ადამიანები, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობენ, შიმშილით იღუპებიან ან ქვეყნიდან გარბიან - როგორ აღვზარდოთ ერი? - კვირის პალიტრა

ადამიანები, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობენ, შიმშილით იღუპებიან ან ქვეყნიდან გარბიან - როგორ აღვზარდოთ ერი?

კვლავ მესმის მოსაზრება, რომ საზოგადოება ბაგა-ბაღიდან თუ სკოლებიდან უნდა აღვზარდოთ, უნდა შევიტანოთ საგანი "სამოქალაქო საზოგადოების შესახებ"თუ რაღაც მსგავსი, რომ მან დიდობისას შეცდომები არ დაუშვას. მაგალითად: არ დაამტვრიოს სკამი, არ დაყაროს ნაგავი, არ შეურაცხყოს მოქალაქე განსხვავებულობის გამო და ასე შემდეგ.

თან ამ უტოპიურ გეგმაზე საუბრობენ კლანებად ჩამოყალიბებული ჩვენი მთავრობები, რომლებიც მოპაექრეს ისე ებრძვიან, როგორც უკანასკნელ მტერს და თუ მათ წრეში მოგიაზრეს, სკამის დამტვრევაც, დანაშაულიც, ნეპოტიზმიც და კორუფციაც გეპატიება. ხანდახან მგონია, რომ პასუხისმგებელი პირები ხალხს დასცინიან, მაგრამ მათ სერიოზულ სახეებს, რომ ვუყურებ ვფიქრობ სახუმაროდ არ გვაქვს საქმე.

ვისაც ჰგონია, რომ განვითარებული ქვეყნები მორალზე დგას და არავინ არაფერს აშავებს, ვურჩევ კარგად გაერკვნენ, რას ნიშნავს იყო თანაბარუფლებიანი ამგვარ ქვეყანაში. რას ნიშნავს განვითარებული ქვეყანა. მართლა იდიოტები ვართ თუ, რატომ ვაკეთებთ ასეთ გაუაზრებელ განცხადებებს, არ მესმის?

სინამდვილეში საზოგადოების აღზრდის კანონები არ არსებობს, აღვზარდოთ საზოგადოება მცირე ასაკიდან ეს ჰეგელიდან წამოსული მარქსის მიერ განვითარებული ილუზიაა, ზღაპარი, რომელიც ვერასოდეს გაიდგამს ფესვს.

საბჭოთა სისტემის ბატონობის შემდეგ პოლიტიკური ფენა ბევრად უფრო კორუმპირებულია, რომლის გამოსწორებაც არც ერთ მთავრობას არ სურს და არც უცდია. ადგილებს, რომ გაინაღდებენ იწყება საუბარი იმაზე, რომ 20 წლის გაფუჭებულ საქმეს 4 წელიწადში ვერ გამოასწორებენ. ნაცვლად იმისა, რომ გავაანალიზოთ ის ნიადაგი და გარემო სადაც ვცხოვრობთ, რომ რამე შევცვალოთ.

ჩვენ ვიქეცით ორსახოვან ხალხად: ერთი მხრივ ნიადაგ უკმაყოფილო, კრიტიკული ყველაფრის მიმართ, ამასთანავე საკუთარი ღირსებისა და ტრადიციების უაზრო "დამფასებლები" და მეორე მხრივ, თვითგადარჩენის მძაფრმა სურვილმა ქართველებს შეგვაძლებინა მომპალი სისტემით სარგებლობა, რის შედეგადაც კარგად შევერიეთ ხსენებულ წყობილებას: კორუფციას, ქრთამს, მაქინაციებს, ნეპოტიზმს, დაშინებას, შერჩევით სამართალს.

ძალიან გაგვიმძაფრდა ინდივიდუალური კეთილდღეობისაკენ სწრაფვა. ლამის წესად აქციეს ჩვენმა მთავრობებმა დისტანცირებული ყოფნა საკუთარ ხალხთან.

ადამიანები, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობენ, შიმშილით იღუპებიან ან ქვეყნიდან გარბიან. თქვენ კი ფიქრობთ, როგორ აღზარდოთ დარჩენილი 3 მილიონი, რომ წლების შემდეგ განვითარებული ქვეყნების სიაში ჩავეწეროთ?

როგორი შეცდომაა მინისტრების დანიშვნის დროს აქცენტის გაკეთება მის პიროვნულ შტრიხებზე. თუ სისტემურად არ შეიცვალა ყველაფერი, ყველა ადამიანი ასეთ გარემოში დაიკარგება. თქვენ კი ცდილობთ ქვეყანა იმ გზით წაიყვანოთ, რომელიც მიზნამდე არასოდეს მიგვიყვანს.

თუ გვინდა სხვა განზომილებაში გადავიდეთ, უნდა შევცვალოთ ის ნიადაგი, რომელზეც მანკიერი წრის ბმულები იბადება. ეს უმოკლესი გზაა და 5-წელში კი არა, გაცილებით ადრე შემობრუნდებოდა უკეთესობისკენ ყველაფერი.

ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს არ არსებობს.

თევზი თავიდან ყარს. სისტემა უნდა დაინგრეს. მაგრამ ვიდრე პოლიტიკოსებს პირადი ცხოვრება და ფული ურჩევნიათ, ქვეყანას და ხალხს შევახსენებდი, რომ: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, სამართალსა და კანონზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს