. რატომ გვაქვს კომპლექსი იმისა, რომ ეს "დამყაყებული" აზროვნება შეიცვალოს ჩვენთან?

ამ არაფრისმკეთებელი პოლიტიკოსების ფონზე სტრატეგიული დარგები ვერ ვითარდება, ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, უკან მიდის ეკონომიკა, ხალხი ღარიბდება, შუღლი ღრმავდება და ამ ფონზე ვერ ნახავთ ერთ ეკონომიკურ ექსპერტს ან პოლიტოლოგს, რომელიც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გააკეთებს ანალიზს. ყველა მათგანი ანგაჟირებულია, "ნათესაობის" არ იყოს, ანალიტიკაც ისე ხდება ჩემს ქვეყანაში ვის ვისი ზურგი და ფინანსები აქვს. როგორ შეიძლება დღეს ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ემოცია და დამოკიდებულება არ იყოს სუფთა?

ორუელის თქმის არ იყოს, ეს არის "მენტალობის თაღლითობის ვრცელი სისტემა" აი, ასეთია მთელი ქართული პოლიტიკა.

გაინტერესებთ როგორი ზამთარი გველის? "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საუბარი სააკაშვილის ექსტრადირებაზე. ვერაფერს იტყვი "სწორი" სვლაა. უმძიმესი ზამთრის მოლოდინში "სააკაშვილი ციხეში" თუ გადაგვატანინებდა.

თუ მიშა ჩამოიყვანეს ეკა ბესელიას საყვარელი ფრაზა: "ამ სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" (რომელიც მოგვიანებით მთელმა უმრავლესობამ აიტაცა), შეიცვლება ცხელ-ცხელი გამახურებელი ფრაზით:

გშია? -მიშა ციხეშია!

შუქი არა გაქვს? - მიშა ციხეშია!

გადასახადებს ვერ იხდი? - მიშა ციხეშია!

გიჭირს? -მიშა ციხეშია!

წყალი არა გაქვს? - მიშა ციხეშია!

სამსახური არა გაქვს? - მიშა ციხეშია!

ოჯახის გადარჩენა გინდა? - მიშა ციხეშია!

და ასე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.....

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს