ისევ გამდიდრებული ჩინოვნიკები, ისევ უღატაკესი მოსახლეობა - არ გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა? - კვირის პალიტრა

ისევ გამდიდრებული ჩინოვნიკები, ისევ უღატაკესი მოსახლეობა - არ გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა?

წლების შემდეგ, როცა სამშობლოში დავბრუნდი გაცილებით დიდი შოკი მქონდა აქ არსებულ სიტუაციაზე, ვიდრე მანამდე, თუმცა მაშინაც თავდაუზოგავად ვიბრძოდი, ხმას ვიმაღლებდი მანკიერების წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, როცა ვფიქრობდი, რომ სათქმელი იყო ვამბობდი. ხშირად მარტო ვრჩებოდი, რადგან ადამიანებს სურდათ ადვილი გზით ეცხოვრათ და მარტო მტოვებდნენ. დღესაც ასე იქცევიან.

ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის უმრავლესობაში არიან, მაშინ ის ხელისუფლება იყო მართალი. თან, მართალი ყველაფერში. „შენ ნუ ერევი, მათ უკეთ იციან“- სულ მესმოდა. ახლა იგივე ადამიანებისთვის ეს ხელისუფლებაა ყველაფერში მართალი.

სამწუხაროდ, დღესაც ისევ იმავე საკითხზე ვწერ და ვწუხვარ, რომ არც ერთ უწყებაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტი არ არის და როცა რამე უბედურება ხდება ერთ პირს აწვება პასუხისმგებლობა.

და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებას, რომელმაც ეს სტანდარტები არ შექმნა და არასოდეს მოუთხოვია მათი განხორციელება.

უბრალოდ ის წრე, რაც მაშინ დავტოვე უფრო დაპატარავდა. უფრო აგრესიული გახდა. უფრო იცავს იმ პოზიციას, რომ დღეს მე ვარ და არავითარ შეცდომაზე მითითებას არ იღებს.

შეუძლებელია, 5 წლის წინ მაინც გაგვეაზრებინა ის მანკიერებები, რაც ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის და დღეს ბევრად უკეთეს ვითარებაში არ გვეცხოვრა.

მეჩვენება, რომ დრო გაჩერდა.

თითზე ჩამოსათვლელი, ძველი პოლიტოლოგები, ერთი და იგივე შეფასებებით, ვერ ვიჯერებ, რომ ახალი თაობა არ წამოვიდა, მაგრამ მჯერა, რომ არა-ანგაჟირებული აზრი არ სურთ დღეს... შიში უცნობი სახეების მიმართ. შიში სიახლის მიმართ.

ერთი და იგივე ფრაზები, ბრძოლის ერთი და იგივე მეთოდები, დებატების ერთი და იგივე სტილი. ერთმანეთის ერთი და იგივე დანაშაულში დადანაშაულება. როგორც კი ოდნავ სუფთა პიროვნება გამოჩნდება, როგორმე ბნელი წარსული მიკერება.

სათავეში მოსვლის შემდეგ სწორება წარსულისკენ. ერთი და იგივე კომენტარები. ერთი და იგივე მიდგომები. ერთფეროვანი დამოკიდებულებები. აგრესია, შური. ყველაფრის თანხითა და ნაცნობობით შეფასებები.

ისევ გამდიდრებული ჩინოვნიკები, ისევ უღატაკესი მოსახლეობა. გადამწყვეტ მომენტში ყველაფრის ისევ ხალხზე გადაბრალება.

150 დეპუტატს შორის მხოლოდ 4 სპიკერი, რომლებიც ყველა მედიაში წრეზე ბრუნავენ და დანარჩენები მხოლოდ ხელფასის მიმღებლები.

ერთმანეთისადმი გამგები ჟურნალისტები დამღუპველი „კოლეგიალობით“. როცა იცი, რომ შენი კოლეგა არღვევს წესებს ან აშავებს რაიმეს და შენ სიმართლეზე წინ „კოლეგიალობას“ აყენებ. ესეც საბჭოთა გადმონაშთია.

და აქვე, ხელისუფლებისთვის მუდამ თავისმქნეველების „ბომონდი“.

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით მთელი რიგი გამოწვევები კვლავ ძალაშია.

ხანდახან სპეციალურად ვიღებ წლების წინანდელ ჩანაწერებს, კომენტარებს, გადაცემებს, პრობლემებს და ვადარებ დღევანდელს, არაფერი შეცვლილა! ურთერთდამოკიდებულებაშიც კი.

არ გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა? ლუკმა, რომელსაც ვღეჭავთ დაუსრულებლად და ვერ გადაგვიყლაპია.

ვიდრე, ადამიანის ღირებულება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის მასალაა ისევ და არა ფაქტი, კვლავ და კვლავ შევახსენებ ჩვენს ხელისუფლებას თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, ყველა სტრუქტურაში სტანდარტის დადგენას და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს