მეტი პოლიციელი სკოლაში და მორჩა?- მოზარდების მონსტრებად წარმოჩენა უკვე მცდარი გზაა, რომელიც არსად მიგვიყვანს - კვირის პალიტრა

მეტი პოლიციელი სკოლაში და მორჩა?- მოზარდების მონსტრებად წარმოჩენა უკვე მცდარი გზაა, რომელიც არსად მიგვიყვანს

არ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა, ვიცი, ბევრი იტყვის და დაწერს, მაგრამ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს რომ მოვუსმინე ლამის მეტი სტრესი მივიღე, ვიდრე მომხდარი ტრაგედიისას. ფრაზა ასეთი იყო: "კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ დანაშაული ჩაიდინა და აღარ გვაინტერესებს, როგორი იყოო".

არავის კრიტიკას არ ვაპირებ, ისედაც სტრესული გარემოა, ძალიან ადვილია მარტივი შეფასებები, მაგრამ მაქვს განცდა, რომ საერთოდ ვერ გაიგეს რა მოხდა. მაქვს განცდა, რომ თვალს ვარიდებთ მთავარ პრობლემას. მაქვს განცდა, რომ ვპოზიორობთ, ვაიმე, რამე არ შეგვეშალოს კამერების წინ, მაგრამ პრობლემის რეალური აღქმა სად არის?

მოზარდების დადანაშაულება ასე ხელაღებით და მონსტრებად გამოცხადება უკვე მცდარი გზაა და ეს გზა არსად მიგვიყვანს. უდაოა, საგანგაშო ტენდენცია მწიფდება ქვეყანაში, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ბიჭების დაკრძალვის შემდეგ პრობლემის მიმართ ინტერესი ისევ ჩაქრება.

ასე არ იყო ყოველთვის? რომელმა მინისტრმა იკითხა პოსტზე დანიშვნისას, სკოლების განვითარებისთვის რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი? სად გაჩერდა წინა მინისტრი და საიდან უნდა გააგრძელოს ახალმა? როდის მოხდა სისტემის ძირფესვიანად შესწავლა? რატომ იყო ესა თუ ის მიდგომა პრობლემური, თუკი მიდგომები იყო საერთოდ?

ერთი რამ ვიცით მხოლოდ, რაც არასოდეს გვეშლება, პოსტზე დანიშვნისთანავე ეგრევე გავყრით წინა მინისტრის თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა პროფესიონალია თუ არა და უპირობოდ მოვიყვანთ პირებს ჩვენი საახლობლოდან, მერე სპონტანურად შევაგდებთ სკოლებში რაღაცას (რომელსაც ზოგჯერ ახსნა არა აქვს) და სულ ეს არის.

ახლა ითქვა, რომ შსს საპატრულო პოლიცია ჩაერთვება სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში. არავინ გვეუბნება რამდენი ხნით ჩაერთვება. ზოგადად ეს არასახარბიელო ფაქტია და მიკვირს სკოლების მანდატურებთან მომუშავე ფსიქოლოგები, რომ არ აპროტესტებენ და არაფერს ამბობენ ამის შესახებ.

ვინმემ დაიწყო პრობლემის სწორი დიაგნოსტიკა? მეტი პოლიციელი სკოლაში და მორჩა?

პოლიტიკოსები კი სხვა მხრივ ამუქებენ და პოლიტიკური სარჩულის დადებას ფიქრობენ. ძალიან შემზარავია.

ტრაგიკულია, რომ ვეძებთ განტევების ვაცს, ვიღაცას დავსჯით და მერე ყველაფერი წყნარდება. ტრაგიკულია, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი აზრსმოკლებულად თვლის, ძალადობის პრობლემის შემთხვევაში უფროსისადმი მიმართვას. ტრაგიკულია, როცა ქუჩის ჩხუბს სანახაობად ვუყურებთ და აზრად არ მოგვდის სამართალდამცველებს დროულად დავურეკოთ. პრობლემურია, როცა ნდობა პოლიციელების მიმართ არასათანადოა, ისევე როგორც მოზარდებისა უფროსების მიმართ.

ახალგაზრდები კი კვლავ რჩებიან საკუთარი თავის ამარა.

ხედავთ საზოგადოების დანაშაულს ამ პროცესში? დარწმუნებული ვარ 16 წლის მოზარდი ვერ წყვეტს თქვას თუ არა რამე, მშობლები აიძულებენ: "შენ არავინ გეკითხება! არაფერი თქვა! შენი საქმე არ არის! პოლიცია თვითონ გაარკვევს!"

უგუნურ და გულგრილ საზოგადოებას ვზრდით. მხოლოდ მაშინ ვხედავთ პრობლემას თუ ჩვენ გვეხებიან, სიმართლეც მაშინ გვგონია, რომ სიმართლეა, თუ ჩვენ გვიქმნის ვინმე დისკომფორტს, სხვა ყველაფერი ღობეს ჩხირია.

უფროსები კი 16 წლის მოზარდებით ვიწყებთ გაკიცხვას, რომელთაც კაცმა არ იცის რა უტრიალებდათ თავში!?

ჩემი სკოლის პერიოდი მახსენდება, რაც გინდა ბეჯითი და კარგი მოსწავლე ყოფილიყავი, თუ იყავი მშვიდი და უპრეტენზიო, მაინც "მეორეხარისხოვანი" იყავი. ის მოსწავლეები კი, რომლებიც მეტი აქტიურობით, უხეშობით, თუნდაც აგრესიით გამოირჩეოდნენ, მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ არა მხოლოდ მოზარდების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც.

ცხოვრებაშიც ხომ ასეა, რაც უფრო ბრიყვი და იდიოტია ვინმე, მაგრამ მყვირალა, საზოგადოების მეტ მოწიწებას და პატივისცემას იმსახურებს. აბა, ბავშვებს რას ვთხოვთ, თუკი ამ გარემოში ვზრდით?

ბევრი ბავშვია ჩემს გარშემო, ვკონტაქტობ სკოლასთან და მასწავლებლების (უმეტესობის) ეს ფსიქოლოგია შეცვლილი არ არის, ვისაც აქტიური მშობელი ჰყავს, იმის შვილს ბევრი რამ "ეპატიება".

ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა, მაგრამ ამ დაავადებულ საზოგადოებაზე მეტად ვწუხვარ. ვფიქრობ, ესეც პოლიტიკური ნებაა, ან უნდა დაიწყოს და გაკეთდეს რამე კომპლექსურად, ან ისევ დარჩეს პრობლემა პრობლემად.

ეჭვი არ მეპარება, რომ რამდენიმე დღეში ჩაცხრება ყველაფერი და ისევ გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრებით ცხოვრებას.

ჩვენ ხომ ერთი გამოხტომის, ერთი განცხადების, ერთი გადაცემის, ერთი აჟიოტაჟის, ერთი ნაბიჯის ხალხი ვართ.

და აქ მთავრდება ყველაფერი.