"ეს ტაძარი ქართველ მართლმადიდებლებს გელოდებოდათ" - რას მომიყვა ლონდონში ქართული ტაძრის ამშენებლის შვილთაშვილი?! - კვირის პალიტრა

"ეს ტაძარი ქართველ მართლმადიდებლებს გელოდებოდათ" - რას მომიყვა ლონდონში ქართული ტაძრის ამშენებლის შვილთაშვილი?!

ლონდონში ერთ-ერთი ქუჩა Rookwood road, სადაც ახლა საქართველოს საპატრიარქოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მდებარეობს შუა საუკუნეებიდან წმინდა პაულის ძველი კათედრალის სახელით იყო ცნობილი. ეს ადგილი ადვილად უკავშირდებოდა ლონდონის ცენტრალურ ნაწილს და პოპულარული იყო წვრილი ვაჭრობითა და კომერციული ადგილებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტერიტორია იმ დროისათვის იშვიათად დასახლებული გახლდათ, ყოველი კვირის ბოლოს ხალხმრავლობა მაინც იყო. ხალხი აქ ახალი ამბების მოსასმენად, საჭორაოდ და ვაჭრობისთვის იკრიბებოდა. ხშირად გაიგონებდით გულისწყრომასაც, რადგან ადგილის პოპულარობისა და ხალხის სიმრავლის გამო იყო შემთხვევები, როცა სუსტი ყოფაქცევის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სხეულის ვაჭრობით გასამრჯელოს შოულობდნენ, ძველი ტაძრის ეზოში გროვდებოდნენ.

აქ, იშვიათად ნახავდით ქალაქის ხელმძღვანელობას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ იქ მიმდინარე მოვლენები. 1730 წლის 4 დეკემბერს დეკრეტიც კი გამოიცა, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნდა შერემონტდეს წმინდა პაულის ძველი შენობა და დაიწყოს პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაო. მას შემდეგ კიდევ საუკუნე ნახევარი გავიდა და უამრავი ამბავი დაუკავშირდა წმინდა პაულის კათედრალს.

იმ სახით კი, რა სახითაც დღევანდელი ქართული ტაძარი არსებობს 1892 წელს აიგო. ინგლისელმა მოძღვარმა ჰენრი ჯეიმს პრინცმა, რომელიც აგაპემონიტობას ქადაგებდა, ინგლისური ეკლესიიდან განდევნეს. მას დაახლოებით 500-მდე მიმდევარი ჰყავდა. ერთიანი ძალისხმევით მათ აღნიშნული ტერიტორია შეიძინეს და ტაძარი ააგეს. ჯეიმს პრინცის გარდაცვალების შემდეგ აგაპემონიტენმა არსებობა შეწყვიტეს და აღნიშნულ ტაძარს წირვა-ლოცვისათვის ხანდახან კათოლიკები ქირაობდნენ.

ვიდრე მას ქართველები შეიძენდნენ, ტაძარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. აღნიშნული ტერიტორია ჰენრი ჯეიმს პრინცის შვილთაშვილს ჯონათან ბაკლეს ეკუთვნოდა.

ბაკლე ჩემთან საუბარში საინტერესო დეტალებს ყვება:

"ერთ დღესაც ჩემს პაპის პაპას გამოუცხადებია, რომ მესიაა და თავი მოუკლავს. ის ყოფილა ამ ტაძრის (რა სახითაც ეხლა არსებობს, იმ სახით) ფუძისჩამყრელი. მისი გარდაცვალების შემდეგ აგაპემონიტების მცირე ჯგუფი დაიშალა და ყველა თავის გზით წავიდა. ინგლისში ბევრი ტაძარია. აქ ტაძრები საგვარეულო ქონებისაა. მეც ეს წინაპრებისგან გადმომეცა. ეს ტაძრები ხშირ შემთხვევაში უმოქმედოა ან გაქირავებული. ინგლისში ტაძრები რელიგიური თვალსაზრისით იშვიათად გამოიყენება. ასეთი შენობები გაქრავებულია სხვადასხვა მიზნებისთვის ან რომელიმე ორგანიზაციის კუთვნილებაა.

ბევრჯერ მიჭირდა, ამიტომ არაერთხელ ვიფიქრე მეც ფინანსური მოგება მენახა და სამოქალაქო ორგანიზაციაზე გამექირავებინა. საოცარია, რომ 20 წლის განმავლობაში ვერც გაყიდვა და ვერც კომერციული თვალსაზრისით გამოყენება ვერ შევძელი. მუდმივად დაკეტილი იყო.

მერე, მოგვიანებით ერთი ქართველი ბიზნესმენი შემხვდა და ყიდვის სურვილი გამოთქვა. რომ დავინტერესდი, თუ რისთვის გამოიყენებდა, მან მითხრა მართლმადიდებლი ღვთისმსახურება უნდა აღვადგინოთო. გავოცდი... დაიწყო მოლაპარაკებები და ასე აღმოჩნდა ეს ისტორიული შენობა ქართველების ხელში. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი ქართველ მართლმადიდებლებს გელოდებოდათ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ..." (ავტ. აღნიშნული ტაძარი ქართულმა მხარემ, ლონდონში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის თამაზ სომხიშვილის თანადგომითა და დაფინანსებით შეიძინა).

დღეს მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა და დიდი ბრიტაბეთისა და ირლანდიის ეპარქიაში შედის.

რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტაძარი ქართველ ემიგრანტთა თავშესაფარი იყო. პერიოდულად ტარდებოდა წირვა-ლოცვა. საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში გადმოცემის შემდეგ კი 2011 წლის თებერვალს მაცხოვრის შობის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ლონდონში ოფიციალურად დაფუძნდა. ტაძარი სრულიად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ილია მეორემ აკურთხა და საზეიმო წირვა-ლოცვა გამართა.